აგროჟურნალისტიკა რეგიონული მედიის მთავარი მიმართულება ხდება. რეგიონული მედიის ასოციაციამ აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა.
„კარტლის აგროსისტემების“ გორის ფერმერთა ცენტრში „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ“ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აგროჟურნალისტიკის გზამკვლევი წარუდგინა. სახელმძღვანელო რეგიონული მედიის ასოციაციის წევრებისათვის მომზადდა და მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს დარგის უკეთ გაშუქებისთვის.
„სახელმძღვანელო პირველი მცდელობაა იმისთვის რომ ეფექტური დახმარება გაუწიოს მედიის წარმომადგენლებს, თავი მოუყაროს ჟურნალისტებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სახელმძღვანელოს ავტორები არიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად,“ – აღნიშნავს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მამულაშვილი.
სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ თემებს: აგროჟურნალისტიკა, აგრონიმიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის, აგროკალენდარი, ვეტერინარია, სურსათის უვნებლობა და DCFTA, მედია ტექნოლოგია აგრობიო მრავალფეროვნების საჩვენებლად, მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება, მეცხოველეობის გაშუქება და სხვა. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ასოციაციის ვერდზე www.grma.ge.
პროექტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტებში სოფლის მეურნეობის გაშუქების სასწავლო კურსის დანერგვა მიმდინარეობს. ექვსი სასწავლებლის კურიკულუმში აგროჟურნალისტიკის, როგორც საგანის ინტეგრირება უკვე მოხდა, ხოლო პრაქტიკოსი ჟურნალისტებისათვის შემუშავდა სპეციალური გზამკვლევი.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორაგნიზაცია ხელს უწყობს ადგილობრივი პარტნიორების ინიციატივებს ისეთი საკითხების გარშემო, რომლებიც სოფლის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. ამიტომ დავუჭირეთ მხარი აგროჟურნალსტიკის გზამკვლევის გამოცემას. იმედია რეგიონული მედიის ჟურნალისტებისათვის ეს გზამკვლევი კარგი დამხმარე აღმოჩნდება. ვფიქრობთ, რომ ის ხელს შეუწყობს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში აგრო მიმართულებით უკეთესი მედია პროდუქტის შექმნას,“ – ამბობს ნონა სამხარაძე, MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენელი.
აგროსფერო განვითარებაში რეგიონული მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარტნიორმა კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ გენერალურმა დირექტორმა რობერტ რევიამ. სწორედ ეს ორგანიზაცია გაუწევს მხარდაჭერას „რეგიონული მედიის ასოციაციის“ ჟურნალისტებს აგრო ექსპერტების მოძიებაში და მიაწვდის ინფორმაციას მათ სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეული ინოვაციების შესახებ.
„ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სოფლის მეურნეობის წარმოებაზე. ჩვენ აგრო წარმოებას ახალი ცოდნა და ტექნოლოგიების დანერგვა სჭირდება. აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოც ამ მხრივ არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც ვითანამშრომლებთ „რეგიონული მედიის ასოციაციასთან,“- განაცხადა რევიამ.
აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო არის ერთიანი პროექტის ნაწილი, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის GRMA, საქართველოს მაუწყებელთა ასოციაციისა GARB და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან JRC პარტნიორობით.