მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად ბევრი თვლის, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი არ არის საუკეთესო.
გულნურ ქაზიმოვა
აზერბაიჯანის მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდა ბოლოდროინდელი გახმაურებული სამედიცინო შეცდომების გამო, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად არის გაზრდილი, მოქალაქეთა უმეტესობა ჯანდაცის სისტემას არ ენდობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი მამაკაცების შემთხვევაში 1990 წელს არსებული სამოცი წლიდან, 2015 წელს სამოცდაცხრამდე არის გაზრდილი, ხოლო ქალების შემთხვევაში სამოცდაექვსი წლიდან სამოცდათექვსმეტ წლამდე.
იმავე პერიოდის გათვალისწინებით, შემცირებულია დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, ის ასი ათას მშობიარობაზე სამოცდაოთხიდან ოცდახუთ შემთხვევამდე არის დასული. ხოლო ხუთწლამდე ასაკის ბავშვთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ათას ბავშვზე ოციდან შვიდამდე არის დაკლებული.
თუმცა, სასიკეთო ცვლილებების მიუხედავად, საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება განსხვავებულია. რიგითი მოქალაქეები ექიმებს და სამედიცინო დაწესებულებებს არ ენდობა. სამედიცინო სფეროში არსებულ კორუფციასა და სამედიცინო შეცდომებზე ისინი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე საუბრობენ.
სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი საზოგადოებაში განსაკუთრებულად აქტიური განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც მედიით რამდენიმე ინციდენტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
მხოლოდ ივნისის თვეში, ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში შვიდი პაციენტი გარდაიცვლა, რაც ფართოდ განიხილებოდა, როგორც სამედიცინო პერსონალის გულგრილობის შედეგი, თუმცა ოფიციალური გამოძიების შემდეგ, ექიმის შეცდომა მხოლოდ ორ შემთხვევაში დადასტურდა.
21 ივნისს, სალიანის რაიონში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ნაადრევად დაბადებული სამი ტყუპიდან ორი გარდაიცვალა. ერთი კვირის შემდეგ დაიღუპა მესამე ახალშობილიც. ნათესავების თქმით, ბავშვების გარდაცვალების მიზეზი გახდა ის, რომ ისინი დროულად ვერ მოათავსეს დღენაკლულ ბავშვთა ინკუბატორში. ინკუბატორი არ მუშაობდა, რადგან საავადმყოფოში არ იყო დენი.
„რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? რატომ არ უნდა ჰქონდეს საავადმყოფოს გენერატორი იმ შემთხვევებისთვის, როცა დენი ითიშება,“ – ამბობს ბებია.
25 ივნისს, ზაქათალის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვლა ექვსი თვის სალიმ ლაჩინოვი, რომელსაც ნაწლავთა გაუვალობა აწუხებდა. მშობლების თქმით, ბავშვი გულგრილობის მსხვერპლი გახდა, საავადმყოფოში კი ამტკიცებენ, რომ ავადმყოფის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად.
იმავე დღეს, დიაბეტით დაავადებულ 82 წლის თარლან ალიევას, ბაქოს ანგიოლოგიისა და მიკროქირურგიის ცენტრში, განგრენით დაავადებული მარცხენა ფეხის ამპუტაციის ნაცვლად, შეცდომით მარჯვენა, ჯანმრთელი ფეხი მოკვეთეს. რამდენიმე დღის შემდეგ ჩატარდა მარცხენა ფეხის ამპუტაციის ოპერაცია. ერთ თვეში ალიევა გარდაიცვალა.
26 ივნისს, 35 წლის ლუმუ ვეისოვა, სუმგაიტის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის დროს საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვლა. 81 წლის ქირურგმა, ჯაფარ გულიევმა, რომელსაც ოპერაციის დროს ხელები უკანკალებდა, არტერია გადაჭრა და ავადმყოფი სისხლისგან დაიცალა.
30 ივნისს, სამი წლის არზუ გურბანლი სუმგაიტის კერძო კლინიკაში ადენომის ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა.
აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა სპეციალური კომისია. როგორც სამინისტროს პრესსამსმსახურის უფროსმა აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოსთან (APA) საუბრისას განაცხადა, ჯაფარ გულიევი სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო საავადმყოფოს მთავარ ექიმს საყვედური გამოუცხადეს.
სამინისტროს პრესმდივანმა ლია ბაირამოვამ გულიევის დასაცავად აღნიშნა, რომ ექიმი ხანდაზმული ასაკის მიუხედავად მაინც მუშაობდა.
„ექიმები გადიან სერტიფიცირებას ყოველ ხუთ წელიწადში და ამ დროის განმავლობაში ხდება მათი შრომისუნარიანობის დონის გამოვლენა. თუ ექიმს აქვს სამეცნიერო ხარისხი, საპატიო სახელი და ის შრომისუნარიანია, მასთან ხელშეკრულების გაგრძელება შესაძლებლია ასაკის მიუხედავად. ჯაფარ გულიევს, მისი ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, ჰქონდა გავლილი სერტიფიცირება. თუ როგორ მოხდა ეს, კომისიამ უნდა გამოიძიოს,“ – განაცხადა ბაირამოვამ ჩვენთან საუბრისას.
