დე ფაქტო საზღვრით გახლეჩილი მოსახლეობა მეორე მხარეს დარჩენილი საფლავების მონახულებას ვერ ახერხებს.
სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რაიონებში მცხოვრებმა მოსახლეობამ სააღდგომოდ ახლობლების საფლავების მონახულება წელსაც ვერ შეძლო.
დე ფაქტო ადმინისტრაციული საზღვარი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის მხრიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეები იცავენ, ზოგიერთ ადგილას პირდაპირ სოფლების ან მიწის ნაკვეთების შუაში არის გავლებული.
1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად სამხრეთ ოსეთი საქართველოს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა და ერთ წელიწადში საზღვრის კონტროლიც აიღო ხელში. საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების უმეტესი ნაწილი, სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს.
შიდა ქართლის მოსახლეობას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, დაეკარგა წვდომა საძოვრებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ტყეებსა და საკუთარ სახლებზეც, რადგანაც ერთ დღეს გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა.
პრობლება განსაკუთრებით აქტუალური ხდება გაზაფხულობით, როდესაც ადამიანები აღდგომის დღესასწაულზე ვერ ახერხებენ ნათესავების საფლავებზე გასვლას.
სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოლახვა და საქართველოში საფლავების მონახულება რუსული პასპორტების გამოყენებით შეუძლიათ, ისე როგორც ამას განათლების ან სამედიცინო მომსახურების მიღების შემთხვევაში აკეთებან, მაგრამ ისინი, ვინც გამყოფი ხაზის აქეთ აღმოჩნდა, მეორე მხარეს გადასასვლელად ნებართვა ესაჭიროებათ, რაზეც, როგორც წესი, უარს ეუბნებიან.
„როგორი ქრიასტიანები არიან აბა ეგენი (რუსები)? ერთი დღე მაინც გაგვიშვან, აქვე არ არის? 6 წელი აღარ ვყოფილვარ იქა,“ – ამბობს უშანგი ქოქაშვილი სოფელ ხურვალეთიდან. „ჩემი მშობლები იქ არიან დაკრძალული, სალოცავიც იქ გვაქვს, მაგრამ არ გვიშვებენ.“
ქოქაშვილის მსგავსად, რუს მესაზღვრეებს მისმა თანასოფლელებმაც არაერთხელ მიმართეს თხოვნით, გაეკეთებინათ გამონაკლისი და აღდგომის დღეს მიეცათ საფლავზე გასვლის უფლება, თუმცა უარი მიიღეს.
2 მაისს, ქოქაშვილი, სხვა ხურვალეთელების მსგავსად, მავთულხლართებთან მივიდა და ცოტაოდენი ღვინო და წითელი კვერცხი მშობლების საფლავზე მისატანად გადააწოდა დათა ვანიშვილს, რომელმაც ყველას მაგივრად შემოიარა სასაფლაო და სააღდგომო ძღვენი ყველა გარდაცვლილის საფლავზე დატოვა.
საქართველოს მოქალაქე, 83 წლის დათა ვანიშვილი, უცებ აღმოჩნდა, რომ არის სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქე. რუსმა მესაზღვრეებმა მისი სახლი მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს და მეორე მხარეს გადასვლა აუკრძალეს.
საფლავების მონახულება ასევე პრობლემას წარმოადგენს ათასობით იძულებით გადადგილებულ პირისთვის, რომლებიც უკვე მერვე წელია უშედეგოდ ითხოვენ ოკუპირებულ ტერიტიაზე გადასვლას და ნათესავების საფლავების მონახულებას.
ლეილა ზუბაშვილი კარალეთის დევნილთა დასახლებაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ერედვიდან 2008 წელს დევნილ ოჯახს, სოფელში შვილის საფლავი დარჩა. ზუბაშვილებმა შვილის ფოტოები ნათესავებისგან შეაგროვეს და აღდგომას სანთელი ამ ფოტოების წინ დაანთეს.
ამ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე წლებია ითხოვს. საქართველოში ეუთოს და ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით ეს შეხვედრები 2009 წლიდან იმართება. თუმცა, არც რუსული და არც ოსური მხარე ამ პრობლემის გადაჭრას არ თანხმდება.
რეგულარული დაკავებები
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ოსურ მხარეს შემთხვევით ან განზრახ გადადიან, რუსი მასაზღვრეები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ, იმ ადგილებშიც კი, სადაც არც მესერია ან სხვა რაიმე აღმნიშვნელი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2009-2015 წლებში, საოკუპაციო ძალების მიერ სულ დაკავებულია 2 481 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 641 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 840 პირი დაკავებულია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთისთვის.
დაკავებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თუ 2009 წელს სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 84 პირი იყო დაკავებული, 2014 წელს მათი რიცხვი 142-მდე გაიზარდა. შარშან, ამავე ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში 162 ქართველი მოხვდა.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა აპრილის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. კირბალელი ეროსი თაყაძე სოფლის განაპირას ძროხებს აძოვებდა, როდესაც მას რუსი მესაზღვრეები მიუახლოვდნენ და დააკავეს.
ჩვენთან საუბრის დროს ეროსი თაყაძემ გაიხსენა, რომ შეიარაღებულმა პირებმა ჯერ ფეხით ატარეს, შემდეგ მანქანაში ჩასვეს და სოფელ ღრომში წაიყვანეს დასაკითხად, ბოლოს კი, ცხინვალში გადაიყვანეს და ხუთი დღის შემდეგ ორი ათასი რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ეროსი თაყაძე ერთ-ერთია იმ ოცდაცხრამეტი საქართველოს მოქალაქიდან, რომლებიც წელს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ხშირ შემთხვევაში, საზღვარი თვითნებურად, რუსი მესაზღვრეების სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე განისაზღვრება.
„ჩამოვიდნენ ლომისის სალოცავთან, რაღაცა რუკა ეჭირათ, სასაფლაოს ნახევარზე თქვეს აქ გადის საზღვარიო და იქით გადასვლა აგვიკრძალეს,“ – ამბობს კირბალელი გოგი პაპიტაშვილი. „იქით დარჩა თაყაძეების საგვარეულო სასაფლაო და ახლა ჭირისუფლები იქით შიშით ვეღარ მიდიან, რადგან ტყეში აქვთ რუსებს საგუშაგო და იქიდან გამოდიან და ხალხს იტაცებენ ხოლმე.“
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობამ 2013 წლის ბოლოს, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ არსებულ ორმოცდათხუთმეტ სოფელში უსაფრთხოების შეფასება გააკეთა. ამ სოფლებში გასაუბრებების დროს გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის უმეტესობა თავს არ გრძობს უსაფრთხოდ, არის შეშინებული და აქვს დაუცველობის განცდა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებით, მოსახლეობას დაეკარგა წვდომა ბაზრებზე, საძოვრებსა და მიწის ნაკვეთებზე, რის გამოც შეუმცირდა დასაქმების პერსპექტივა და შემოსავალიც, ასევე შეეზღუდა სასაზღვრო ზოლის საპირისპირო მხარეს მცხოვრებ ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან ურთიერთობა.
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ საერთშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებენ.
გამყოფი ხაზის გადმოწევა
2010 წელს, რუსმა მესაზღვრეებმა გორის და კარალეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.
ერთი წლის შემდეგ, რუსმა მესაზღვრეებმა ბოძების ჩასმა და შემდეგ მავთულხლართების გაბმა დაიწყეს დვანში, დიცსა და ხურვალეთშიც.
„მცოცავი ოკუპაციის სახელით“ ცნობილი საზღვრის გავლების პროცესი მთელი სერიოზულობით 2013 წელს გააქტიურდა და ზოგიერთ ადგილას ღრმად შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე.
იხილეთ: ჟურნალისტური მისია მიტოვებულ მიწაზე
2014 წელს, 350 კილომეტრიანი გამყოფი ხაზის გასწვრივ 50 კილომეტრიანი ბარიერი დაამონტაჟეს და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა მარტში, სოფელ ჯარიაშენში, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი ფერმერების მიწის ნაკვეთებში გზა გაიყვანეს და სოფლის მცხოვრებლებს ამ გზასთან მიახლოება აუკრძალეს.
ქართველი პოლიტიკოსების აზრით, რუსეთი ცდილობს მოახდინოს დაპირისპირების პროვოცირება, რადგან მას არ აწყობს თბილისის პროდასავლური კურსი.
„რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, რადგან ეს მისი (რუსული) დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია,“ – განაცხადა პარლამენტარმა მმართველი ქართული ოცნების კოალიციიდან ანი მიროტაძემ. „ მას არ აკმაყოფილებს ის, რაც ჩვენს ტერიტორიაზე ხდება და სურს ჰქონდეს გარკვეული გავლენა საქართველოზე. ჩვენ ვიყენებთ ყველა სახის კავშირს, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაცია და არ მივცეთ რუსეთს იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ჩაგვითრიოს სისხლიან კონფლიქტში, რაც მას, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად უნდა.“
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააპროტესტა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ქვეყნის შიგნით გადმოწევა.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს ცხინვალის პოზიციას, რომლის მიხედვითაც „სამუშაოები მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და არავითარ შემთხვევაში არ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.“