სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სირიელი რეპატრიანტები აფხაზეთში ინტეგრაციას ცდილობენ

0 კომენტარი
 2016 წლის 29 დეკემბერი   ავტორი: დომინიკ ცაგარა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სირიიდან დევნილი ჩერქეზების ნაწილმა აფხაზეთში იპოვა თავშესაფარი, თუმცა ვერ გაამართლა აფხაზი ნაციონალისტების მოლოდინი.

დომინიკ ცაგარა

დანა ბარსბაი

დანა ბარსბაი, რეპატრიანტი სირიიდან. კაფე სოხუმში (ფოტო: დომინიკ ცაგარა/IWPR).

დანა ბარსბაი ეთნიკური ჩერქეზია ქალაქ დამასკოდან. ის ერთ-ერთია იმ ხუთასი სირიელიდან, რომლებიც ომს გამოექცნენ და აფხაზეთში იპოვეს თავშესაფარი.

დანას ოჯახის წევრები და ნათესავები ავსტრიაში, ბელგიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებში – ადიღესა და ყაბარდო-ბალყარეთში ცხოვრობენ.

„აფხაზეთში სამი წლის ცხოვრების შემდეგ, ჩემმა ბიჭმა ავსტრიაში არალეგალურად გამგზავრება არჩია – იმ პერიოდში, როცა საზღვრები დროებით იყო ღია,“ – ამბობს ბარსბაი. „აფხაზეთი მოსწონს, ამბობს, ჩამოვალ სტუმრადო, მაგრამ აქ სამუშაო არ არის. ძნელია მებაღედ და დარაჯად მუშაობა. სირიაში ჩვენ ასეთ სამუშაოს არ ვიყავით მიჩვეულები. მე თვითონ არასოდეს მიმუშავია, არ მჭირდებოდა, ახლა მიმტანი ვარ. თუმცა, აფხაზური სტანდარტებით, ჩემი ხელფასი თვეში 15 000 რუბლი (198 ევრო) და კიდევ „ჩაის ფული,“ არ ითვლება ცუდ შემოსავლად. სხვა სირიელებს ასე არ გამართლებია. უმეტესობა უმუშევარია, ზოგი კიდევ ქარხნებში მუშაობს.“

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ახლა აქტიურად არის ჩართული სირიის ომში და ამავე დროს, აფხაზეთის მთავარ მოკავშირეს წარმოადგენს, ბარსბაი თვლის, რომ ბედნიერია, საერთოდ რომ აქვს თავშესაფარი.

„ჩემთვის ეს აღარაა პრობლემა. უბრალოდ მინდა, რომ მშვიდი ცხოვრება მქონდეს,“ – ამბობს ის. „ერთ დღეს, თუ მშვიდობა იქნება…რა თქმა უნდა, დავბრუნდები.“

2011 წელს აფხაზეთის ხელისუფლებამ მთელი მსოფლიოდან ეთნიკური აფხაზებისა და სხვა ჩრდილოკავკასიელი ხალხების რეპატრიაციის ყოვლისმომცველი სტრატეგია შეიმუშავა. აფხაზები, აბაზები, ჩერქეზები და უბიხები ეთნიკურად და ლინგვისტურად მონათესავე ხალხებად ითვლებიან, რომლებსაც საერთო ისტორია აერთიანებს – საკუთარი სამშობლო ყველა მათგანს იძულებით დაატოვებინებს და გადაასახლეს მუჰაჯირობის დროს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. 

სირიის სამოქალაქო ომის შედეგად, ეგრეთ წოდებული რეპატრიანტების უპრეცედენტო ნაკადი თავშესაფრის ძიებაში გამოედინა ქვეყნიდან და ახლა ისინი საკუთარი ადგილის  პოვნას აფხაზეთშიც ცდილობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი მიგრანტები ძირითადად ლტოლვილები არიან და საკუთარი სახლები მათ თავიანთი ნებით არ დაუტოვებიათ, აფხაზეთის ხელისუფლება მათ მაინც რეპატრიანტებად მიიჩნევს და ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი არიან ძირძველი ჩრდილოკავკასიელები, რომლებიც თავიანთ ისტორიულ სამშობლოს  დაუბრუნდნენ.

აფხაზურ ელიტაში არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ რესპუბლიკაში ეთნიკური აფხაზების რაოდენობის ზრდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იმდენად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რომ პოლიტიკა უნდა გაფართოვდეს და მან უნდა მოიცვას ეთნიკურად და კულტურულად მონათესავე ჩრდილოკავკასიელი ერები, მათ შორის ჩერქეზებიც.

„უმეტესობამ არ ვიცით ვინ ვართ, რეპატრიანტები თუ ლტოლვილები,“ – ამბობს მურატი, დამასკოელი ჩერქეზი. „მთავრობას ურჩევნია ჩვენ რეპატრიანტები გვიწოდოს, რადგან თვლის, რომ ჩვენ ჩვენს „სამშობლოში“ დავბრუნდით. იმის მერე, რაც ფულადი დახმარება, შეგვიმცირდა, უფრო ლტოლვილებად ვგრძნობთ თავს. ბევრი აფხაზური ოჯახი, განსაკუთრებით სოფლებში, ჩვენზე უარეს პირობებში ცხოვრობს, მაგრამ სირიელები აქაურ ცხოვრებას მათ ადრინდელ ცხოვრებას ადარებენ და ამიტომ არიან იმედგაცრუებულები. თუმცა, აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვექცევიან,“ – დასძენს მურატი.