დაუდევრობით ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იმ ქირურგის წინააღმდეგ, რომელმაც შეცდომით თარლან ალიევას ჯანმრთელი ფეხი მოკვეთა. მას ემუქრება 500 მანათის (300 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა ან ექვსი თვით პატიმრობა.
დანარჩენ შემთხვევებში, კომისიის დასკვნით, სამედიცინო პერსონალის დაუდევრობა არ გამოვლინდა.
საყოველთაო უნდობლობა
ოპოზიციური მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (რეალი) წევრი, ექიმი ხადიჯა ჰაჯილი აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალი ხშირად გაქცევია პასუხისმგებლობას.
„ექიმთა დაუდევრობა ხშირად რჩება დაუსჯელი,“ – აცხადებს ის. „მეორე მიზეზი არის დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის არარსებობა. მოქალაქეები, რომლებიც აწყდებიან სამედიცინო პერსონალის მხრიდან გულგრილობას უბრალოდ ვერ ახერხებენ ამის დამტკიცებას.
„მეორე მხრივ, თითქოსდა უფასო სამედიცინო მომსახურებით პაციენტი ფაქტობრივად დამოკიდებული ხდება სახელმწიფო საავადმყოფოზე. კერძო კლინიკებში მომსახურება ძვირია. სახელმწიფო კლინიკებში კი ექიმებს არაოფიციალურად უხდიან, თუმცა იმაზე ნაკლებს, ვიდრე კერძო კლინიკებში. ხალხს დაზღვევა რომ ჰქონდეს, იქ იმკურნალებს, სადაც უნდა,“ – დასძინა ჰაჯილიმ.
მისივე დასკვნით, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემაში არსებული სავალალო მდგომარეობა მასობრივი კორუფციის ბრალია.
„სამედიცინო უნივერსიტეტში, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტები კარგი ნიშნების მისაღებად ქრთამს იხდიან. სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოში მუშაობის დასაწყებად ქრთამს იხდის და შემდეგ უკვე პაციენტებისგან იღებს ქრთამს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადაიხადოს ქრთამი სამსახურში დასარჩენად. ეს ყველაფერი იწვევს უნდობლობას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ,“ – ამბობს ის.
თუმცა, აზერბაიჯანის ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე გალიბ ალიევი თვლის, რომ აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა არის არაეფექტური მმართველობა.
მისი სიტყვებით, ბიუჯეტის 70 პროცენტი იხარჯება დანადგარებზე, კლინიკებსა და ახალი საავადმყოფოების აშენებაზე, მაშინ როცა სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე მხოლოდ სამი პროცენტი არის მიმართული.
„ექიმების ხელფასი აზერბაიჯანში არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე უმუშევრათა შემწეობა ევროპაში,“ – აღნიშნა მან.
საშუალო ხელფასი სახელმწიფო საავადმყოფოებში მერყეობს 130-450 მანათს შორის (80-277 აშშ დოლარი), კვალიფიკაციის მიხედვით.
ალიევის სიტყვებით, სწორედ დაბალი ანაზღაურება არის იმის მიზეზი, რატომაც არღვევენ ექიმები სამედიცინო ეთიკას.
„შედეგად, ხალხს მთლიანი სისტემის მიმართ ეკარგება ნდობა. საჭიროა მკაფიო კანონმდებლობის არსებობა, რომლის მიხედვითაც ექიმების შრომაც სათანადოდ იქნება შეფასებული და გულგრილობის შემთხვევაში მოხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც. 2008 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა კანონპროექტი სახელწოდებით „საექიმო კოდექსი,“ რომელიც წარუდგინა პარლამენტს, თუმცა პარლამენტში ის ჯერაც არ განუხილავთ,“- განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
2012 წელს – ეს არის ერთადერთი წელი, რომლის მონაცემებიც არის ხელმისაწვდომი – ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დააფიქსირა 235 შემთხვევა, როდესაც მოხდა სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში ჩადენილი დარღვევებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის დაკისრება. აქედან ორმოცდათორმეტი შემთხვევა უკავშირდებოდა სამშობიარო სახლებსა და პრენატალურ კლინიკებს.
მომავალ წელს ხელისუფლება ქვეყნის ორ რაიონში სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის საპილოტე პროექტის ამოქმედებას გეგმავს. მისი მიზანია მოქალაქეების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, სახელმწიფო საავადმყოფოებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა და არაოფიციალური გადასახადების აღმოფხვრა.
„ამ პროექტის განხორციელებას ეტაპობრივად ვაპირებთ,“ – განაცხადა მინისტრთა კაბინეტთან არსებული სავალდებული სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ზაურ ალიევმა აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოსთან (APA) საუბრისას.
„მინგეჩავრის და ევლახის რაიონების საავადმყოფოების შემდეგ პროცესი მთელ ქვეყანას მოიცავს. ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ის 2018 წლისთვის ამოქმედდება.“
თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლების მცდელობა დიდხანს ვერ გასტანს.
„ამ საკითხის განხილვა 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო და დღემდე არ განხორციელებულა,“ -აცხადებს ოპოზიციური პარტია მუსავათის თავმჯდომარის მრჩეველი აზერ ისმაილი.
„ჩემი აზრით ამ პრობლემის მოგვარება მთავრობისთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ნავთობის ბუმის პერიოდში. არ ვიცი, რამდენად იქნება შესაძლებელი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის განხორცილება ახლა, როცა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის,“ – დასძენს ის.