ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირების დევნა გრძელდება.
ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები აზერბაიჯანში განხორციელებულ ბოლო პატიმართა ამნისტიას სკეპტიკურად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ის არცერთ პოლიტიკურ პატიმარს არ შეეხო.
მაისის ბოლოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ამნისტიის აქტის მიხედვით, ოთხი თვის განმავლობაში 3500 პატიმარი დატოვებს საპატიმროს.
თუმცა, იმედი იმისა, რომ მათ შორის აღმოჩნდება რომელიმე პოლიტიკური პატიმარი საბოლოოდ გაქრა, როდესაც 15 ივნისს შეწყალებულთა პირველმა ნაკადმა დატოვა საპატიმრო.
ამნისტია შეეხო გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებს, მათ შორის ქალებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს და მათ, ვინც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. შეწყალება არ შეეხო იმ მუხლებს, რომელთა მიხედვითაც არიან გასამართლებული პოლიტიკური პატიმრები.
„მარტი-მაისის პერიოდში განხორციელებული რამდენიმე შეწყალების და პირობითი გათავისუფლების შემდეგ, იყო მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ამნისტია შეეხებოდა უფლებადამცველებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ბლოგერებს და სხვა უკანონოდ დაკავებული აქტივისტებს,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას „ჰუმან რაითს ვოჩის“ (Human Rights Watch) სამხრეთ კავკასიის დირექტორმა გიორგი გოგიამ.
„თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთშორისო საზოგადოების მოლოდინი და აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებები ერთმანეთს არ ემთხვევა,“ – დასძინა მან და აქვე აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივით გისოსებს მიღმა აღმოჩენილი ათეულობით უფლებადამცველი აქტივისტისა და ჟურნალისტისთვის ეს არის სამართლიანობის აღდგენის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა.“
მისივე სიტყვებით, ამ ამნისტიამ ცხადყო, თუ რამდენად თვითნებურია აზერბაიაჯნის მართლმსაჯულების სისტემა.
იხილეთ: აზერბაიჯანში პატიმართა მოულოდნელი შეწყალების მიზეზები
მოძრაობა ნიდას აქტივისტის ილკინ რუსტამზადეს დედა ატლას რუსტამზადე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ის მოუთმენლად ელოდა ამ ამნისტიას.
„ადვოკატმა მითხრა, რომ მუხლი, რომლის მიხედვითაც ილკინი გაასამართლეს ამნისტიაში არ მოხვდა. იმის იმედი, რომ ჩემს შვილს გაათავისუფლებენ, აღარ მაქვს,“ – აღნიშნა მან.
ილკინ რუსტამზადე ნიდას სხვა აქტივისტებთან ერთად 2013 წლის დასაწყისში დააკავეს მას შემდეგ, რაც მათი ორგანიზებით გაიმართა საპროტესტო აქციების სერია „უთხარი არა ჯარისკაცების სიკვდილს.“
დემონსტრაციის მოსაწვევები მან ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა, რითაც შეძლო საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანის მობილიზება.
2014 წლის მაისში რუსტამზადეს რვაწლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მის მეგობარ აქტივისებს ხუთიდან-რვა წლამდე. მას შემდეგ, ნიდას ყველა წევრი გაათავისუფლეს, რუსტამზადეს კი არა.
ბოლო ამნისტია აზერბაიჯანის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას მიერ იყო ინიციირებული რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.
შეწყალებულთა პირველი ნაკადის, 350 პატიმრის გათავისუფლება მოხდა 15 ივნისს – რომელიც ეროვნული გადარჩენის დღედ აღინიშნება. ამ დღეს, 23 წლის წინ, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ხელახლა ჩაუდგა სათავეში ყოფილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, ამჟამინდელი პრეზიდენტის მამა.
აზერბაიჯანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1995 წლის შემდეგ 61 შეწყალების და 10 ამნისტიის აქტი იყო ხელმოწერილი.
პარლამენტის წევრი მმართველი ახალი აზერბაიჯანის პარტიიდან სიავუშ ნოვრუზოვი აცხადებს, რომ 2003 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ილჰამ ალიევი მოვიდა ხელისუფლებაში, 110 000 ადამიანი იქნა ამნისტირებული, მათგან 40 000 პირველი ლედის ინიციატივით.
თუმცა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკანასკნელი ამნისტია იყო ძალიან ლიმიტირებული და ეჭვის თვალით უყურებენ ოფიციალურ ციფრებსაც.
„ამნისტია არ შეეხო არც ერთ პოლიტიკურ პატიმარს,“ – აცხადებს ოპოზიციური პარტია მუსავათის თავმჯდომარის მოადგილე ელმან ფატაჰი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ იმ დღეს, როდესაც ამნისტია დაიწყო, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.
„ამნისტიის აქტი მიღებული იქნა საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შესაყრელად,“ – დაასკვნა მან და დასძინა, რომ ხელისუფლება თვალთმაქცობს, თითქოს არის ჰუმანური, სინამდვილეში კი, აგრძელებს ადამიანების დაკავებას პოლიტიკური ნიშნით და პოლიციაში მათ წამებას.
იმას, რომ რეპრესიები გრძელდება ეთანხმება გიორგი გოგიაც და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „დაკავებების ახალი შემთხვევები, აქტივისტების დევნა და საკანონდებლო შეზღუდვები სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმთან დაკავშირებით არ მიანიშნებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებებს ახორციელებს მისდამი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან დამოკიდებულებაში.“
მართლაც, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პოლიციაში წამების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
მაისის თვეში, ჰეიდარ ალიევის ძეგლის მოხატვისთვის დაკავებულ ორ ახალგაზრდას, ბაირამ მამედოვს და გიასედინ იბრაჰიმს სასტიკად გუსწორდნენ პოლიციის განყოფილებაში.
იხილეთ: აზერბაიჯანი: გილოცავთ მონების დღეს!
კიდევ ერთი შემთხვევა ეხება სუმგაითელ რაშად აბასოვს, რომელიც პოლიციაში მოწმის სახით დაიბარეს და სასტიკად სცემეს იმ მიზნით, რომ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჰქონდა ჩადენილი. ნამდვილი დამნაშავის პოვნის შემდეგ კი ის ჩუმად გაათავისუფლეს.
აბასოვის ნათესავების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში აბასოვი აცხადებს, რომ მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, რადგან მოტეხილი ჰქონდა ფეხის და ხელის თითები და ასევე მიღებული ჰქონდა შინაგანი დაზიანებები.
პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი, კიდევ ერთი სუმგაითელი რაშად მეჰდიევი და ხაზარელი ზაურ სულთანოვი. გარდაცვლილების ნათესავების მტკიცებით, მამაკაცებს სხეულზე ეტყობათ წამების კვალი და მტკიცებულების სახით სოციალური მედიით ფოტოებიც კი გამოაქვეყნეს.
არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდებას უარყოფს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეჰზან ზადიჰოვი.
„მართალია, იყო შემთხვევები, როდესაც ვიღაც გარდაიცვლა ადმინისტრაციის შენობაში ან კიდევ პოლიციის ეზოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიციამ მოკლა. არავინ იცის, ხვალ ვინ სად მოკვდება,“ – განუცხადა მან ონლაინ გამოცემა Qafqazinfo.az.