აფხაზეთის ეკონომიკურ კეთილდღეობას მთლიანად  რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარება განაპირობებს. აფხაზი პენსიონერების უმეტესობა პენსიას რუსეთიდან იღებს, გალის რაიონის გამოკლებით, სადაც ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ და ნაწილი პენსიასაც საქართველოდან იღებს.  

საინფორმაციო სტენდი სოხუმში

საინფორმაციო სტენდი რეპატრიაციის კომიტეტის წინ სოხუმში, სადაც გამოკრულია გაზეთი “აფსადგილ აგვეისიბზ” (სამშობლოს გულისცემა), რომელიც გამოიცემა რეპატრიანტებისთვის აფხაზურ და თურქულ ენებზე (ფოტო: დომინიკ ცაგარა/IWPR)

რეპატრიანტების ყველა ოჯახს ჩამოსვლისთანავე ენიშნებათ დახმარება, რაშიც შედის ბინის ქირისთვის გამოყოფილი თანხა პირველი ხუთი წლის განმავლობაში, რაც ყოველთვიურად შეადგენს ერთ სულზე ორი ათასიდან სამი ათას რუბლამდე (26-39 ევრო). ასევე, რეპატრიაციის პროგრამის ფარგლებში, პირველ დღეებში თითოეული ადამიანი იღებს 10 000 რუბლამდე ოდენობის თანხას (132 ევროს). რეპატრიანტებისთვის ასევე მოქმედებს აფხაზური და რუსული ენების შემსწავლელი უფასო კურსები და ჯანდაცვის მომსახურება, ასევე უფასოდ.

ვადიმ ჰარაზია აფხაზეთის რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობს.

„სიამაყით ვამბობ, რომ აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენი 3 500 თანამემამულე, ისინი სრულად არიან ადაპტირებული ენის, კულტურის და დასაქმების თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ ჩამოსვლის დღიდან, ცხოვრების ყველა ეტაპზე გავუწიოთ მათ დახმარება,“ – ამბობს ჰარაზია. 

კომიტეტი 1993 წელს, საქართველოსთან ომის დროს დაფუძნდა. 1998 წელს კი შეიქმნა არასაბიუჯეტო რეპატრიაციის ფონდი, რომელიც აფინანსებს რეპატრიანტების ჩამოყვანასა და ინტეგრაციას. რეპატრიაციის პროგრამა სრული დატვირთვით 2012 წლიდან, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ამოქმედდა.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1993 წლიდან შვიდი ათასზე მეტმა რეპატრიანტმა მიიღო აფხაზეთის მოქალაქეობა, მათ შორის უმეტესობა თურქეთში მცხოვრები ეთნიკური აფხაზია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, სირიიდან ხუთასზე მეტი ადამიანი იყო რეპატრიირებული, მათი უმეტესობა ჩერქეზია.

ყველა რეპატრიანტი ავტომატურად ხდება აფხაზეთის მოქალაქე და იღებს აფხაზურ პასპორტს. თუმცა, ის ფაქტი, რომ აფხაზეთი აღიარებულია  მხოლოდ რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ ბევრ რეპატრიანტს უჩენს დაუცველობის განცდას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სირიული პასპორტების ვადის გასვლის შემდეგ, ისინი ფაქტობრივად  საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტის გარეშე რჩებიან.

აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაცია კი არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორც მოსალოდნელი იყო.

მურატის ვარაუდით, ხუთასიდან დაახლოებით ორასმა სირიელმა უკვე დატოვა აფხაზეთი. ისინი ან ისევ სირიაში დაბრუნდნენ ან კიდევ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ან თურქეთში გაემგზავრნენ. მისი თქმით, წასვლის მიზეზი ძირითადად დაბალი ხელფასები და უმუშევრობაა.

„იყო დამსაქმებლების მხრიდან შეურაცხყოფის შემთხვევებიც. ზოგიერთი აფხაზი სარგებლობს იმით, რომ ადამიანები სასოწარკვეთილები არიან და ნებისმიერ სამსახურზე არიან თანახმა, იყვანენ არალეგალურად სამსახურში და შემდეგ, რამდენიმე თვეში ხელფასის გარეშე უშვებენ.“ 

ყველაზე დიდი სირთულე, რასაც ყველა მიგრანტი აწყდება, აფხაზური ენის შესწავლაა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ ნაციონალისტებს უნდათ, რომ რეპატრიანტებმა ისწავლონ მათი ენა, ამისთვის ინიციატივას არ იჩენენ. რესპუბლიკაში მთავარ საკომუნიკაციო ენად, როგორც საყოფაცხოვრებო დონეზე, ისე პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, მედიისა და სავაჭრო სფეროებში, კვლავ რუსული რჩება.

ბარსბაი თავიდან ეცადა აფხაზურის შესწავლას, თუმცა მერე რუსულის სწავლა არჩია.

