საქართველოს, მოლდავეთსა და ლიტვას, როგორც ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მსგავსი წარსული აერთიანებთ, თუმცა მათ განვითარების ერთმანეთისგან განსხვავებული გზა განვლეს.
ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა (IWPR) და აღმოსავლეთი ევროპის სასწავლო ცენტრის (EESC) მიერ ერთობლივად დაარსდა. მისი მიზანია ქართველი და მოლდაველი ჟურნალისტების გადამზადება და ლიტვის გამოცდილების გაზიარება – პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ევროკავშირის წევრობამდე.
ლიტველი კოლეგებისგან მიღებული ინფორმაცია ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისას ისეთი სირთულეების გადალახვაში დაეხმარებათ, როგორიცაა დეზინფორმაციული პროპაგანდა, ჟურნალისტური ეთიკა, მედიის მართვა და თვითრეგულაცია.
სამ-სამი ჟურნალისტი, რომელიც ორი ქვეყნის ცენტრალურ და ადგილობრივ მედიასაშუალებებში მუშაობს, ვილნიუსში სხვადასხვა ოფიციალური უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვარლამ წიკლაური, ერთ-ერთი იყო იმ ექვსი ჟურნალისტისგან, რომელიც 19-დან 24 სექტემბრამდე ვილნიუსში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა. იგი ლიტვაში წარმოადგენდა ორენოვან მულტიმედია გამოცემას, “სამხრეთის კარიბჭეს”, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფუნქციონირებს.
“ძალიან ხშირად გვიწევს, მოსახლეობას ავუხსნათ, თუ რა მნიშნველობა აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ჩვენი ქვეყნისათვის. განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, რომლებზეც შეიძლება ძლიერად იმოქმედოს ანტიდასავლურმა პროპაგანდამ”, – ამბობს ვარლამ წიკლაური.
ლიტვაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპელი ჟურნალისტებისათვის პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის გამოცდილების გაზიარება.
სწორედ ამ მიზნით, ჟურნალისტები შეხვდნენ ლიტვის საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროს, ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის, ლიტვის სეიმისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს. ისინი ასევე იმყოფებოდნენ წამყვან მედიასაშუალებებსა და კვლევით ორგანიზაციებში.
ლიტვის სეიმში (ლიტვის პარლამენტში) ვიზიტის დროს აღინიშნა, რომ 2016 წელს სამივე ქვეყანაში იმართება არჩევნები. ოქტომბრის ბოლოს მოლდოვა, დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს. საქართველოსა და ლიტვაში კი ერთი დღის სხვაობით, 8 და 9 ოქტომბერს, ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.
გიორგი ხუხიამ, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია “მაესტროში” მუშაობს, ვილნიუსში ჩასვლისთანავე შენიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესი იქ საქართველოსგან განსხვავებით ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა.
„იმას რასაც ლიტვაში, თანაც ცენტრალურ ქალაქში წავაწყდით, მთლიანად განსხვავდება ქართული რეალობისგან. განსაკუთრებით რაც თვალში მომხვდა ისაა, რომ პლაკატები და ბანერები არაა გაკრული მთელ ქალაქში, ისე, როგორც ეს საქართველოშია. როგორც გავიგეთ, პოლიტიკოსებიც ზომიერად მონაწილეობენ გადაცემებში”, – ამბობს გიორგი ხუხია.
წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, პოლიტიკური გადაცემები ყოველდღე გადოდა ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიაში (LRT). LRT-ის ტელევიზიაც და რადიოც სამ-სამ ცალკეულ არხად ფუნქციონირებს: მთავარ არხზე, ძირითადად, ახალი ამბები და პოლიტიკური თოკ-შოუები გადის, მეორეზე – დოკუმენტური ფილმები და კულტურულ-შემეცნებითი გადაცემები, ხოლო მესამე სიხშირე საზღვარგარეთის აუდიტორიისათვისაა განკუთვნილი.
