ოპოზიციური ჯგუფების განცხადებით, რეფორმა უკვდავყოფს ამჟამინდელი ხელისუფლების ძალაუფლებას.
ბაქომ მკაცრად ჩაახშო ოპოზიციის პროტესტი საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინ, რომელიც 26 სექტემბერს არის დაგეგმილი და აშკარად ემსახურება პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ძალაუფლების გამყარებას.
ცვლილებების გატარების შედეგად, საპრეზიდენტო ვადა გაიზრდება ხუთიდან შვიდ წლამდე. ასევე, პრეზიდენტს მიენიჭება პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლება. ცვლილებების განსახორციელებლად რეფერენდუმში ამომრჩეველთა 25%-ის მონაწილეობა არის საკმარისი.
უფრო მეტიც, გაუქმდება საპრეზიდენტო კანდიდატისთვის აუცილებელი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი – 35 წელი, რაც განსაკუთრებით დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
„ეს ცვლილებები გამიზნულია ალიევების სახელისუფლებო მმართველობის უკვდავსაყოფად. ნათელია, რომ სამეფო ტახტს უმცროსი ჰეიდარ ალიევისთვის ამზადებენ. რესპუბლიკას მონარქიად გადაქცევას უპირებენ, სადაც სახელმწიფოს მართვა მამიდან შვილზე მემკვიდრეობით გადადის,“ – აცხადებს ულვი ჰასანლი, ახალგაზრდული მოძრაობა ნიდას საბჭოს წევრი.
„ალიევების მესამე თაობა, ეს არის ყველაზე საშინელი, რაც ქვეყანას შეიძლება დაემართოს,“- დასძინა მან.
ალიევების ოჯახის ხელისუფლებაში ყოფნა ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო პოსტი 2003 წელს მამის, ჰეიდარ ალიევისგან ჩაიბარა, რომელიც მანამდე ათი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ილჰამ ალიევის ვაჟი, ასევე ჰეიდარი, 19 წლისაა და მასაც მამის მემკვიდრედ ამზადებენ.
ჰასანლის თქმით, ალიევების ოჯახი ქვეყნის მართვას კერძო კომპანიის მსგავსად აპირებს.
„პრეზიდენტობის ასაკობრივი ზღვარი უქმდება. იქმნება ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები, რომელთაც მინიჭებათ პრემიერ-მინისტრზე მეტი უფლებები. თქვენი აზრით, რა სახის სურათი იხატება ამის შემდეგ?“ -გვეკითხება ის.
რეფერენდუმის გასაპროტესტებლად ოპოზიციურმა ჯგუფებმა ბაქოში სამი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს ორგანიზებით მიტინგები მოეწყო 11 და 17 სექტემბერს, ხოლო 18 სექტემბერს გამართულ აქციას ოპოზიციური პარტია მუსავათი ხელმძღვანელობდა.
ეროვნულ საბჭოს, რომელიც სამი წლის წინ, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეიქმნა, ახლა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია ხელმძღვანელობს. თავდაპირველად, მასში პარტია მუსავათიც და სხვა პატარა პარტიებიც შედიოდა. მუსავათმა საბჭო 2014 წელს დატოვა.
რეფერენდუმის გასაპროტესტებლად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საპროტესტო აქცია სანქცირებული იყო, პოლიციამ მიტინგამდეც და მის შემდეგაც ათობით ადამიანი დააკავა.
„ბაქოშიც და რეგიონებშიც პოლიცია დევნის რეფერენდუმის მოწინააღმდეგეებს,“ – აცხადებს თურან იბრაჰიმი, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. „ჯერ კიდევ მიტინგების ჩატარებამდე სახალხო ფრონტის პარტიის სამოცდაათი წევრი დააკავეს სხვადასხვა საბაბით.“
მიუხედავად იმისა, რომ პირველმა საპროტესტო აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, 17 სექტემბერს მაჰსულის სტადიონზე გამართული მიტინგი ოცდაათი მონაწილის, მათ შორის ჟურნალისტის, დაკავებით დასრულდა.
„მიტინგის ბოლოს, ხალხი უკვე ტოვებდა სტადიონს, როდესაც პოლიცია მათ თავს დაესხა,“ – ამბობს იბრაჰიმი. „პოლიციელებს შორის იყვენენ სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულებიც, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ისინი ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს და ძალით ტენიდნენ პოლიციის ავტობუსებში. უმეტესობა რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს, თოთხმეტი აქტივისტი კი უკანონოდ ჰყავდათ პატიმრობაში ორი დღის განმავლობაში. ამასთან ერთად, ამ პერიოდში, მათ უმეტესობას საჭმელსაც არ აჭმევდნენ.“
ბაქოს პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს.
19 სექტემბერს გაიმართა ათი აქტივისტის სასამართლო პროცესი. ცხრა მათგანს შეეფარდა რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ერთს -ჯარიმის სახით ორასი მანათის გადახდა დააკისრეს.
ნიდას აქტივისტი ალი ნოვრუზოვი მეორე მიტინგამდე ერთი დღით ადრე დააპატიმრეს.
„მომთხოვეს წერილობითი ახსნა-განმარტება პირველ აქციაში მონაწილეობის შესახებ,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „საღამომდე გამაჩერეს და მერე გამიშვეს იმ პირობით, რომ დილით ისევ გამოვცხადდებოდი. დილით, ცხრა საათზე გამოვცხადდი. ისევ დამაკავეს და მიტინგის დასრულებამდე გამაჩერეს. ძალით გადამპარსეს თავი და ამას იმით მიხსნიდნენ, რომ 15 დღით ვიყავი დაპატიმრებული. მაგრამ არ დამაპატიმრეს. უბრალოდ გამომიშვეს.“
ნიდას კოორდინატორი მასუდ ასგერი აცხადებს, რომ პოლიცია მას 15 სექტემბრის შემდეგ უთვალთვალებდა, 17 სექტემბერს კი ის პოლიციაში დაიბარეს და იქ მთელი დღე გააჩერეს.
„მითხრეს, რომ 11 სექტემბრის მიტინგზე ყოფნის გამო დამაკავეს. ღიად მაყენებდნენ შეურაცხყოფას, მაგინებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მიტინგებზე არ უნდა წავსულიყავი. რიგითი პოლიციელით დაწყებული, განყოფილების უფროსით დამთავრებული, ყველა გვაყენებდა შეურაცხყოფას, აქციის მონაწილეებსაც და ორგანიზატორებსაც. მამცირებდნენ და აზიდვების კეთებას მაიძულებდნენ,“ – განაცხადა ასგერმა ჩვენთან საუბრისას.
ორივე ახალგაზრდა აქტივისტი მათი უკანონო დაკავებისა და დამამცირებელი მოპყრობის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
მუსავათის ბორდის წევრი აბულფაზ სადიგბეილი გვიყვება, რომ 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით პარტიის ორმოცზე მეტი წევრი დააკავეს. 17 და 18 სექტემბერს რეგიონებიდან დედაქალაქში მომავალი ყველა გზა მკაცრად კონტოლდებოდა და ოპოზიციონერ აქტივისტებს არ ეძლეოდათ ბაქოში ჩამოსვლის საშუალება.
17 სექტემბერს ეროვნული საბჭოს მიერ გამართული მიტინგის შემდეგ, მმართველი ახალი აზერბაიჯანის პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ სიავუშ ნოვრუზოვმა განაცხადა, რომ მიტინგების ორგანიზატორებმა დაფინანსება მიიღეს უცხოური ორგანიზაციებიდან.
„ეროვნული საბჭოს მიტინგებზე შეგროვდა იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნათესავები, რომლებიც შედიან ამ ფორმირებაში. მიტინგების ჩატარებით ისინი ავლენენ თავის მკვეთრ დამოკიდებულებას სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ,“ – განუცხადა მან აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს (APA).
20 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გამოხატა „განსაკუთრებული წუხილი“ ცვლილებების როგორც პროცედურულ, ასევე შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.
კომისიის განცხადებით, „სამწუხაროა“, რომ კანონპროექტის რეფერენდუმზე გატანა მოხდა პირდაპირ, პარლამენტის ჩართულობის გარეშე.
„ეს საფრთხეს უქმნის ცვლილებების ლეგიტიმურობას,“ – ნათქვამია კომისიის განცხადებაში. „ამასთან ერთად, თუ კანონპროექტს მიიღებენ, ინსტიტუციონალური რეფორმა ძალაში შევა დაუყოვნებლივ და ძალთა ბალანსი პრეზიდენტის სასარგებლოდ გადანაწილდება.“
კომისია დასძენს, რომ ახალი საპრეზიდენტო ძალაუფლება იქნება „უპრეცედენტო,“ რაც „შეამცირებს“ [ალიევის] პოლიტიკურ ანგარიშვალდებულებას და კიდევ უფრო დაასუსტებს პარლამენტს.“
ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა „ჰიუმან რაითს ვოჩის“ (Human Rights Watch) ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერმაც.
„როდესაც ავტორიტარულ მთავრობას უნდა კრიტიკის ჩახშობა, ამას ან ხმაურის გარეშე აკეთებს ან თავხედურად,“- წერს ის ორგანიზაციის ვებგვერზე. „დღეს, აზერბაიჯანი ორივე ხერხს მიმართავს.“