ფართოდ გავრცელებული წინასწარგანწყობის გამო ლგბტ თემის წევრებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები არ არსებობს.
სომხეთის სოციალურად კონსერვატიულ საზოგადოებაში, სადაც საკმაოდ ძლიერია ჰომოფობიური განწყობები, ცხოვრება ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ადამიანებისთვის არ არის მარტივი.
უფრო მეტად, სირთულეებს აწყდებიან ისინი, ვინც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. ქვეყნის რეგიონებში ლგბტ პირების მიმართ საზოგადოება გაცილებით არატოლერანტულია. სოციალიზაციას ართულებს ის გარემოებაც, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ლგბტ პირი არ გახდება თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი.
25 წლის არტური (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ გიუმრიში და ვანაძორში – ერევნის შემდეგ ყველაზე დიდ ქალაქებში, არ არსებობს ისეთი გასართობი ადგილები, სადაც ლგბტ ადამიანები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.
„შეუძლებელია, კაფეში შევიდე და არ ვიგრძნო ვინმეს ბოროტი მზერა ან არ გავიგონო გამაღიზიანებელი კომენტარი. ერთხელ, ვიკამათე კიდეც, რაღაც მომაძახეს, თუმცა მენეჯერი ჩემთან მოვიდა და მე გამიშვა გარეთ. ასე მითხრა, კამათი შენ გამო დაიწყოო,“ – ამბობს არტური, რომელიც გიუმრიში ცხოვრობს.
ამიტომ, შაბათ-კვირაობით არტური თავის მეგობრებთან ერთად დასასვენებლად ერევანში მიემგზავრება, 120 კილომეტრის მოშორებით, სადაც უფრო მეტი თავისუფლებაა.
„გეებისადმი გულთბილი დამოკიდებულებით დიდად არც ერევანი გამოირჩევა, თუმცა ეს ერთადერთი ადგილია სომხეთში, სადაც შეგიძლია შედარებით თავისუფლად იგრძნო თავი,“ – ამბობს ის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობის“ ხელმძღვანელი სერგეი გაბრიელიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოშორებულ რეგიონებში ლგბტ პირების მიმართ ასეთი არატოლერანტული დამოკიდებულება შიდა მიგრაციის გამომწვევი მიზეზი ხდება.
„პროვინციაში მცხოვრები ლგბტ პირი ყველანაირად ცდილობს ჩააბაროს ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში ერევანში და დედაქალაქში გადმოვიდეს საცხოვრებლად. დედაქალაქის ფარგლებს გარეთ გეი ადამიანისთვის ცხოვრება ძალიან რთულია,“ – აცხადებს გაბრიელიანი, რომლის ორგანიზაცია მთელი სომხეთის მასშტაბით იცავს ლგბტ ადამიანების უფლებებს.
„პროვინციაში მცხოვრები ლგბტ პირი იძულებულია დამალოს თავისი იდენტობა, რადგან მას თანასწორად არავინ მიიღებს,“ – ამბობს გაბრიელიანი
არასამთავრობო ორგანიზაცია „პინქის“ (Pink Armenia) მიერ ლგბტ თემის მიმართ დამოკიდებულების თაობაზე წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ჩანს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.
კვლევის თანახმად, 1, 017 გამოკითხული ადამიანიდან 93, 8 პროცენტი ამბობს, რომ არ უნდა ქუჩაში ხელიხელჩაკიდებული გეი წყვილების დანახვა, ხოლო 97, 5 პროცენტი ეწინააღმდეგება იმას, რომ ისინი საზოგადოებაში კოცნიდნენ ერთმანეთს.
საქართველოში მოქმედი ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) მიერ ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ლგბტ პირები არიან „ყველაზე მარგინალიზებული, ყველაზე უჩინარი და დისკიმინირებული ჯგუფი“ როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში.
„ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული გარკვეული წარმატების მიუხედავად,… ჯგუფის წევრები კვლავაც აწყდებიან ძალადობას, ჩაგვრას და შევიწროებას როგორც საზოგადოების, ასევე კონკრეტული ინსტიტუტების, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების და დამსაქმებლების მხრიდან. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოტივირებული ძალადობა ხშირად რჩება აღრიცხვის და შესაბამისად, სათანადო რეაგირებისა და სასჯელის გარეშე,“ – ნათქვამია ანგარიშში.
ცხოვრება არც დედაქალაქშია მარტივი. ასობით რესტორანს, ბარსა თუ კაფეს შორის ვერ იპოვი ვერც ერთ გასართობ ადგილს, სადაც ლგბტ თემის წევრები შეძლებენ დასვენებას.
2012 წელს, ერევნის DIY კლუბს, რომელიც ცნობილი იყო როგორც გეი ადამიანების თავშეყრის ადგილი, ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო მის მფლობელს დევნა დაუწყეს.
ამის შემდეგ, სომხეთში ვერავინ ბედავს ლგბტ პირებისთვის რაიმე გასართობი დაწესებულების გახსნას.
გეი მამაკაცებისა და ტრანსგენდერი ქალებისთვის ერევანში ფუნქციონირებს ერთი კერძო კლუბი, რომელიც კლუბის წევრებისა და მათი მეგობრებისთვის ყოველდღე არის ღია.
კლუბის დირექტორი, 32 წლის ნელი (სახელი შეცვლილია) წარმოშობით ვანაძორიდანაა. როდესაც ერევანში გადმოვიდა საცხოვრებლად, აღმოაჩინა, რომ მისი ძმა გეი იყო.
„მე ის თავიდანვე მივიღე. ჩემი ძმის საშუალებით გავიცანი ეს საზოგადოებაც,“ – გვიყვება ის.
კლუბი შარშან გახსნა, ძმის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, „მისნაირ ადამიანებს აქ კომფორტულად რომ ეგრძნოთ თავი,“ – დასძენს ის.
ნელიმ საქმის დაწყებისთანავე ასი საწევრო ბარათი დაურიგა იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე რჩებიან მისი კლუბის ერთგულ წევრებად.
„ვცდილობ ბევრი ხალხი არ შემოვუშვა, ჩემმა კლიენტებმა თავი კომფორტულად რომ იგრძნონ. ყველას პირადად ვიცნობ. ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ არავის არ შეექმნას პრობლემა, ისინიც მიჯერებენ,“ – გვიხსნის ის.
ნელის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მისი კლუბის შესახებ ქალაქში ბევრმა იცის, თუმცა არანაირ თავდასხმას არ ელოდება.
„ჩვენ ხელს არავის ვუშლით. ამ ადამიანებს გართობა სჭირდებათ. მე ვეუბნები – კლუბიდან ნუ გახვალთ, ნუ მიიქცევთ ყურადღებას ისე, რომ ვინმე შეაწუხოთ.“
ყველა, ვინც კლუბის არსებობის შესახებ იცის, მას ძალიან ემადლიერება.
„ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია ვიყო ის, რაც ვარ,“ – ამბობს მილენა, მუდმივი კლიენტი. „აქ არავინ მიყურებს ალმაცერად და არავინ მაძლევს უხერხულ შენიშვნებს.“
აშოტი (სახელი შეცვლილია), რომელიც კლუბის დაცვაში მუშაობს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კლუბის სტუმრები დაიცვას უსიამოვნო შემთხვევებისგან.
„როდესაც უცხო ადამიანები ცდილობენ კლუბში შემოსვლას, მე ჩემი მხრიდან ვცდილობ ავუხსნა, რომ შესვლა არ შეიძლება. ზოგჯერ უბრალოდ ვეუბნები, რომ გეი კლუბია და ისინიც მიდიან. ხდება ისეც, რომ ზოგი დაჟინებით ითხოვს შესვლას, თუმცა მე, რასაკვირველია, არ ვუშვებ,“ – გვეუბნება ის.
ლბგტ კლუბების არარსებობის პირობებში, თემის წევრები წვეულებების მოწყობას დამოუკიდებლად ცდილობენ.
26 წლის სარქისი გვიყვება, თუ როგორ დაიწყო მეგობრებთან ერთად საღამოების მოწყობა.
პირველ რიგში კლუბის ხელმძღვნელობას შეუთანხმდნენ. შემდეგ, მოაგვარეს უსაფრთხოების საკითხი და ერთად შეადგინეს სტუმრების სია.
„პირველ წვულებაზე 160 ადამიანი მოვიდა,“ – თქვა მან. „ყველა ძალიან კარგად გავერთეთ, თუმცა ძალიან დაძაბულები ვიყავით.“
წვეულების დღეს სარქისს რამდენჯერმე დაურეკეს და დაექმუქრენ, რომ თუ ის წვეულებას ჩაატარებდა კლუბს ააფეთქებდნენ. მოგვიანებით, უცნობთა ჯგუფი კარის ჩამტვრევას და შენობაში შეღწევასაც შეეცადა.
„ამის შემდეგ, ბევრი ვიფიქრეთ, რომ აღარ ღირდა ლგბტ წვეულებების მოწყობა,“ – გვითხრა სარქისმა.
თუმცა, მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებმა კიდევ ორი კლუბური წვეულება მოაწყვეს, აქედან ბოლოს – 250 ადამიანი დაესწრო.
„სომხეთისთვის ეს უპრეცედენტო რიცხვია. ეს ამტკიცებს, რომ საზოგადოებას ასეთ ღონისძიებები სჭირდება,“ – დასძინა სარქისმა.
ლიტერატურულ ჟურნალ „ინკნაგირის“ მთავარი რედაქტორი ვაჰამ იშხანიანი ლგბტ საკითხების შესახებ დიდი ხანია წერს.
მისი პირველი სტატია გეი ადამიანების შესახებ 2002 წელს დაიბეჭდა, როდესაც ჰომოსექსუალური ურთიერთობები სომხეთში ჯერ კიდევ ოფიციალურად იყო აკრძალული.
„ჟურნალისტებს არ სურდათ ამ თემასთან შეხება. როდესაც დაიბეჭდა ჩემი პირველი სტატია ერთ-ერთმა ადგილობრივმა რედაქტორმა მითხრა, რომ იმედი მაქვს ჩემი შვილი ამ სტატიას არ წაიკითხავსო,“ – გვითხრა იშჰანიანმა.
შემდეგ წელს სომხეთი გაწევრიანდა ევროპის საბჭოში და მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია.
ღრმად ფესვგადგმული დისკრიმინაციის მიუხედავად, ლგბტ ადამიანების მიმართ სოციალური დამოკიდებულება მას შემდეგ, რასაკვირველია, უფრო შერბილებულია.
„დღეს, არიან ჰომოსექსუალები, რომლებიც საჯაროდ აღიარებენ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ,“ – ამბობს იშხანიანი. „2000-იან წლებში იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც ჰომოსექსუალებს კლავდნენ. დღეს, ფიზიკური ძალადობის დონე შედარებით ნაკლებია. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სხვებისგან განსხვავებულად გამოიყურებიან. ადრე ასე არ იყო. როდესაც ასეთ ცვლილებებს ვატყობ, ვრწმუნდები, რომ ახალი ცვლილებებიც იქნება.“