ქართველი ახალგაზრდები ცდილობენ გაყინული ურთიერთობის დათბობას აფხაზ თანატოლებთან, რომლებიც ასეთ ინიციატივებს ეჭვის თვალით უყურებენ.
ივნისის დასაწყისში სოციალური ქსელები ააჭრელა ფოტოებმა წარწერით „მშიბზია“. ეს აფხაზური სიტყვაა და ქართულად „გამარჯობას“ ნიშნავს.
ბაჩო მებურიშვილი და მისი მეგობრები, რომლებიც ამ პროექტის ინიციატორები არიან აცხადებენ, რომ პირველი სიტყვა, რომელსაც შეხვედრის დროს ეუბნებიან ერთმანეთს განაწყენებული, თუმცა შერიგებამდე არმისული ადამიანები წყენის გავლის შემდეგ, არის – გამარჯობა.
„ჩვენ უკვე რვა ათას დღეზე მეტია არ მივსალმებივართ ერთმანეთს და არც მსგვასი რამ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ასეთი საშუალება იმ მიზეზით ავირჩიეთ, რომ როდესაც ომის თემას ვიკვლევდით აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი კავშირი და ჩვენ მხოლოდ პოლიტიკოსების და არასამთავრობოების დონეზე გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა,“ – განაცხადა მან.
ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელიც არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ ან სხვა რომელიმე ორგანიზაციას, თავისივე სახსრებით შექმნა სპეციალური ვებგვერდი www.mshibzia.com, რომელზეც ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი ფოტოს ატვირთვა ხელში წარწერით – „მშიბზია.“ ორგანიზატორების თქმით, მათი სურვილია რვა ათასი ფოტოს შეგროვება, სწორედ ამ რაოდენობით განსაზღვრეს ახალგაზრდებმა ის სიცარიელე, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის კონფლიქტის შემდეგ წლებში წარმოიშვა.
20-30 წლის ქართველი ახალგაზრდები მსგავს ინტერნეტაქციებს პირველად არ აწყობენ. 2008 წელს მათ ჩაწერეს ვიდეო მიმართვა და ახალი წელი აფხაზებს აფხაზურად მიულოცეს. რამდენიმე მსგვასი აქცია მოეწყო შემდგომ წლებშიც.
„ჩვენ მივმართეთ ასეთ მარტივ საშუალებებს, რადგან მივხვდით, რომ მათ (აფხაზებს) ისეთი შთაბეჭდილება აქვთ შექმნილი, თითქოს ჩვენ მუდმივად გვაქვს რაღაცის მოლოდინი და მუდმივად ვითხოვთ რაღაცას სანაცვლოდ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა რაღაც უანგაროდ,“ – გვიხსნის ბაჩო მებურიშვილი.
ამ დროისთვის ვებგვერდზე სამი ათასამდე ფოტოა ატვირთული.
ჯანეტ ქვარცხავა, პედაგოგი და ახალგაზრდული ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი, ერთ-ერთია ვინც აქციაში ჩაერთო. ის წარმოშობით აფხაზეთიდანაა, თუმცა უკვე დიდი ხანია ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს.
„ამ ყველაფერმა ჩემში ძალიან თბილი მოგონებები და ემოცია გამოიწვია…თვითონ სიტყვამაც და ხალხის განწყობამაც. აქციის მიმართ, რა თქმა უნდა, დადებითი დამოკიდებულება მაქვს, თუმცა აქვე მიჩნდება კითხვა, როგორ რეაგირებენ და რას ფიქრობენ ამაზე აფხაზები. აქამდე, ამგვარ მცდელობებზე მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას ვაწყდებოდი,“ – აღნიშნავს ის წუხილით.
აქციის 30 წლის მონაწილეს, ზუგდიდელ გოჩა ლაგვილავას ომი და მისი შემდგომი წლები ბუნდოვნად ახსოვს, რადგან მაშინ ბავშვი იყო, თუმცა სურათები, რომლებიც მეხსიერებაში აქვს ჩარჩენილი მასში მხოლოდ არასასიამოვნო ემოციებს იწვევს. გოჩას ისევე, როგორც ბევრს სხვას, სურს, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და კვლავ გახდეს შესაძლებელი ერთმანეთს მივესალმოთ სიტყვით „მშიბზია“.
„შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ აპატიოს, დაიბრუნოს სიყვარული და მიიღოს გულითადი სალამი. ჩემი აზრით, ასეთი გზავნილები ახალგამოსულ კვირტს ჰგავს, რომელსაც უნდა მოუფრთხილდე და გაზარდო. ვწუხვარ, რომ ჩემს თანატოლებს შორის არიან ისეთები, რომლებიც ასეთ აქციებს ეწინააღმდეგებიან და არ უნდათ გულით მიესალმონ ჩვენს დებსა და ძმებს,“ – ამბობს ის.
აქციის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი აფხაზეთიდან დევნილი, ეთნოლოგი ნონა ქობალია. მასში ამ აქციამ უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ზუსტად იცის, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას აფხაზური მხრიდან.
„შეიძლება, ამ აქციამ გაათბოს რამდენიმე აფხაზის გული, მაგრამ ჩემს გულთან ის ვერ მივიდა. ვფიქრობ, ის უადგილოა იმ ყველაფრის ფონზე, რაც ხდება, მით უმეტეს, ხურჩის ტრაგედიის შემდეგ (რედ. 19 მაისს სოფელ ხურჩაში აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია). რა თქმა უნდა, კომპრომისებზე წასვლა საჭიროა და მე ვერავინ შემეჯიბრება ვერც აფხაზების სიყვარულში და ვერც მათი ენისა და კულტურის ცოდნაში, მაგრამ ეს აქცია, მაინც ვფიქრობ, რომ უადგილო და შეუფერებელია. აღარ არის საჭირო ამ ჩვენი ტკივილის გახსენება. მშვიდობის მშენებლობა რთული პროცესია და არა თამაში, რომელიც ახალგაზრდებმა წამოიწყეს.“
თანამოაზრეთა ჯგუფი, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა პორტალი, მზად იყო აფხაზური მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციისთვის. მათი სიტყვებით, ისინი ცდილობდნენ ფოტოების გავრცელებას აფხაზეთში ყველაზე პოპულარულ ბლოგერებსა და სოციალური ქსელების მომხრმარებელთა შორის.
ერთ-ერთმა მათგანმა, როინ აგრბამ, „მშიბზიას“ აქციის საპასუხოდ მოიფიქრა კონტრაქციის მოწყობა სახელწოდებით „აბზიარაზ“ – ნახვამდის!
მისი იდეა ფეისბუკის მომხმარებელთა უმეტესობამ მოიწონა, რაც აისახა კიდეც მისი პოსტის კომენტარებში.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად ნადეჟდა წერს: „აბზიარას გვერდით მივუწეროთ მშვიდობით და ხელი დავუქნიოთ.“ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აქციის იგნორიებისა და მისთვის დიდი მნიშვნელობის არმინიჭების წინადადებით გამოვიდნენ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა სახელად თემურმა ასეთი შეკითხვაც კი დასვა: „როდის გაბედავენ და დაწერენ – აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.“
იყო რამდენიმე ნაკლებად კატეგორიული კომენტარიც, მაგალითად მომხმარებელმა სახელად მუხადინმა დაწერა: „ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ენის ნოსტალგია. ერთმანეთს ყოველ დღე რამდენჯერმე ვეუბნებით – მშიბზია, ასე რომ ჩათვალოთ, რომ მათ ერთ დღეში გავუსწარით )))“.
იყო განსხვავებული შეფასებებიც. მაგალითად, სოციალური ქსელის მომხმარებელმა სახელად ლეონიდმა თავის კომენტარში დაწერა: „ყოჩაღ, გადადგეს პირველი ნაბიჯი, სხვა საკითხია რამდენად სწორად და გულწრფელად მოხდება ამის გაგება, თუ ეს მართლა ფლეშმობია? ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.“
მომხმარებელმა ირაკლიმ ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს მეგობრობისკენ მოუწოდა, ყოველგვარი „პოლიტიკური აზრებისა და სარგებლის გარეშე.“
მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ ფოტოს გამოქვეყნება წარწერით „აბზიარაზ“. დღეს, ის ოთხმოცამდე ადამაინს აერთიანებს.
„მშიბზიას“ მსგავსი აქციების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქანაშვილი.
„თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგვასი აქციით შესაძლებელია აფხაზების გულის მოგება, მაშინ აქცია ვერ გაამართლებს. თუ ეს არის ერთგვარი ურთიერთობის ფორმა – მაშინ, მას აქვს აზრი. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, რომ ახალგაზრდები ამ მიმართულებით რაღაცას მაინც აკეთებენ,“ – თვლის ის.
ყველაფრის მიუხედავად, ბაჩო მებურიშვილს და მის თანამოაზრეებს არ აქვთ იმის ილუზია, რომ აქციით შესაძლებელი იქნება რაიმე რადიკალური ცვლილებების მიღწევა, თუმცა მათივე აზრით, თუ ამ აქციის შედეგად თუნდაც ორი აფხაზი, რომელიც მანამდე თვლიდა, რომ ქართველები მათ მიმართ მტრულად არიან განწყობილი შეიცვლის დამოკიდებულებას, მაშინ მისია შესრულებულია.