რუსეთის ჯარი პერიოდულად ისაკუთრებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილებს. ყოველ ჯერზე მთავრობა და მოქალაქეები სულ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ ექცევიან.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, ექსპერტებმა ესტონეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გააკეთეს კომენტარი, თუ რა პოტენციური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას “ბორდერიზაციის” საპასუხოდ.
რუსეთი, 2008 წლის ივნისიდან იყენებს ქართული ტერიტორიების ნაწილების პერიოდულად მიტაცების მეთოდს, რასაც “ბორდერიზაციის” სახელით მოიხსენიებენ.
უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის ერთ-ერთ უახლეს მაგალითს წარმოადგენს 3 ივლისის შემთხვევა. ამ დღეს რუსმა ჯარისკაცებმა კიდევ 200 მეტრით გადმოწიეს მავთულხლართების ღობე, რომლითაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონია გამიჯნული.
ყოველ ჯერზე, რუსეთის ჯარი ისაკუთრებს ქართული ტერიტორიის მცირე ნაწილს – საკმარისს იმისთვის, რომ დააშინოს საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები, თუმცა არა იმდენს, რომ ამ ყოველივემ მნიშვნელოვანი საერთაშორისო წინააღმდეგობა ან პროტესტი გამოიწვიოს.
ბორდერიზაციის უკანონო პრაქტიკა განუწყვეტლივ უქმნის პრობლემებს საქართველოს, მისი მთავრობა კი სულ უფრო და უფრო დიდი წნეხის ქვეშ დგება – დაიკავოს მტკიცე პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
1. დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება
2008 წლის ომის შემდეგ, საქართველო “ბორდერიზაციის” უპრეცედენტო გამოწვევის პირისპირ დგას, რაც რეალურად სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რუსეთის მხრიდან განგრძობად საომარ ქმედებებს გულისხმობს – ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცალმხრივი დაწინაურება მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ამას მოსკოვი იყენებს, ერთი მხრივ, როგორც სასჯელს საქართველოს მიერ არჩეული დამოუკიდებლობის კურსის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, კი, როგორც ბერკეტს – ტერიტორიის კიდევ უფრო გადმოწევის მუქარით, იგი ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე.
ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც სამხედრო საფრთხის წინაშე დგას, შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე, მეტნაკლებად რეალისტური არჩევანი – დიპლომატიური ქმედებითა და განცხადებებით დაწყებული ეკონომიკური და სამხედრო ნაბიჯებით დამთავრებული. 2008 წლის ომიდან მოყოლებული, საქართველო მხოლოდ ერთადერთ – დიპლომატიურ – საშუალებას იყენებს. უფრო მეტიც, დიპლომატიურ მეთოდს საქართველო ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს მიმართავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ტერიტორიის მიტაცების თითოეულ, ინდივიდუალურ შემთხვევაზე რეაგირებს, მაგრამ მას არ შეუქმნია გრძელვადიანი და უწყვეტი დიპლომატიური კამპანია, რომლის მიზანიც საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს შორის კონკრეტული შედეგის მიღწევა იქნებოდა. საქართველოს არც შეირაღებული ძალები განუთავსებია ადმინისტრაციულ საზღვრებთან, რაც რუსეთს მიწების მიტაცებას გაურთულებდა.
ძირითადად, საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, იმ ვარაუდზე ამყარებს იმედებს, რომ რადგან საქართველოს რუსეთთან დიალოგი სურს, მოსკოვიც, საპასუხოდ, თავს შეიკავებს მტრული ქმედებებისგან. რაც ნათელია, რომ ასე არ ხდება. თეორიულად, მსგავსი საფრთხის ქვეშ მყოფი ნებისმიერი სახელმწიფო თავის შეიარაღებულ ძალებს საზღვართან განალაგებდა, რათა ტერიტორიების მიტაცება უფრო გაერთულებინა. თუმცა გასაგებია, და სწორიცაა, რომ საქართველოს ეშინია მოსკოვმა ქართული ჯარის საზღვართან ყოფნა ახალი და უფრო დიდი კონფლიქტის წამოწყების მიზეზად არ გამოიყენოს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია, შეუიარაღებელი სამხედრო ძალები ე.წ სასაზღვრო ხაზებთან განათავსოს და თავდაცვითი ინფრასტრუქტურაც აღმართოს, რათა მიწის მიტაცება ბევრად ძნელი გახდეს.
ზემოხსენებული ვარიანტი აუცილებლად უნდა განიხილოს. ამის მიღმა კი, აშკარაა, რომ საქართველომ უნდა გასწიოს ძლიერი დიპლომატიური ძალისხმევა, რათა თავის პარტნიორებს ყურადღება გაამახვილებინოს იმ ხანგრძლივ ტენდენციებზე, რაც რუსეთის საქციელში შეინიშნება, და, ასევე, მიიღოს დასავლეთისგან ისეთი აქტიური საპასუხო ქმედებები, როგორიცაა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ან ევროკავშირის მიერ სასაზღვრო ხაზების მონიტორინგის გაძლიერება. მაგალითისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერსონალის მუდმივ რეჟიმში განთავსება რისკის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, შესაძლოა, რუსეთისთვის შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს „ბორდერიზაციის“ გაგრძელებაში, რაშიც, აშკარაა, რომ რუსეთს, ამჟამად, არაფერი უშლის ხელს.
დოქტორი სვანტე ე. კორნელი
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პაულ ჰ. ნიცეს სახელობის უმაღლესი საერთაშორისო მეცნიერებების სკოლა, აშშ
2. სანქციების დაწესება
ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მთავრობას უკიდურესად რთული დავალების დაძლევა უწევს – გაართვას თავი ჩრდილოეთის მეზობელსა და მის მიერ ქვეყნის დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობებს. „სასაზღვრო ნიშნების“ განთავსებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად შემოსვლის შემთხვევები ისე გახშირდა, რომ ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. ეს კი თავისთავად გულისხმობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს – რუსეთის ტაქტიკის ნორმალიზაციას; და იმას, რომ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი არ აღიქვამს დასავლეთში ამ ქმედებებს საკმარისად სერიოზულად. შესაძლოა, მოსკოვი ცდის საქართველოს ნებისყოფას, რომ ნახოს სადამდე შეძლებს იგი გაიტანოს „სტრატეგიული თმენის“ პოლიტიკა. თუმცაღა, სწორედ ახლა, როცა ემოციური ფონი ასეთი გამძაფრებულია, ყველაზე მეტადაა საჭირო პრობლემასთან მშვიდი და პრაგმატული მიდგომით გამკლავება; საქართველომ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს ნება, რომ კიდევ ერთი პროვოკაციის მსხვერპლი გახდეს.
საქართველოს მთავრობისთვის ჯერ კიდევ საკმარისად მეტია ხელმისაწვდომი დიპლომატიური მეთოდები, რომლებიც მან სრულად და უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს. მეტიც, აუცილებელია, გადაიდგას უფრო აქტიური ქმედითი ნაბიჯები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, და შემუშავდეს მეტად წინდახედული გეგმა რუსეთთან მიმართებით. სანამ ევროკავშირი და აშშ შესაძლოა სხვა, უფრო გადაუდებელი, საშინაო თუ საგარეო კრიზისებით არიან დაკავებული, საქართველო მშვიდად ვერ მოიცდის. მან გამუდმებით უნდა შეახსენოს დასავლეთს საკუთარი მნიშვნელობის შესახებ და ის, თუ რატომ შეიძლება დასავლეთს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძვირად დაუჯდეს თავისი უმოქმედობა და სიმშვიდე.
ამ მიმართულებით, უფრო ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა თუ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში არსებული საერთაშორისო პლატფორმები. გარდა ამისა, სერიოზულად უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის დროს დაწესებული სანქციების მსგავსი, განახლებული სადამსჯელო ღონისძიებების მოთხოვნის საკითხიც. იმ პირობებში, როდესაც გამორიცხულია საქართველოს მხრიდან ნებისმიერი სახის სამხედრო ჩარევა, სანქციები რჩება ერთადერთ ხელშესახებ ინსტრუმენტად რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის გასაგზავნად, იმის შესახებ, რომ საქართველოს ზურგს დასავლეთი უმაგრებს. დასავლეთი არ უნდა ელოდოს სიტუაციის მეტად გამწვავებას სანქციების დასაწესებლად. არამედ, პირიქით, სადამსჯელო ღონისძიებები გამოყენებული უნდა იქნეს როგორც უპირატესი ზომა და მინიშნება იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვერ და არ მოითმენს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
დოქტორი ნინო ქემოკლიძე
ლევერჰულმის მკვლევარი ბირმინგემის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი
3. რბილი ძალის გააქტიურება: მცოცავ ანექსიას მცოცავი რეინტეგრაციით პასუხი
რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ში მიმდინარე დებატებმა, თუ როგორ უპასუხონ კრემლის მიერ აშშ-ს 2016 წლის არჩევნებში ჩარევას, უფრო მეტად გააბუნდოვნა რუსეთის მორიგი შეტევა უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე – ე.წ. „ბორდერიზაციაზე“ საქართველოში.
„ბორდერიზაცია“ გულისხმობს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური „ობლასტის“ სასაზღვრო ზოლებზე ბარიერების აშენებას მათი დე ფაქტო საერთაშორისო საზღვრად გადაქცევის მიზნით. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების აშკარა უმრავლესობა ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს: პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამჟამად რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიის ის ნაწილიც, რომელიც 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომამდე უდავოდ საქართველოს კონტროლრებად ტერიტორიას წარმოადგენდა; და მეორე რიგში, იმიტომ, რომ რუსეთმა არ დაუშვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ამ ჩუმი ომის წარმოებით რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. პირველ რიგში, ეს არის სამხედრო პოზიციების გაუმჯობესება საომარი მოქმედებების აღდგენის შემთხვევაში. საზღვრების გამუდმებით გადმოწევით, რუსეთმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოინაცვლა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი გზისკენ, რაც მისთვის, ნებისმიერი სახის განახლებულ კონფლიქტში, მნიშვნელოვანი ამოცანას წარმოაგენს.
ამას გარდა, „ბორდერიზაციის“ მეთოდი, მისი თანდათანობით მზარდი ბუნებიდან გამომდინარე, ისეა მოფიქრებული, რომ იგი არ ექცევა სამხედრო აგრესიის სამართლებრივი დეფინიციის ქვეშ, ამავდროულად, კი საქართველოს დილემის წინაშე აყენებს. თუკი საქართველო ვერ შეძლებს, ეგრეთ წოდებულ „მცოცავ ანექსიაზე“ რეაგირებას, ქვეყანა დგება საფრთხის ქვეშ, რომ სახელმწიფო სამუდამოდ დაკარგავს ტერიტორიებს, ხოლო მის ხალხს გაუქრება რწმენა, რომ მთავრობას მათი დაცვა შეუძლია. მეორე მხრივ, თუ სახელმწიფოს ზედმეტად წინააღმდეგობრივი რეაქცია ექნება, ამით, რუსეთს სამხედრო აგრესიის განახლებისთვის გამამართლებელ მიზეზს მისცემს. რუსეთის მესამე და ყოვლისმომცველი ამოცანა კი ის არის, რომ საქართველო არასტაბილურ და სამხედრო თვალსაზრისით დაუცველ ქვეყანად, შესაბამისად, პოტენციურ საპასუხისმგებლო ტვირთად წარმოაჩინოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თვალში, რითაც საქართველოს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას უშლის ხელს.
სამწუხაროდ, ამ დილემიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ საქართველოს შეუძლია გარკვეული ღონისძიებების გატარებით შეამციროს მისი ეფექტი. პირველი რიგში, ეს არის „ბორდერიზაციის“ და რუსეთის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამხრეთ ოსეთში არდაშვების ფაქტის საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილად შენარჩუნება. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველგან, სადაც კი რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენციის საკითხი წამოიჭრება, იქვე მოხდეს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაც, როგორც მოსკოვის უფრო დიდი და ზოგადი გეგმის ნაწილისა, შეაშინოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს მეზობელ ქვეყნებში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გზით.
მეორე სტრატეგია „მცოცავ ანექსიაზე“ „მცოცავი რეინტეგრაციით“ პასუხი შესაძლოა იყოს. ეს მოიცავს მშვიდობიან და თანდათანობით მზარდ ქმედებებს, რაც სტიმულს მისცემს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ საქართველოს. ცხადია, ეს სტრატეგია დიდ მოთმინებასა და დროს – სავარაუდოდ, ათწლეულებს – მოითხოვს. თუმცა, აშშ-ს ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ მიმართული ცივი ომის სტრატეგიის მსგავსად, ასეთმა „რბილმა ძალამ“, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისკენ გაუკვალოს გზა.
დოქტორი რობერტ ე. ჰამილტონი
აშშ-ს არმიის ომის კოლეჯი, აშშ
4. უკანონო ქმედებების საერთაშორისო დონეზე მხილება
საქართველომ ორივე ადმინისტრაციულ საზღვართან უნდა გაამაგროს ინფრასტრუქტურა, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს მომავალში დემარკაციის გაგრძელება. ადმინისტრაციული საზღვრების გაძლიერებული დაცვის შემთხვევაში, რუსეთს საზღვრებით მანიპულირების ნაკლები შანსი ექნება. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს (ევროკავშირი, ეუთო და ევროპის საბჭო), რათა გაძლიერდეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებთან განვითარებული მოვლენების მონიტორინგი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, რომლებსაც შეუძლიათ საჯაროდ გამოააშკარაონ და, რაც შეიძლება, ხილული გახადონ ყველა უკანონო შემთხვევა.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან საუკეთესო სტრატეგია რუსეთის „ბორდერიზაციის“ პრაქტიკის გამჭვირვალობის და გამოაშკარავებისთვის ხელის შეწყობა იქნებოდა, რაც, თავის მხრივ, ნატოსთან უშიშროების კუთხით უფრო ახლო ურთიერთობის საჭიროების არგუმენტადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.
დოქტორი ანდრეი მაკარიჩევი
ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი
მომზადებულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, რომელიც არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციაა.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ცდილობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით.
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მოსაზრებებს, ან აშშ-ს არმიის ომის კოლეჯის, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის, აშშ-ს მთავრობის ან ავტორებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინსტიტუტის ოფიციალურ ხედვას.