ჩიხში შესული ვითარება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შიშს აჩენს.
17 ივლისს სომხეთის დედაქალაქში ათამდე შეიარაღებული პირი შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
ჯგუფმა, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციურ მოძრაობა „დამფუძნებელ პარლამენტთან,“ კვირა დილით რვა პოლიციელი აიყვანა მძევლად.
19 ივლისს, მოლაპარაკებების შედეგად მოხდა ოთხი ადამიანის გათავისუფლება. დარჩენილ მძევლებს შორის არიან სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან იეგიაზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი.
ერევნის ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში შეჭრის დროს დაიღუპა პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, ორივე მხარეს არიან დაჭრილები.
შეიარაღებული პირები, რომელთა უმეტესობა 1990-იანი წლების ყარაბაღის ომის ვეტერანები არიან, ითხოვენ თავიანთი ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას. ის გასულ თვეს დააპატიმრეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.
2008 წელს დაფუძნებული მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტი“ არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა საპროტესტო აქციების ინიციატორი, მათ შორის რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით გამართული მიტინგებისაც. მაგრამ, მის წევრებს არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა არჩევნებში და არასოდეს ყოფილან პოლიტიკური სისტემის ნაწილი.
პოლიციის შენობაში შეჭრილი პირები საზოგადოებას მთავრობის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გადადგომას.
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და იღებენ ყველა საჭირო ზომას ვითარების მოსაგვარებლად. პოლიციას ბლოკირებული აქვს დაკავებულ ტერიტორიასთან მისასვლელი გზები და ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები და სპეცტექნიკა.
მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები არაერთი დაპატიმრების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
17 ივლისს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ბლოკირებულ ტერიტორიასთან ახლომახლო ან ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის გასაგებად.
იმავე დღეს, სომხეთის ომბუდსმენის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია პოლიციის მიერ ორმოცდაათი ადამიანის დაკავების შესახებ. დაჭერები გაგრძელდა მეორე დღესაც.
ინფორმირებულ მოქალაქეთა ასოციაციის წარმომადგენელი დანიელ იონესიანი აცხადებს, რომ 17-18 ივლისს ას ორმოცდაათ ადამიანზე მეტი დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში წაყვანის ნაცვლად, ისინი გადაიყვანეს პოლიციის სპეციალური დანიშნულების ძალების, ე.წ. სამხედრო დანაყოფში.
იონესიანის თქმით, დაკავებულებმა გათავისუფლების შემდეგ მას განუცხადეს, რომ პატიმრობაში ყოფნის დროს მათ სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ომბუდსმენის ოფისში შევიდა ორმოცამდე ზარი, რომელიც უკავშირდებოდა პოლიციის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებებს ან მშვიდობიანი თავყრილობების დაშლას.
გასული სამი დღის განმავლობაში, ომბუდსმენის ოფისმა დააფიქსირა და აღრიცხა დაკავებების დაახლოებით ასი შემთხვევა, როგორც ერევანში, ასევე რეგიონებში – შირაქის, ლორის და არმავირის რაიონებში.
ომბუდსმენის ოფისმა ოფიციალურად მიმართა პოლიციას გამოძიების დაწყების თხოვნით, რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩართვაც მოითხოვა.
მძევლების დაკავებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი გამოდგა საზოგადოების დამოკიდებულება. ერთი ნაწილისთვის მიუღებლი აღმოჩნდა როგორც ამბოხებულთა მოთხოვნები, ასევე მეთოდებიც, თუმცა ნაწილი, მათ მიმართ თანაგრძნობით განეწყო.
19 ივლისის ღამეს ათეულობით ადამიანი შეიკრიბა პოლიციის განყოფილებასთან, როგორც თავად განმარტეს იმისთვის, რომ პოლიციას არ მოეხდინა შენობის შტურმი და გაეგრძელებინა მოლაპარაკებები.
აქამდე, არცერთ დეპუტატს მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან, არც პრემიერ-მინისტრს და არც პრეზიდენტს სიტუაცისთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადებები პრობლების მშვიდობიანი გზით მოგვარების მოწოდებებით.
სეფილიანი სომხეთში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, რაც 90-იანი წლების დასაწყისში ყარაბაღის კონფლიქტში გაწეული სამსახურის დამსახურებაა. ომის დროს ის ხელმძღვანელობდა მებრძოლთა სპეციალურ დანაყოფს, რომელმაც აზერბაიჯანელი მებრძოლებისგან გაათავისუფლა ქალაქი შუშა.
პოლიციის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული ჯგუფის ლიდერები ვარუჯან ავეტისიანი და პაველ მანუკიანი სეფილიანის თანამებრძოლები და ყარაბაღის ომის ვეტერანები არიან.
წარმოშობით ლიბანელი, 49 წლის ჟირაი სეფილიანი სამხედრო უნარებს ლიბიის სამოქალაქო ომის დროს ეზიარა. 1990 წელს ის სომხეთში ჩამოვიდა.
სეფილიანი და „დამფუძნებელი პარლამენტის“ კიდევ ექვსი წევრი 20 ივნისს დააპატიმრეს. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით ის 2007 და 2015 წლებშიც იმყოფებოდა პატიმრობაში.
„არ ვაპირებ არც დადანაშაულებას და არც გამართლებას, ძალიან შეწუხებული ვარ შექმნილი სიტუაციის გამო,“ – განაცხადა სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ ავეტიკ იშხანიანმა. „თუმცა, როცა ხალხი საუბრობს პრობლემის მოგვარების სამართლებრივ გზებზე, მინდა შევახსენო მათ შარშან ზაფხულს განვითარებული მოვლენები, როდესაც „დამუხტული ერევნის“ [ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ გამართული] აქციების დროს პოლიციამ დაარბია და უკანონოდ დააპატიმრა ორასზე მეტი ადამიანი. მაშინ, ჩვენ, უფლებადამცველები, სამართლებრივი მეთოდებით ვეცადეთ მათ დაცვას, მაგრამ უშედეგოდ.“
მისივე სიტყვებით, პასუხისგებაში არ მიუციათ და არ დაუსჯიათ არცერთი პოლიციელი.
„და ეს დაუსჯელობა, როგორც ვხედავთ, ისევ გრძელდება. გუშინ [17 ივლისს] პოლიციამ ისევ დაიწყო ხალხზე ნადირობა. სწორედ, რომ ასე დავარქმევდი ამას,“ – დასძინა მან.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი აღასი იენოკიანიც.
„საუბედუროდ, ჩვენი ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს კრიტიკულ სიტუაციებს და პრობლემის მოგვარებას თავისი ძალაუფლების განმტკიცების სასარგებლოდ ცდილობს, რაც ჩემი აზრით არის არასწორი და შექმნილი ვითარების მიზეზი,“ – განაცხადა მან.
ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელის არტურ საკუნცის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია ძალადობის არდაშვება.
„თუ პოლიცია გაიყვანს კორდონს და გახსნის გზებს, შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ჩვენ შევძლებთ ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებას და არც არავიან გვესვრის იარაღს“, – განაცხადა მან.