როგორც LRT-ში გვიყვებიან, ლიტვის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არ გაიწერება წლიურ ბიუჯეტში, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. LRT-ის დაფინანსებას ახლა განსაზღვრავს ის, თუ რა შემოსავალი ექნება ქვეყანას ყოველწლიურად და სწორედ მისი ბიუჯეტის გარკვეულ ნაწილს მიიღებს მაუწყებელი მთავრობისაგან.
„ეს კარგია იმიტომ, რომ პოლიტიკოსების, პარტიებისა თუ სეიმის გავლენებისგან მაქსიმალურად ვიყოთ დაცულები, ასე მაუწყებელი უფრო მეტად ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოებასთან“, – აგვიხსნეს LRT-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ჟურნალისტები იმყოფებოდნენ ლიტვის წამყვან ონლაინ-მედიასაშუალებებშიც: „დელფისა“ და „ბალტიკ ნიუს სერვისში“ (BNS). BNS-ი ახალი ამბების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სააგენტოა, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფუნქიონირებს. სააგენტოს სათავო ოფისი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მდებარეობს, თუმცა BNS-ი ლიტვასა და ლატვიაშიც აქტიურად ფუნქიონირებს.
BNS-ის დირექტორის მოადგილემ, ვაიდოტას ბენიუსისმა გვითხრა, რომ სააგენტოს შემოსავალი მისი მკითხველია, რადგან გამოცემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფასიანია: მკითხველებს უწევთ, იგი გამოიწერონ, შესაბამისად, რეკლამის წილი მათ შემოსავლებში არც ისე მაღალია.
განსხვავებული ბიზნესმოდელი აქვს კიდევ ერთ წამყვან ინტერნეტ-პორტალს, „დელფის“ (Delfi.lt). დელფი BNS-ის მსგავსად, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში მუშაობს, თუმცა დელფის შემოსავლის წყარო არა გამომწერები, არამედ მნახველები არიან: ისინი რეკლამებისგან იღებენ შემოსავალს, ასევე სხვადასხვა უწყების საინფორმაციო მომსახურებისათვის.
ჟურნალისტები შეხვდნენ ცნობილ ლიტველ სოციოლოგს, რასა ალისაუსკიენეს, რომელიც კვლევითი ორგანიზაცია „ბალტიკ სარვეის/გალუპის„ (Gallup Baltic Survey) დამაარსებელი და დირექტორია.
საუბრისას გამოიკვეთა, რომ მოლდაველი ახალგაზრდები მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მოლდავეთთან 2014 წელს სავიზო რეჟიმი გაამარტივა, უფრო მეტად ფიქრობენ ქვეყნის დატოვებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ და საცხოვრებლად. მოსახლეობის შემცირებას უჩივის ლიტვაც.
მოლდავეთსა და საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების შეკრებას არ ჩაუვლია ამ ორი ქვეყნისათვის მტკივნეული თემების განხილვის გარეშეც. მათ ბევრი ისაუბრეს დნესტრისპირეთზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.
ამ სამი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ძირითადად, ასევე თვითაღიარებული რესპუბლიკები აღიარებენ. მაგალითად, 1992 წლის დნესტრისპირეთის ომის შემდეგ, მის დამოუკიდებლობას მხოლოდ დე-ფაქტო აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი-ყარაბაღი აღიარებს.
„მართალია, სიტუაცია ამ სამ გეოგრაფიულ ადგილში განსხვავდება, თუმცა საერთო წერტილებისა და პრობლემების პოვნა მაინც შესაძლებელია. მაგალითად, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები სამივეგან გვხვდება. ასევე, კონფლიქტების მხარეებს შორის ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდება ეფექტური კომუნიკაცია“, – ამბობს ჟურნალისტი მოლდავეთიდან, ვიტალი ჰოტნოგუ, რომელიც რუმინეთის საზღვართან ქალაქ კაჰულში ცხოვრობს.
ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლის ფარგლებში ტრენინგები და პროფესიული მივლინება 2017 წელსაც იგეგმება. განაცხადი რამდენი თვით ადრე გამოქვეყნდება Reporter.Ge და სხვა პარტნიორი მედია საშუალებების ვებ გვერდებზე.
პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) და აღმოსავლეთი ევროპის სასწავლო ცენტრის (EESC) მიერ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.