რადიკალიზაცისთან ბრძოლის და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის საქმეში მედიასექტორს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) და ლიტვური არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს რეგიონული ჟურნალისტებისთვის ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტური პასუხისმგებობის და ძალადობრივი ექსტრემიზმთან ბრძოლის თემებზე.
საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებები ფინანსური სირთულეებს განიცდიან, რის გამოც რედაქტორებს, ფულის დაზოგვის მიზნით, სამსახურში ხშირად აჰყავთ ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომელთაც კადრების სიმცირის ფონზე ძალიან სწრაფი და დატვირთული გრაფიკით უწევთ მუშაობა.
გამოუცდელი ახალგაზრდები მთელ თავიანთ ცოდნასა სამუშაო ადგილზე იღებენ, რასაც ხშირად ეწირება ჟურნალისტური სტანდარტები. ამასთან ერთად, მცირეა პროფესიული ზრდის და თანამედროვე მედიატექნოლოგიების დაუფლების შესაძლებლობა.
„როდესაც ყველაფერი მიბმულია ინფორმაციასა და ტექნოლოგიებზე… უნდა იყო პროფესიონალი შენს სფეროში და კარგად გესმოდეს ის, თუ რა ხდება შენ ირგვლივ და რატომ,“ – ამბობს 24 წლის ირაკლი ვაჩიბერიძე, ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტი ქუთაისიდან. „თუმცა, ამისთვის დრო აღარ გვრჩება, რადგან რედაქტორები გვთხოვენ ბევრი ახალი ამბის მომზადებას, თანაც სწრაფად.“
ირაკლი ვაჩიბერიძე იყო ერთ-ერთი იმ თექვსმეტი ჟურნალისტიდან, რომელმაც 2-3 ივნისს თბილისში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი სემინარი არის „ჟურნალისტური პასუხიმგებლობის სკოლა: რეგიონულ ჟურნალისტთა უნარების გაძლიერება“ პროექტის ნაწილი, რომელსაც IWPR აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო ცენტრთან (EESC) პარტნიორობით ახორციელებს.
ტრენინგის ახალგაზრდა მონაწილეებს გამოცდილი ლიტველი, ქართველი და ბრიტანელი ჟურნალისტები ესაუბრნენ ჟურნალისტიკის პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე, ასევე მედიის როლზე ძალადობრივ ექსტემიზმთან ბრძოლის საქმეში.
„რადიკალიზაციის საფრთხე გლობალური პრობლემაა და არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი,“ – განაცხადა ბრიტანელმა მედიაკონსულტანტმა ონიკ ჯეიმს კრიკორიანმა. „ითვლება, რომ დაახლოებით ასიდან ორასამდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარეს ერაყსა და სირიაში. სავსებით დასაშვებია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, ისეთი დაჯგუფების პროპაგანდის შედეგად, როგორც ისლამური სახელმწიფოა.“
(იხილეთ: საქართველო: პასუხი მზარდ რადიკალიზაციას)
„იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა არც ისე დიდია, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ალტერნატიული და ანტიტერორისტული ნარატივის გავრცელებას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხრიდან, ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, სრული ჟურნალისტური პასუხისმგებლობის გამოჩენა ისეთი ფენომენის გაშუქებისას, როგორიცაა ტეროროზმი და ტერორისტი მებრძოლები,“ – დასძინა კრიკორიანმა. „და რადგანაც ექსტემიზმის პროპაგანდის გავლენის ქვეშ უმეტესწილად დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მცხოვრები უმცირესობათა თემების წარმომადგენლები ექცევიან, დაუშვებელია რეგიონული ჟურნალისტების როლისა და მნიშვნელობის დაკნინება.“
„აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად ვაწყდებოდი რელიგიური რადიკალიზაციის საფრთხეს, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი,“ – ამბობს გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტი, 28 წლის ია ფრანგიშვილი აჭარის რეგიონიდან. „პირველად გავიგე CVE-ს (ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბროლა) ტერმინის შესახებ, თუმცა ვცხოვრობ და ვმუშაობ ისეთ რეგიონში, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით არის დასახლებული და ხშირად მიხდება ამ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების გაშუქება.“
ტრენინგზე ასევე იყო საუბარი ბიზნესჟურნალისტიკასა და საგამომძიებლო ჟურნალისტიკის ტექნიკაზე, რომელთა შესახებაც, როგორც ტრენინგის მონაწილებმა აღნიშნეს, მათ ბევრი არაფერი იცოდნენ.
„იმის გააზრება, თუ რა ხდება შენს რეგიონში, ვინ არის ბიზნესის მფლობელი და რა გავლენას ახდენენ ცალკეული ბიზნესმენები თუ პოლიტიკოსები კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს რეგიონული ხელისუფლების და რეგიონის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე მათი აუდიტორიისთვის,“ – განაცხადა IWPR საქართველოს ვებრედაქტორმა და ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლის კოორდინატორმა რეგინა ეგოროვა-ასკეროვამ. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხვდებოდე და გაინტერესებდეს ქვეყნის და რეგიონის სტატისტიკა და ციფრები, მაგრამ ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებმაც ახლახან დაამთავრეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ამაში ცუდად ერკვევიან.“
„ჩვენ ასევე განვიხილეთ პროპაგანდა, რადგანაც ეს პრობლემა აქტუალურია, როგორც ლიტვაში, ასევე საქართველოში, ჩვენ ბევრი მსგავსება აღმოვაჩინეთ ამ ორ ქვეყანას შორის,“- განაცხადა EESC-ს წარმომადგენელმა ვიტაუტას კერშანსკასმა. „ტრენინგის დროს მონაწილეებმა შეძლეს მოეხდინათ პროპაგანდის მაგალითების იდენტიფიცირება და მისი ძირითადი ტექნიკის გამოვლენა, ასე რომ, ტრენინგის შემდეგ, პრობლემის უკეთ გასააზრებლად მათ უკვე შეექმნებათ თეორიული ჩარჩო. ამასთან ერთად, ლიტვას გააჩნია პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის გამოცდილებაც, რომელიც ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ კოლეგებს, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ეს მათ დაეხმარება ევროპული ფასეულობების უკეთ გაგებაში.“
ტრენინგის შემდეგ, მონაწილე ჟურნალისტებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით უნდა მოამზადონ და გამოაქვეყნონ მასალა.
სამი საუკეთესო სტატიის ავტორი, შემოდგომაზე გაემგზავრება ლიტვაში, სადაც წამყვან მედიასაშაულებებში გაივლის სტაჟირებას.