მთავარი / დროში გაყინული ქალაქი

დროში გაყინული ქალაქი

დროში გაყინული ქალაქი

ლუკა პერტაია

საქართველოს სამთო მრეწველობისთვის 2016 წელი მძიმედ დაიწყო.

ჭიათურაში, რომელიც მანგანუმის ყველაზე დიდი მომპოვებელი ქალაქია, მოპოვებითი სამუშაოები დროებით შეჩერდა და ათასობით მაღაროელი უმუშევარი დარჩა.

ჭიათურა, ავტოპარკი

ჭიათურის ერთ-ერთი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ავტოპარკი, მდინარე ყვირილას სანაპიროს გასწვრივ.

მანგანუმს ჭიათურაში XIX საუკუნის ბოლოდან მოიპოვებენ. ქალაქის წარმოშობა და მისი განვითარება, სწორედ მდინარე ყვირილას ხეობაში არსებული მანგანუმის  საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ განაპირობა.

ჭიათურა, მდინარე ყვირილა

მდინარე ყვირილა ერთ-ერთი ცენტრალური საბაგირო კაბინიდან.

რადგან ქალაქი მონოდარგობრივია და მის ეკონომიკაში მთავარ როლს დღესაც მანგანუმის საბადო ასრულებს, ჭიათურელებისათვის საწარმოს ამუშავებას სასიცოცხლო მნიშნველობა აქვს. მასზეა დამოკიდებული ოთხი ათასამდე დასაქმებულის, მათი ოჯახებისა და ადგილობრივი მცირე მეწარმეების ფინანსური მდგომარეობა.

ჭიათურის სასოფლო-სამეურნეო ბაზარი

მადნის მოპოვების დროებით შეჩერება და მუშებისთვის ხელფასების შემცირება, გარემოვაჭრეების შემოსავლებზე უარყოფითად აისახა. მანანა ბედიაშვილი შემცირებული გაყიდვების გამო წუხს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ (GM) მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების დროებითი შეჩერების მიზეზად, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ დაბალ ფასებსა და მანგანუმის მადნის პროდუქციაზე, ზოგადად შემცირებულ მოთხოვნას ასახელებს.

მანგანუმის ფასის ჩარტი

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი მანგანუმზე 2011-2012 წლებში დაფიქსირდა. 2012 წლის მე-2 ნახევრიდან ფასი, თითქმის 50%-ით შემციდრდა.  ფასი, ერთ კილოგრამზე 3.5 აშშ დოლარიდან 1,65 აშშ დოლარამდე დაეცა. (წყარო: London Metal Exchange)

კომპანია GM-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, მათი დამკვეთები, ძირითადად ფოლადის მწარმოებლები არიან. ფოლადის პროდუქციაზე მნიშნველოვნად დაცემული ფასი კი მანგანუმზე მოთხოვნასაც ამცირებს.

ჭიათურის ავტოსადგური

მოსაცდელი ჭიათურის ავტოსადგურზე. ჭიათურელი მუშების ნაწილი ცვლილებების მოლოდინშია. მათ ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ დატოვონ ქალაქი და ახალი სამუშაო ეძებონ თუ განაგრძონ ლონდონი.

ჭიათურაში, მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების დროებით შეჩერებამ მაღაროელთა უკმაკოფილება და ქალაქის პარალიზება გამოიწვია.

ჭიათურის სამგზავრო საბაგირო

მოძველებული საბაგირო სისტემა ჭიათურის მოსახლეობას დღესაც ემსახურება, მიუხედავად იმისა რომ ის სამოცი წლის წინ აშენდა.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებული სამი ათასზე მეტი ადამიანი დროებით უმუშევარია. მაისის ბოლომდე მაღაროელები კომპენსაციის სახით ხელფასის 60%-ს მიიღებენ.

ჭიათურა, საბაგიროს ოპერატორი

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად, ოპერატორების მუშაობის განრიგიც განახევრდა – საბაგირო გზა 24 საათის ნაცვლად, დილის რვის ნახევრიდან ღამის 12-ის ნახევრამდე მუშაობს. შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში ოპერატორებიც ელიან ხელფასების შემცირებას – საბაგიროების დიდი ნაწილიც „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაა.

ეკოლოგიურად და სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალაქისათვის ეს პერიოდი რთულად გადასატანია. ადგილობრივებს საკუთარ და ჭიათურის მომავალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

ჭიათურის ახალგაზრდა მაცხოვრებელი

მეათეკლასელი მარიამი სკოლის შემდეგ რეპეტიტორთან მიდის. იგი უნივერსიტეტში სწავლას აპირებს, სავარაუდოდ დედაქალაქში. ამბობს, რომ შეიძლება სწავლის დასრულების შემდეგ ჭიათურაში არც დაბრუნდეს.

მანგანუმის მოპოვება და ფეროშენადნობთა ექსპორტი მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვისაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფეროშენადნობთა ექსპორტმა 2015 წელს, ექსპორტის საერთო მაჩვენებლის 8.8% შეადგინა (დაახლოებით 195 მლნ აშშ დოლარი).

სამგზავრო საბაგიროს სიგნალისტი ჭიათურაში

საბაგიროს ,,სიგნალისტები’’ ამუშავებენ. ზოგიერთ საბაგირო კაბინას გამცილებელიც ჰყავს. ,,სიგნალისტები’’ და გამცილებლები ძირითადად ქალები არიან.

ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ დარგი კრიზისშია და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უკუსვლას გააგრძელებს. უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომ ქალაქი ისევ გამოცოცხლდეს.

სტრიტარტი ჭიათურაში

სტრიტარტი ჭიათურაში. მოზარდი მგზავრი ერთ-ერთ სადგურზე საბაგირო საკიდს ელოდება.


Luka Pertayaლუკა პერტაია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  იგი IWPR-ის ტრენინგების აქტიური მონაწილეა. წერს უმცირესობებისა და რადიკალიზაციის პრობლემებზე.