„ერთი თვე დავდიოდი კურსებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩერქეზული ვიცი და ბევრი სიტყვაა მსგავსი, მაინც საკმაოდ რთული ენა აღმოჩნდა. ბევრი ადამიანი ეცადა აფხაზური ესწავლებინა ჩემთვის, თუმცა არაფერი გამოვიდა.“

ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის სირთულეებს თავისებურად აფასებს მურატი.

 „დიდი განსხვავებაა ტრადიციებსა და განათლებას შორის. სირიაში იშვიათია ქალებსა და კაცებს შორის მეგობრობა და ერთად დროის გატარება. აფხაზეთში ყველა სუფრაზე ყოველთვის არის ალკოჰოლური სასმელი, რაც სირიაში მიუღებელია. დიდი განსხვავებაა განათლების თვალსაზრისითაც. სირიიდან ჩამოსულების უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს და თანამედროვე ტექნიკური უნარებსაც ფლობენ, აფხაზეთში კი თავიანთ  პროფესიით სამსახურს ვერ პოულობენ,“ – გვიხსნის მურატი.

მიუხედავად იმისა, რომ ბარსბაიც და მურატიც აფხაზებს კარგ მასპინძლებად თვლიან, ადგილობრივ საზოგადოებაში სირიელი რეპატრიანტების მიმართ ხშირია უარყოფითი დამოკიდებულება.

მოსახლეობაში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, თითქოს მთავრობა დღემდე ეხმარება 10 000 რუბლით (132 ევრო) ყველა რეპატრიანტს, ხალხში უკმაყოფილებას იწვევს და ხელს უწყობს მათ მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას – ისინი ზარმაცები არიან და ბევრს წუწუნებენ, თუმცა „სხვებზე გაცილებით უკეთ ცხოვრობენ.“

International Alert-თვის მომზადებულ ანგარიშში ჟურნალისტ არიფა კაპბას აღნიშნული აქვს, რომ აფხაზების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება უფრო მეტ თანხას ხარჯავს „სირიელებზე“, ვიდრე გაჭირვებულ „ადგილობრივ მოსახლეობაზე.“

თუმცა, იმ დროს, როცა ხელისუფლებაც და აფხაზური მედიაც რეპატრიაციის პოლიტიკის მხარდაჭერისას მუდმივად პატრიოტიზმსა და ნაციონალურ ინტერესებზე ახდენს აპელირებას, საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვები იმის თაობაზე, უნდა მიეცეს თუ არა საერთოდ ჩერქეზებს რეპატრიაციის უფლება. მათი კავშირი აფხაზეთთან ხომ უფრო ენობრივ და კულტურულ სიახლოვეს ეფუძნება, ვიდრე ეთნიკურს, რაც, თავის მხრივ, ეჭვებს აჩენს მათი სახელმწიფოსადმი ერთგულების თვალსაზრისით.    

რეპატრიანტებს აბრალებენ, რომ ისინი აფხაზეთში არა პატრიოტული მიზეზით, არამედ გამოუვალი მდგომარეობის გამო ჩამოვიდნენ.

ნაციონალური სულისკვეთებით გაჟღენთილი საიმიგრაციო პოლიტიკა საკმაოდ დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ერთი მხრივ, თუ სირიელი „რეპატრიანტები“ დაარღვევენ დაუწერელ სოციალურ კონტრაქტს  და წავლენ, ბევრს გაუჩნდება პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ფული, რომელიც მათი კეთილდღეობისთვის დაიხარჯა, შესაძლებელი იყო მოხმარებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

მეორე მხრივ, რთულია შეეწინააღმდეგო იმასაც, რომ დახარჯული თანხით შესაძლებელი გახდა ასობით ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაძლოა არც არასდროს მოახდინონ თავიანთი თავის იდენტიფიცირება აფხაზეთთან.  

თუ ერთ დღეს, ბარსაი, მურატი და სხვა მათი თანამემამულე სირიაში გადაწყვეტს დაბრუნებას, აფხაზ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას მოუწევს იმის შეფასება, ღირდა თუ არა რეპატრიაციის პროექტში ამდენი ფულის ჩადება.

სტატია მომზადებულია IWPR-ის დავალებით აფხაზეთში.


გამოქვეყნებულ მასალაში ნაწილობრივ დაცულია ავტორის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია და ტოპონიმიკა. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს IWPR-ის ან დონორი ორგანიზაციის პოზიციას. ვებგვერდის რედაქცია არ აგებს პასუხს საავტორო მასალების შინაარსობრივ მხარეზე.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი დომინიკ ცაგარა
დომინიკ ცაგარა - ჟურნალისტი, მთარგმნელი და სამოქალაქო აქტივისტი. ის კავკასიის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და უმცირესობების საკითხებს აშუქებს. ამჟამად მუშაობს მედია გამოცემებისთვის Democracy & Freedom Watch და The Clarion.


მსგავსი სტატიები:


აფხაზეთი რუსეთს უძრავი ქონების ბაზარს უხსნის
ივლისი 23, 2021

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
თებერვალი 27, 2017


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT