ხელისუფლება ამბობს, რომ ეთნიკურ ჯგუფში დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ არაფერი იცოდა.
IWPR-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ ეთნიკური ავარელების თემში, ასობით გოგონას ბავშვობაში წინადაცვეთის პროცედურა უტარდება.
ყვარლის რაიონის სოფელ თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურეში ქალის გენიტალიების მუტილაციის (დასახიჩრების) შემთხვევებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გამოძიების ჩატარების პირობა დადო.
„ჩვენ მუსლიმანები ვართ. რამადანის დროს ვმარხულობთ. მუსლიმანურ ჩვეულებებს მივსდევთ. წინადაცვეთაც ჩვენი ადათია. ამის გარეშე არ შეგვიძლია,“ – ამბობს ნაიდა, სოფელ სარუსოდან. მისი სახელი, სტატიაში ნახსენები სხვა სახელების მსგავსად, შეცვლილია.
საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას, მაგრამ ამასთან ერთად, ის მისი ჯანმრთელი ცხოვრების უფლებასაც იცავს.
გარდა ამისა, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებითაც.
ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა IWPR-ს განუცხადეს, რომ საქართველოში გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მსგვასი ფაქტების შესახებ მათთვის ინფორმაცია არც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც უფლებადამცველ ორგანოებს მოუწოდებია.
ქართველებმა, ზოგადად, ავარელების შესახებ ბევრი არ იციან. ეს ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ისტორიულად დაღესტნის მთიან რეგიონებში იყო დასახლებული, მე-18 საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოსთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობების შედეგად, ყვარლის რაიონში დასახლდა. მათი დაახლოებით სამი ათასამდე შთამომავალი დღესაც აქ ცხოვრობს.
ავარელებმა საკმაოდ კარგად შეძლეს თავიანთი ენის, სამზარეულოს, რელიგიური და კულტურული ტრადიციების, მათ შორის საქორწინო და მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალების შენარჩუნება. როგორც წესი, ავარელებს შორის ქორწინება მხოლოდ თავიანთი თემის შიგნით ხდება.
ამინა მაგომედოვა სოფელ სარუსოს მკვიდრია. ის უკვე ოცი წელია უკეთებს გოგონებს წინადაცვეთას, მათი ზუსტი რაოდენობა აღარც ახსოვს. როგორც თვითონ ამბობს – „ძალიან ბევრი იყო.“
„მუსლიმები წინადაცვეთას უკეთებენ ბიჭებს და გოგოებს. მე მხოლოდ გოგოებს ვუკეთებ,“ – ამბობს მაგომედოვა.
როდესაც წინადაცვეთას ბიჭებს უკეთებენ, ისინი საავადმყოფოში მიჰყვათ, სადაც ოპერაციას ქირურგი აკეთებს.
გოგონებისთვის პროცედურა სახლში ტარდება. კანს მაკრატლით ჭრიან და ჭრილობას ზოგჯერ ამუშავებენ სპირტით.
„კლიტორის წვერზე შავი წერტილია, აი მაგას ვჭრი. ასე მასწავლა ჩემმა დედამთილმა. ის ძალიან გამოცდილი იყო და სოფელში ყველას უკეთებდა. მაგრამ მე უცნობებს არ ვუკეთებ, მხოლოდ იმათ, ვისაც ვიცნობ,“ – გვიყვება ის.
„ბიჭებთან უფრო რთულია, ამიტომ ექიმმა უნდა გააკეთოს. გოგოებთან მხოლოდ ჩაჭრა ხდება. კი, სისხლი მოდის, მაგრამ ეს საშიში არაა. შეუძლიათ მაშინვე ჩაიცვან საცვალი და წავიდნენ,“ – ამბობს მაგომედოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „რუსეთის სამართლებრივი ინიციატივის“ მიერ აგვისტოში გამოაქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დაღესტანში წინადაცვეთის რიტუალი ათასობით ავარელ გოგონას და ქალს ჩაუტარდა.
სარუსოელი ნადიას თქმით, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მედიით გავრცელებული დამოკიდებულება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
„როდესაც ფეისბუკით კომენტარები წავიკითხე, მეწყინა,“ – „ზოგი დაგვცინოდა, ზოგი შეურაცხყოფას გვაყენებდა. მე მათ ვუპასუხე, რომ ჩვენი ტრადიციების დაცინვის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა საკუთარი ტრადიციები შეენარჩუნებინათ. ჩვენ მუსლიმები ვართ და ამას მუსლიმური წესის მიხედვით ვაკეთებთ. მე არ მრცხვენია იმის, რომ ჩემს რწმენას ვინარჩუნებ.“
ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფო სამსახურის აკადემიის პოლიტოლოგიისა და ეთნოპოლიტიკის კათედრის დოქტორანტი საიდა სირაჯუდინოვა გვიხსნის, რომ დაღესტანში წინადაცვეთის პრაქტიკის წარმოშობის ისტორია უცნობია.
„ეთნოგრაფი იური კარპოვი ქალთა წინადაცვეთას წინაისლამური პერიოდის ტრადიციას მიაწერს… თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. არ იქნებოდა სწორი მხოლოდ მასზე დაყრდნობა. არ არსებობს ზუსტი წყარო, რომელიც განმარტავს, როგორ გაჩნდა დაღესტანში ქალთა წინადაცვეთის წესი. ტრადიციამ საქართველოში იქ საცხოვლებად გადასულ ავარელებთან ერთად გადაინაცვლა,“ – ამბობს ის.
სამართლებრივი ინიციატივის მკვლევარების მიხედვით, დაღესტანში წინადაცვეთის ჩატარების ერთიანი სტანდარტი არ არსებობს.
„გენიტალიებზე ოპერაციის ვარიანტები და ფორმები დამოკიდებულია იმ ქალის გამოცდილებაზე, რომელიც ამას აკეთებს; იმ ქალის სურვილზე, რომელსაც გოგონა პროცედურის ჩასატარებლად მიჰყვას და ასევე რაიონზე“ – ნათქვამია ანგარიშში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გენიტალური მუტილაციის ოთხი ტიპია განსაზღვრული. დაღესტანში სამი მეთოდია დამკვიდრებული: ჩაჭრა და სისხლის გამოშვება, კლიტორის ნაწილის ამოკვეთა და კლიტორის და მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა.
სარუსოში, აკეთებენ ჩაჭრას და სისხლს უშვებენ. თივსა და ჩანთლისყურში კი კლიტორის ნაწილს აჭრიან.
„პატარა ნაწილია, მარცვალივით. იმას მერე აგდებენ,“ – ამბობს თიველი ქალი.
ნაიდას ნათესავს, ზარიფატს სამი ქალიშვილი ჰყავს. უფროსებს უკვე გაუკეთეს წინადაცვეთა. ზარიფატს არ უნდოდა გაკეთება, დედამთილმა დაიჟინა, თუმცა ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ძალიან ინანა.
„როცა დავინახე როგორ ტიროდნენ, ძალიან ვინანე, რაც გავაკეთე. რისთვის? ამის გარეშე ნამდვილი მუსულმანები არ იქნებოდნენ,“ – გვითხრა მუსლიმატმა, გოგონების ბებიამ.
„უბრალოდ, ხალხს სოფელში აინტერესებდა, რატომ არ ვუკეთებდით ბავშვებს წინადაცვეთას,“ – განაგრძობს მუსლიმატი. „მეუბნებოდნენ, ‘უნდა გაუკეთო, ჩვენ ხომ მუსლიმანები ვართ.’ რომ არ გამეკეთებინა, ვიდარდებდი, რომ არ არიან ნამდვილი მუსლიმანები, რადგან წინადაცვეთა არ გავუკეთე.“
რელიგიური მიზეზების გარდა, ავარელები მიიჩნევენ, რომ წინადაცვეთის რიტუალი ქალის პიროვნულ ცვლილებას ემსახურება.
„ამბობენ, რომ ქალი წინადაცვეთის მერე ნაკლებად ტემპერამენტიანი ხდება და არ მრუშობს,“ – გვიხსნიან სოფლის ქალები.
თუმცა, არიან ოჯახები რომლებიც ტრადიციას ეწინააღმდეგებიან.
„ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ქალს საწოლში კაცის მოთხოვნილება არ ჰქონდეს,“ – ამბობს თიველი იმანათი. „მაგრამ, თუ არ არის ოჯახური ცხოვრების ინტერესი, რანაირი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ექნებათ? უბრალოდ ერთად იცხოვრებენ? არა, მე ჩემს შვილს წინადაცვეთას არ გავუკეთებ.“
იმანათის ოჯახი რამდენიმე წლის წინ მახაჩყალიდან გადმოვიდა თივში საცხოვრებლად. მისი მტკიცებით, ქალთა წინადაცვეთას ისლამთან არაფერი აქვს საერთო.
„ერთმა მუფტიმ მითხრა, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალის მხრიდან გარყვნილება იქნეს აცილებული. თუმცა, გარყვნილებისკენ პირველ ნაბიჯს კაცი დგამს. ქალი, სუსტი სქესი, მას ემორჩილება. არსებობს ღვთის წიგნი – ყურანი – იქ არაფერი წერია იმის შესახებ, რომ გოგოსთვის წინადაცვეთის გაკეთება სავალდებულოა,“ – ამბობს იმანათი.
მართლაც, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი იასინ ალიევი აღნიშნავს, რომ ყურანში ასეთი სავალდებულო პროცედურის შესახებ არაფერია ნათქვამი.
გოგონათა წინადაცვეთის რიტუალი მხოლოდ ავარელების თემში გვხვდება, საქართველოში მცხოვრები ისლამის აღმსარებელი სხვა ეთნიკური ჯგუფები მსგავსს პრაქტიკას არ იზიარებენ.
„ზოგიერთ ხალხი ამას თავისი ნაციონალური ტრადიციების მიხედვით აკეთებს და არა ისლამური კანონის თანახმად. არ ვიცი, შეიძლება გოგოების წინადაცვეთას რაიმე კავშირი აქვს ავარელების ნაციონალურ ადათებთან, თუმცა ეს უკვე სხვა საკითხია,“ – განაცხადა ალიევმა.
„ყურანი არ ამბობს, რომ წინადაცვეთა სავალდებულოა,“ -დასძენს ის. „იმისთვის, რომ ქალი მუსლიმანი გახდეს საკმარისია წარმოთქვას „შაჰადი“ (ალაჰის ერთადერთ ღმერთად აღიარება) და დაიცვას ისლამის მცნებები. ამისთვის წინადაცვეთის გაკეთება არ არის აუცილებელი.“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმის გარდა, წინადაცვეთის პროცედურა მძიმე ფიზიკურ რისკებთან არის დაკავშირებული.
„თუ წინადაცვეთის პროცედურა არასტერილურ პირობებში კეთდება, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკი, ეს არის ჩირქოვანი ინფექცია, ტეტანუსი, ჰეპატიტი, სისხლის დაინფიცირება,“ – ამბობს ის. „ინსტრუმენტების სპირტით დამუშავება არ იძლევა სტერილურობის გარანტიას და არ იცავს სერიოზული დაავადებებისგან.“
გინეკოლოგი და რადიოლოგი ნინო დათოშვილი წინადაცვეთასთან დაკავშირებულ სხვა გართულებებზეც საუბრობს.
„კლიტორის მოკვეთა ძალინ საშიშია. ამას შეიძლება მოჰყვეს ბევრი გართულება. მაგალითად, სისხლდენა, ნაწიბურის ჰიპერტროფია ან გართულებები შეხორცების პროცესში. არსებობს დაინფიცირების შანსი, რასაც მოჰყვება დაჩირქება. ნებისმიერი ოპერაცია, თუნდაც მცირე და უმნიშვნელო, სპეციალურ კაბინეტში სტერილურ პირობებში უნდა ტარდებოდეს,“ – გვიხსნის დათოშვილი.
ამინა მაგომედოვა, რომელიც სოფელ სარუსოში ატარებს წინადაცვეთის პროცედურას, თვლის, რომ ამგვარი რისკები გაზვიადებულია.
„ოპერაციამდე ალაჰს მივმართავ და შევთხოვ ავარულ ენაზე, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს,“ – ამბობს ის. „ამდენი წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ გოგონა წინადაცვეთის შემდეგ სისხლის მოწამვლით დაღუპულიყოს.“
თუმცა, გაერთიანებული ერების სააგენტოები ქალთა წინადაცვეთას ადამიანის უფლებათა დარღვევად და ქალთა დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმად აფასებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში IWPR-ს განუცხადეს, რომ ამის შესახებ პირველად გაიგეს.
„ჩვენ არ ვიცოდით, თუ ასეთი პრაქტიკა არსებობდა,“ – განაცხადა სამინისტოს წარმომადგენელმა. „კახეთის არც ერთ ჩვენს დეპარტამენტს ამის შესახებ ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. თუ ვინმე მოგვმართავს დახმარების თხოვნით, შესაძლებელი იქნება შემოწმების ჩატარება. მაგრამ, ჯერჯერობით საჩივრით არავის მოუმართავს.“
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში IWPR-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებენ.
„ჩვენ გადავამოწმეთ თქვენი ინფორმაცია ადგილობრივი და საერთშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ანგარიშებში, მაგრამ ასეთი ფაქტების შესახებ იქ არაფერია ნახსენები. თუმცა, მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა გამოხატა მზადყოფნა ჩაატაროს მონიტორინგი თქვენ მიერ ნახსენებ სოფლებში და მოგვაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.“