ქართველი ავარელები

რა უხარიათ და აწუხებთ ქართველ ავარელებს

აიდა მირმაქსუმოვა

რატომ ტოვებს საქართველოს სულ უფრო მეტი ავარელი ოჯახი?

სოფელი თივი

ზაფხულში, როდესაც ბავშვებს არდადეგები აქვთ, მახაჩყალაში საცხოვრელად გადასულები, თივში ბრუნდებიან. ცარიელ სახლს ვერ იპოვით, – ამბობენ სოფლის მცხოვრებლები. მაგრამ, პირველი სექტემბრისთვის სოფელი ისევ ცარიელდება. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

ავარელი მალიკა და მახაჩ მაჰმუდოვების ოჯახი ყვარლის რაიონის სოფელ თივიდან მახაჩყალაში ორწელიწად-ნახევრის წინ გადავიდა საცხოვლებლად. ოცდახუთი წლის მალიკას თქმით, რთული იყო პატარა ბავშვით საცხოვრებლად ახალ ადგილას გადასავლა, მაგრამ სამსახურის პოვნა დაღესტანში უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოში.

სოფელი თივი

საქართველოში ავარელებით დასახლებული სოფლები მოსახლეობისგან სწრაფი ტემპით იცლება. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

„სამსახური რომ იყოს, აქედან არავინ წავიდოდა. აქ ხალხს არ აქვს სტაბილური სამსახური და ხელფასი. აქ მხოლოდ ბოსტანი და საქონელია. მარტო ამათ უყურებ და მორჩა. ახალგაზრდებს აღარ უნდათ მოხუცების გარემოცვაში დარჩენა,“ – ამბობს მალიკა.

საერთო ჯამში, უკანასკნელი თორმეტი წლის განმავლობაში ემიგრაციული პროცესი საქართველოში თითქმის 80%-ით არის შემცირებული. ამაზე მეტყველებს 2014 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 2002 წლის ჩათვლით ქვეყანა 405 433 ადამიანმა დატოვა, ხოლო 2002-2014 წლებში ქვეყნიდან მხოლოდ 88 500 ადამიანია წასული. 2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად, სოფლები ყოველი მეშვიდე ადამიანით არის დაცარიელებული.

სოფელი თივი

სოფელ თივის მცხოვრებლები მახაჩყალიდან სტუმრად ჩამოსულ ნათესავთან ერთად (მარჯვნივ). აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

მიუხედავად ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიგრაცია ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ აქტუალურ პრობლემად. ციფრები ოფიციალური მონაცემებია, რეალური სურათი კი ხშირად, სრულიად განსხვავებულია.

სოფელი თივი

ამ სოფლის მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად განსხვავდება ოფიციალური სტატისტიკა რეალური მდგომარეობისგან. სამუშაოს საძებნელად წასული ახალგაზრდები სოფელში ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ, აქ მხოლოდ რეგისტირებულები არიან. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყვარლის რაიონის სოფელ თივში, რომელიც ავარელებით არის დასახლებული, მოსახლეობა 85 ადამიანით არის გაზრდილი.

სოფელ თივიდან წასულების უმეტესობა ახალ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით გრანდიოზულ გეგმებს არ აგებს. ისინი არც მაღალ თანამდებობზე ოცნებობენ და არც მინისტრების სავარძლებზე, უბრალოდ უნდათ, რომ ჰქონდეთ სამსახური, ნებისმიერი.

„მე გამყიდველად ვმუშაობ ბაზარში, მამაკაცის ტანსაცმელს ვყიდი“, – გვიყვება მალიკა. „ჩემი ქმარი – მშენებლობაზე, სამუშაო სეზონურად აქვს, მაგრამ სოფელში ესეც არ გვქონდა, ამიტომაც წავედით და არც ვნანობთ. თანაც, ყველა ჩვენი ნათესავი და ახლობელი დაღესტანში ცხოვრობს. თუ დახმარება გვჭირდება, ყველა გვერდში გვიდგას. ამ მიზეზით არ წავედით თბილისში, იქ არავინ გვყავს.”

 

სოფელი თივი

თივში არ არის გაზი. სოფლის მოსახლეობა საჭმლის მოსამზადებლად გაზის ბალონებს იყენებს. ერთი ხუთლიტრიანი ბალონი ცხრიდან თხუთმეტ ლარამდე ღირს (იმის მიხედვით, სად იყიდება). ვიღაცას ერთი ბალონი მთელი თვე ჰყოფნის, ვიღაცას ერთი კვირა. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

ყვარლის რაიონს საერთო საზღვარი აქვს რუსეთთან, უფრო ზუსტად კი, დაღესტნის რესპუბლიკის სამ რაიონთან: წუნტის, თლიარატინის და ბეჟტის. ყვარელში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ ლეკები (დაღესტნელების ქართული სახელწოდება), სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, უდინები და ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფები (კახელები, აჭარლები, რაჭველები).

