ოჯახში ძალადობას ყველაზე ხშირად პოსტკონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ქალები აწყდებიან.
მარინა, ასე დავარქვათ ჩვენს გმირს, თავისუფალი ქალია, თუმცა არა მარტოხელა. ის 61 წლისაა, ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი. მარტო ცხოვრობს იმ სახლში, რომელიც თვითონვე ააშენა. რა თქმა უნდა არა პირდაპირი მნიშვნელობით: სახლი მუშებმა ააშენეს, მაგრამ მშენებლობის ხარჯები მთლიანად მარინას ნაშოვნი ფულით დაიფარა, მიუხედავად იმისა, რომ გათხოვილი იყო.
აწ უკვე ყოფილი ქმარი, რომლის სახელსაც უსაფრთხოების და ანონიმურობის გათვალისწინებით ვერ გავამხელთ, ასევე სოხუმში ცხოვრობს და დღესაც ისეთივე უსაქმურია, როგორც ახალგაზრდობაში.
თუმცა, დავიწყოთ თავიდან. ოთხმოცდაათიანების ბოლოს, მარინა გაეყარა თავის პირველ ქმარს, როგორც თვითონ ამბობს, ჩუმჩუმელა ლოთს. მიუხედავად იმისა, რომ მარინას უკვე ზრდასრულ ქალიშვილებს მამა ძალიან უყვარდათ, არ იყვნენ წინააღმდეგი, რომ დედას სხვა მამაკაცთან ეცადა თავისი პირადი ცხოვრების მოწყობა.
„ძალიან რომანტიკული იყო, მჩუქნიდა ყვავილებს, საