გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველებმა, თებერვალში მოულოდნელად დახურული საზღვრის გახსნის მოთხოვნით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
თებერვლის შუა რიცხვებში, აფხაზეთიდან დევნილებისა და გალის რაიონში ნებაყოფილობით დაბრუნებულებისთვის დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთა, ნებადართული გახდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით.
ერთი თვით ადრე, 2016 წლის 26 იანვარს, ოკუპირებული აფახაზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს – უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივ სტატუსზე. კანონის ირგვლივ დებატები ორი წლის განმავლობაში გძელდებოდა. აფხაზეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა გალში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას. კანონის თანახმად, საქართველოსა და აფხაზეთის ერდროული მოქალაქეობა დაუშვებელია. ხოლო იმის განსაზღვრა, თუ ვინ ფლობს აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის სტატუსს, შესაძლებელია მხოლოდ მოქალაქის პირადი გაცხადების საფუძველზე.
დე-ფაქტო სზღვრის, გალის რაიონში მდებარე ხუთივე გამშვებ პუნქტზე საზღვარი დროდადრო იხსნება და იკეტება. გალსა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებელები საზღვარს შემოვლითი გზითაც კვეთენ – სამედიცინო, საგანმანათლებლო, სავაჭრო და ნათესავების მონახულების მიზნით. სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემით დე-ფაქტო საზღვარს თვეში 30 ათასამდე ადამიანი კვეთს.
თებერვალში ყველასთვის მოულოდნელად გახსნილი საზღვარი, ასევე მოულოდნელად, მოსახლეობისთვის ოფიციალური ახსნა-განმარტებების გარეშე, ხუთ დღეში ჩაიკეტა. საზღვრის ორივე მხარეს დარჩნენ ადამიანები, რომელთა ერთ ნაწილს საკუთარ სახლებში დაბრუნება შემოვლითი გზით მოუწია.
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ. მომდევნო წლებში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დაიწყო დევნილთა ნებაყოფილობითი დაბრუნება და სხვადასხვა წყაროების მიხედვით დღეს აფხაზეთში 50-60 ათასი ქართველი ცხოვრობს ძირითადად გალში და მიმდებარე სოფლებში. ეს კი აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 20% შეადგენს მოსახლეობის აღწერის 2011 წლის მონაცემების თანახმად.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში საზღვრის გახსნისა და დახურვის რამდენიმე არაოფიციალურ მიზეზს ასახელებს. ალექსანდრე ჩიკვაიძეს აზრით აფხაზებსა და რუსებს სურდათ გამოევლინათ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეალური რაოდენობა.
„მათ მოიფიქრეს ასეთი სქემა: სოფლის ადმინისტრაციის დონეზე გააკეთეს სპეციალური საბუთი, „სპრავკა“, რაც საზღვრის გადაკვეთის მსურველებს ქართულ პასპორტთან ერთად უნდა წარედგინათ. ამ ამბავს ქართულ მოსახლეობაში ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა. იქ მაცხოვრბელმა ქართველებმა სიხარულით აიღეს „სპრავკა“ და საზღვარიც გადაკვეთეს. მათი მონაცემები კი აფხაზებმა და რუსებმა კომპიუტერში გაატარეს. ფაქტობრივად ამ ადამიანებმა თვითლუსტრაცია მოახდინეს,“ – ვარაუდობს ალექსანდრე ჩიკვაიძე.
ადგილობრივების ცნობით, ინფორმაცია საზღვრის გახსნის შესახებ, გალის რაიონის სხვადასხვა სოფლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, აფხაზმა და რუსმა მესაზღვრეებმაც გაავრცელეს.
„მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, როდესაც საზღვარი გაიხსნა რუსმა და აფხაზმა მესაზღვრეებმა, გალის რაიონის ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვეს საზღვრის გადაკვეთის მსურველთა აღსარიცხად,“ – გვიამბობს თვითმხილველი გალის რაიონიდან.
ის რომ გალის რაიონის მცხოვრებლებს, რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლოთ საზღვარი ქართული პირადობის მოწმობითა და გალის რაიონში ცხოვრების დამადასტურებელი ცნობით, გადაეკვეთათ, დაადასტურა გალის რაიონის დე–ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამაც. იგი ამბობს, რომ მომხდარში განსაკუთრებული არაფერია.
მისი აზრით, აფხაზეთში მოქმედი კანონები, გალის რაიონის მცხოვრებლებთან მიმართებაში, ძალიან ლიბერალურია.
,,მათთვის საზღვარი გახსნილია ჰუმანიტარული მიზნით. ამ ადამიანებს შეუძლიათ გადალახონ ის ნებისმიერი დოკუმენტით, რაც დაადასტურებს გალის რაიონში მათი ცხოვრების ფაქტს – საბჭოთა პასპორტი იქნება ეს, აფხაზეთის პასპორტი, ფორმა #9, ქართული საზღვარგარეთის პასორტი საშვთან ერთად, რომელსაც აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს. სიტუაცია 7–დან 19 თებერვლის ჩათვლით განსხვავდებოდა იმით, რომ საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იყო ქართული პირადობის მოწმობით, გალის რაიონში ცხოვრების დამადასტურებელ ცნობასთან ერთად’’– განმარტა ნადარაიამ.
