საპროტესტო აქციებითა და დაბალი საზოგადოებრივი ინტერესით გამორჩეული ისტორიული ვიზიტი.

პაპის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების თქმით, ფრანცისკეს ვიზიტი საქართველოში კათოლიციზმის გავრცელებას ისახავს მიზნად და მისი სვეტიცხოველში (წმინდა ტაძარში) შესვლა ცოდვაა (ფოტო: თამარ სვანიძე).
რომის პაპის სტუმრობამ თბილისში მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების პროტესტის ფონზე ჩაიარა.
ფრანცისკე პირველი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 1,2 მილიარდზე მეტი კათოლიკეს სულიერო წინამძღვარია, საქართველოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით ჩამოვიდა.
საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებლობის მიმდევარია, კათოლიკე მრევლი დაახლოებით ოცი ათასამდე ადამიანს ითვლის, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 0,8 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის კავშირი მე-11 საუკუნის შემდეგ არის გაწყვეტილი.
2013 წელს რომის პაპად არჩევის შემდეგ, ფრანცისკე პირველი თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად მართლმადიდებლურ ეკლესიასთან განხეთქილების დაძლევას და კავშირების აღდგენას მიიჩნევს.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე რომის პაპმა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრების გზავნილით ჩამოვიდა.
თუმცა, ჯერ კიდევ პაპის ჩამოსვლამდე, 30 სექტემბერს, სასულიერო პირების მცირე ჯგუფმა რამდენიმე ათეულ მრევლთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა ვატიკანის საკონსულოს წინ და ფრანცისკეს ვიზიტის გაუქმება მოითხოვა. მათი თქმით, პაპი ფრანცისკე წარმოადგენს მართმადიდებლობისთვის საფრთეს და მისი ვიზიტი მიზნად ისახავს კათოლიციზმის გავრცელებას რეგიონში.
იგივე ჯგუფი უკვე საქართველოში ჩამოსულ პაპს პლაკატებით და ლოზუნგებით დახვდა აეროპორტის გზაზე და თბილისის მიხეილ მესხის სტადიონის შესასვლელთან, წმინდა წირვის დროს.
ოცდაშვიდი ათას მაყურებელზე გათვალისწინებულ სტადიონზე ფრანცისკე პირველის მესას დაახლოებით სამი ათასი ადამიანი ესწრებოდა, რაც საკმაოდ უჩვეულოა პაპისთვის, რომელსაც არასოდეს უჭირს მრავალათასიანი აუდიტორიის შეკრება. დამსწრეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგაციები, ადგილობრივი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ფრანცისკე პირველის ვიზიტის მოწანააღმდეგეები მცხეთაშიც შეიკრიბნენ, როდესაც ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს ხვდებოდა.
პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრისას პონტიფიკოსმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა განსხვავებულობის მიღების და უმცირესობების პატივისცემის მნიშვნელობა.
„ნებისმიერი განსხვავებულობა – ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური – უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა დაპირისპირებასა და გაუთავებელ ტრაგედიაში გადაზრდის საბაბად, არამედ, რაც სავსებით შესაძლებელია, ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ,“ აღნიშნა მან.
საპროტესტო აქციების მიუხედავად ფრანცისკე პირველმა საქართველოში თავისი ვიზიტი დადებითად შეაფასა.
„საქართველოში ორი სიურპირზი დამხვდა,“ -განაცხადა ფრანცისკე პირველმა ვიზიტის შემდეგ. „ ერთი არის თავად საქართველო. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს. ეს არის მორწმუნე ერი და უძველესი ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყანა, რომელსაც უამრავი წამებული ჰყავს…
ჩემი მეორე აღმოჩენა იყო საქართველოს პატრიარქი. ადამიანი უდიდესი და ღრმა რწმენით. ის არის ღვთის კაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთის კაცი.“
რომის პაპმა საქართველო ორ ოქტომბერს დილით დატოვა და ერთდღიანი ვიზიტით მეზობელ აზერბაიჯანში გაემგზავრა.

კათოლიკე მამები ელოდებიან ფრანცისკე პირველის პაპომობილის გამოჩენას (ფოტო: თამარ სვანიძე).

სასულიერო პირები მიემართებიან მრევლთან წმინდა ზიარების წესის შესასრულებლად (ფოტო: თამარ სვანიძე).

მონაზვნები საქართველოს დროშებით ხელში ელოდებიან პაპი ფრანცისკეს მოსვლას მიხეილ მესხის სტადიონზე და წმინდა მესის დაწყებას (ფოტო: თამარ სვანიძე).

დაახლოებით სამასამდე კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი სომხეთიდან ესწრებოდა რომის პაპის წმინდა წირვას სტადიონზე (ფოტო: თამარ სვანიძე).

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი ესაუბრება იეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარეს (ფოტო: თამარ სვანიძე).

ადამიანები ზეიმობენ წმინდა წირვის აღვლინებას რომის პაპის მიერ (ფოტო: თამარ სვანიძე).

პირველ ოქტომბერს , მართმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა სასულიერო პირებთან ერთად რომის პაპს საპროტესტო აქცია მოუწყვეს, როდესაც ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხვდებოდა (ფოტო: თამარ სვანიძე).

აქციის მონაწილეებმა პაპი ფრანცისკეს ვიზიტის გაპროტესტება ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. იმავე ჯგუფის ორგანიზებით მსგავსი აქციები მოეწყო აეროპორტის გზაზე და შემდეგ სტადიონის წინ წირვის დროს (ფოტო: თამარ სვანიძე).

მართმადიდებლური ეკლესიის წარმოამდგენლების თქმით, ფრანცისკეს ვიზიტი „პაპიზმის“ გავრცელებას ისახავს მიზნად (ფოტო: თამარ სვანიძე).

საპროტესტო აქციის მონაწილე მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიით და ყველას, ვინც აქციას არ შეუერთდა ცოდვილად მოიხსენიებდა (ფოტო: თამარ სვანიძე).

„ვატიკანი არის სულიერი აგრესორი“ – რამდენიმე ათეული მართმადიდებელი ქრისტიანი სვეტიცხოვლის წინ პაპის ვიზიტს აპროტესტებს (ფოტო: თამარ სვანიძე).

აზერბაიჯანში გამგზავრებამდე რომის პაპი ფრანცისკე დაესწრო საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში (ფოტო: თამარ სვანიძე).

რომის პაპი ფრანცისკე მესაზე მისულ საზოგადოებას თავისი პაპომობილიდან ესალმება (ფოტო: თამარ სვანიძე).