სოფელი თივი

„ამასწინათ სოფლის მოსახლეობამ დაიწყო ხელმოწერეების შეგროვება გზის გახსნის მხარდასაჭერად. თუ აქედან გაიხსნება გასასვლელი, ეს კახეთში ბევრისთვის იქნება ეკონომიკურად მომგებიანი, უფრო ბევრი პროდუქტი გაიყიდება დაღესტანში“ -დარწმუნებულია ალი ალიევი. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

თანამედროვე თივის მოსახლეობა წარმოადგენს ორი დასახლების შთამომავლობას: თივის და ოდესღაც არსებული თებელჯოხის. სოფელი თებელჯოხი სოფელ თივამდე მდებარეობდა, ზინობიანსა და ახალსოფელს შორის, სოფლების დამაკავშირებელ გზასთან ახლოს. 1944 წელს ჩრდილოეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიაში ვაინახების დეპორტაციის დროს, თივის და თებელჯოხის მოსახლეობა ჩეჩნეთში გადაასახლეს, სადაც მათ თითქმის ცამეტი წელი იცხოვრეს.

სოფელი თივი

ბოლო აღწერამ აჩვენა, რომ თივში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 1090 ადამიანი, მაგრამ ფაქტობრივად იქ 300-500 ადამიანი ცხოვრობს. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

საქართველოში ავარელების მასობრივი დაბრუნება დაიწყო 1957 წელს, როდესაც დეპორტირებულ ვაინახებს ჩეჩნეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს.

ყვარლის რაიონიდან ავარელების მასობრივი გადინება, ქვეყნის სხვა რეგიონების მოსახლეობის მსგავსად, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დაიწყო. დღეს, დაღესტანში საცხოვრებლად გადასული თითქმის ყველა თიველი ორმაგი მოქალაქეობის მფლობელია: საქართველოს და რუსეთის.

სოფელი თივი

სოფელში გასაყიდად ამზადებენ ყველს, ასევე ყიდიან თაფლსაც და ღვინოსაც. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

ბოლო აღწერამ აჩვენა, რომ თივში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 1090 ადამიანი. მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თემურ სამყურაშვილის თქმით, სოფელში ფაქტობრივად 300-500 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელი თივი

ცხელი წყალი სოფელში ყველას არ აქვს. ბევრი წყალს ჭურჭლით აცხელებს. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

თივში ერთი სკოლა, ერთი სამედიცინო პუნქტი და ერთი სასურსათო მაღაზიაა. კვირაში ორჯერ ახალსოფლიდან ექთანი ჩამოდის. უახლოესი საავადმყოფო ყვარელშია. ბოსტანი, ბაღი და საქონელი არის სოფლის მოსახლეობის ძირითადი მარჩენელი. ზოგიერთები გასაყიდად ამზადებენ ღვინოს და თაფლს.

სოფელი თივი

ოფიციალური მონაცემების თანახმად, სოფელ თივში პენსიას ორასი ადამიანი იღებს, ხოლო არასრულწლოვანი ას ოთხმოცდაათია. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

„ბევრი ყიდის დაღესტანში თავის მოსავალს, ღვინოს, თაფლს,“ – გვიყვება თივის მკვიდრი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ალი ალიევი. „კვირაში ერთხელ აქ მახაჩყალიდან ხუთი-ექვსი მანქანა ჩამოდის. ისევ ჩვენები, თიველები, რომლებიც აქედან არიან მახაჩყალაში წასულები. მიაქვთ აქედან თაფლი, ხილი, ყველა სახეობის ღვინო, ყავა, ჯონჯოლი, ჩურჩხელა, ადგილობრივი ჩირი, მურაბები. ეს ორი-სამი კილოგრამი კი არაა, 300-400 კილოა. ყველაფერი მახაჩყალის ბაზარში იყიდება ან ქართულ რესტორნებში მიდის, იქ ასეთი სამია. წელს, თითქმის 700 ლიტრი ღვინო მქონდა, ყველა წაიღეს, სახლშიც კი აღარ დამრჩა.“

ოჯახები, რომლებიც დაღესტანში პროდუქციას ყიდიან თივში არც ისე ბევრია. საგაზაფხულო სამუშაოების პერიოდში სოფლის მცხოვრებლები, ვისაც ფიზიკური ძალა აქვს, მეზობელ სოფლებში მიდიან სამუშაოდ.

სოფელი თივი

არჩევნებში თივიდან 240 ადამიანი მონაწილეობს, ძირითადად მოხუცები. დანარჩენები რუსეთში არიან წასულები. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

„ადგილობრივ ქართველებს აქ დიდი ვენახები აქვთ, დიდი ყანები. ვერ ასწრებენ დამუშავებას, დამხმარე ძალა ესაჭიროებათ ყურძენი რომ მოკრიფონ, მიწა დახნან, საზამთრო დათესონ. მიდის ჩვენი ხალხი მათთან სამუშაოდ დილის შვიდი საათიდან საღამომდე. საღამოს იღებენ გასამრჯელოს, 30 ლარს. აბა რა ქნან? სხვა სამუშაო არ არის. ესეც სეზონურად, მუდმივი სამუშაო არ არის,“ – ამბობს თივის მკვიდრი ამინათ ალიევა.

გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ მაჰამდოვების ოჯახი. ცოლ-ქმარი ხუთი შვილით დაღესტნიდან თივში გადმოსახლდა. ოჯახის დიასახლისი ინდირა და უფროსი ქალიშვილი კამილა ჰიჯაბს ატარებენ, რაც ამ სოფლისთვის უჩვეულოა. ოჯახის უფროსი მუჰამედი ამბობს, რომ თივში თავს გაცილებით უფრო უკეთესად და მშვიდად გრძნობენ, ვიდრე მახაჩყალაში.

სოფელი თივი

ფოტოზე – ამინათ ალიევა, სოფელში ერთადერთი მაღაზიის მფლობელი. მისი ორივე ქალიშვილი მახაჩყალაში ცხოვრობს. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

„მახაჩყალაში ინდირა სამსახურში არ აჰყავდათ ჰიჯაბის გამო, აქ ასეთ ტანისამოსს ჩვეულებრივად აღიქვამენ. როდესაც ჩამოვედით, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაგვიბარა და გვითხრა: „აქ ყველა ადამიანი თანასწორია და ეს არ არის უბრალო სიტყვები, ამისთვის კანონი მოქმედებს.“ მართლაც, აქ შეიძლება სასჯელი მიიღო, თუ ვინმე რომელიმე რელიგიას ავიწროვებს,“ – ამბობს მუჰამედი.

„დაღესტანში ჩემს გოგოს პრობლემები ჰქონდა, სკოლაში არ აძლევდნენ ჰიჯაბის ტარების უფლებას,“ – ერთვება საუბარში ინდირა. „მახაჩყალის გიმნაზიის დირექტორმა მირჩია ბავშვი მუსლიმანურ სასწავლებელში მიმეყვანა, მაგრამ ის ფასიანია და იქ საერო განათლებას არ აძლევენ. აქ, დირექტორი მშვიდად შეხვდა ჰიჯაბის ტარებას.“

სოფელი თივი

დროთა განმავლობაში დაცარიელებული სახლები ინგრევა. თივში ასეთი დანგრეული სახლი რამდენიმეა. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

მაჰმადოვებმა ძროხა იყიდეს, ბოსტანშიც მუშაობენ. ინდირა საოჯახო საქმეებს უძღვება, ბავშვებს უვლის. მუჰამედი ავტობაზრობაზე ცდილობს მუშაობის აწყობას. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს სტაბილური შემოსავალი არ აქვს, ისინი თივიდან წასვლას არ აპირებენ.

სოფელი თივი

სოფელში ბევრი არ ბრუნდება. დაღესტანში თივიდან წასული ავარელები, ძირითადად, ვაჭრობით არიან დაკავებული და კარგადაც ცხოვრობენ, – ამბობს მარკო შახბანოვი, დაღესტნელი ისტორიკოსი, რომელიც საქართველოში მცხოვრები ავარელების ყოფა-ცხოვრებას იკვლევს. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

„სოფელში ბევრმა სახლების გარემონტება დაიწყო. ხალხს იმედი აქვს, რომ გზა გაიხსნება (დაღესტნისა და საქართველოს დამაკავშირებელი, ე.წ. ავარეთი-კახეთის გზა – ა.მ.) – ამბობს ალი ალიევი.

მაგრამ, დაღესტნელი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის მარკო შახბანოვის აზრით, უახლოეს პერიოდში ავარეთი-კახეთის გზის გახსნა არ მოხდება.

სოფელი თივი

თიველი ქალი ემზადება საღამოს ნამაზისთვის – ლოცვისთვის, ასრულებს განბანვის რიტუალს. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

„რეალურად უნდა შევხედოთ სურათს. რა თქმა უნდა, ხალხს იმედი აქვს, აგროვებენ პროექტის მხარდამჭერ ხელმოწერებს, მაგრამ მანამ, სანამ არ მოგვარდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხი, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის არ აღდგება. ასე, რომ გზის გახსნაზე საუბარი არ გასცდება საუბრის დონეს. უახლოეს მომავალში ეს რთულად წარმომიდგენია,“ – განაცხადა მარკო შახბანოვმა.

სოფელი თივი

მასობრივი მიგრაციის შესაჩერებლად საქართველოში 1 იანვრიდან მოქმედებს ახალი კანონი. მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობა სახელმწიფოსგან გარკვეულ დახმარებას იღებს. მაგრამ ბარის მოსახლეობაზე ეს კანონი არ ვრცელდება. აიდა მირმაქსუმოვას ფოტო.

ემიგრირებულ ავარელებზე საუბრისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაღესტანში საცხოვრებლად გადასულების უმეტესობა კმაყოფილია, „მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა.“


აიდა მირმაქსუმოვა IWPR-ის მიერ გადამზადებული თავისუფალი ჟურნალისტია დაღესტნიდან. ის რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს IWPR-ის რუსულენოვანი ონლაინ გამოცემისთვის ქალები ერთიანდებიან მშვიდობისთვის – ცვლილებათა ერთი ხმა.