საზღვრის გახსნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა თუ არა ოტობაია-ორსანტიის, ხურჩა-ნაბაკევის, თაგილონი-შამგონას, საბერიოსა (გალის რაიონის სოფლები) და ენგურის ხიდებზე არსებულ გამშვებ პუნქტებს ასობით ადამიანი მიაწყდა. ზოგს აფხაზეთში უნდოდა ჩასვლა, წლობით უნახავი ოჯახის წევრების მოსანახულებლად, ზოგს კი იმავე მიზეზით ზუგდიდისკენ მიეჩქარებოდა.
51 წლის ხათუნა ბიგვავამ, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან, რამდენიმე ასეული სხვა დევნილის მსგავსად, ქართული პირადობის მოწმობით გაიარა რეგისტრაცია და საზღვარი 13 თებერვალს უპრობლემოდ გადალახა. მას არც უფიქრია, რომ ზუგდიდში დაბრუნებას იმავე გზით ვეღარ შეძლებდა.
„ნაბაკევში ორსანტია-ოტობაიას ხიდით გადავედი. დაუჯერებელი იყო, რაც მოხდა, რადგან 2008 წლიდან დღემდე, ეს გზა ჩვენთვის არ გახსნილა. შემოვლითი გზით, რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე. ენით აუწერელი შიში და წვალება გავიარე. მას შემდეგ მსგავს რისკზე აღარ წავსულვარ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ჩემ ნათესავ ქალებთან ერთად დაგვიჭირეს რუსებმა და გალის მილიციაში წაგვიყვანეს. ახლობლების ჩარევით, ხანგრძლივი მოლაპარაკებისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაგვათავისუფლეს,“ – იხსენებს ხათუნა.
იმ ქართველებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ 90–იანი წლების შეიარაღებულ კონფლიქტში და არ იძებნებიან სამხედრო ან სხვა სახის დანაშაულისთვის, დე–ფაქტო აფხაზეთში სტუმრის სტატუსით ჩასვლა ოფიციალურად არ ეკრძალებათ. ოღონდ სტუმრის სტატუსით მოსარგებლეებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აგონ პასუხი.
ელზა ფაცურია, დროებით თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, იგი გალის რაიონის დაბალი ზონის ერთ–ერთი სოფლიდანაა. ელზა საზღვრის გახსნის დღეებში გალში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმამდე, ასე თუ ისე ხშირად ვახერხებდი ჩემი მშობლების მონახულებას [გალში]… რაც მავთულხლართებით შემოსაზღვრეს ადმინისტრაციული საზღვარი, საკუთარ სახლში სტუმრის სტატუსით ჩავდივარ. სამწუხაროდ იქ ყოფნის დრო შეზღუდული მაქვს. საშვი ერთვიანია და ამ დროის გასვლამდე აუცილებდად უნდა დავტოვო აფხაზეთი“, – გვიყვება ელზა.
„იმ შემთხვევაში, თუ სახლში ერთ თვეზე მეტ ხანს დავრჩი „არალეგალად“ ვითვლები და როგორც „კანონდამრღვევი“, სახლიდან ვეღარ ვახერხებ გასვლას. ახლა ჩვენთან ხელმოწერებს აგროვებენ საზღვრის გახსნის მოთხოვნით. ჩემ სოფელში უკლებლივ ყველამ მოაწერა ხელი“, – იმედს არ კარგავს ელზა.
უსაბუთო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გადაკვეთა მაღალი რისკის ფასად მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.
მსგავსი სტრესის თავიდან ასაცილებლად, საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადერთი გზა არსებობს აიღონ დე–ფაქტო აფხაზური პასპორტი, საამისოდ კი უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე (აფხაზეთის დე–ფაქტო მთავრობის პირობაა ასეთი). თუ გალში თვითნებურად დაბრუნებული ქართველების უმრავლესობა წლების განმავლობაში უარს ამბობდა ამაზე, ახლა აზრი შეიცვალეს.
ადგილობრივების ცნობით, გალში აფხაზური პასპორტების გაცემის დაწყებას მოუთმენლად ელოდებიან.
„ჩვენ გვითხრეს, რომ ეს პროცესი მარტში დაიწყება. ალბათ ბევრი აიღებს აფხაზურ პასპორტს. ეს ერთადერთი გზაა გალში მცხოვრები ქართველებისთვის, რომ კავშირი არ გაწყვიტონ დანარჩენ საქართველოსთან,“ – ამბობს გალის რაიონიდან დევნილი ელზა ფაცურია.
ამ დროისთვის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ენგურის ხიდთან, ისევ რჩება კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის ოფიციალური მიმოსვლის ერთადერთ შესაძლებლობად.
ენგურის ხიდზე მუდმივად მოძრაობაა, თუმცა იქ მგზავრების განსაკუთრებით დიდ ნაკადს დილისა და საღამოს საათებში ნახავთ.
70 წლის გურამ ეზუღბაია, რომელიც ენგურის ხიდს ხშირად კვეთს ამბობს, რომ მისთვის საზღვრის გახსნას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ისედაც ახერხებს აფხაზური პასპორტით მიმოსვლას.
„მე მირჩევნია, აფხაზეთში, ჩემ სახლში ცხოვრება ვიდრე ენგურს გაღმა. კომპაქტურ ცენტრებში ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. ისინი დღე და ღამე მთავრობის მოწყალებას ელოდებიან. მე ავიღე აფხაზური პასპორტი და არ მაქვს მგზავრობის პრობლემები. მირჩევნია ჩემს სახლში ვიყო და მაძღარი. ვიდრე სადღაც ერთ ოთახში გამომწყვდეული და ვშიმშილობდე. თუ მუშაობა გიყვარს გალში მშიერი არ მოკვდები,“ – დასძინა მან.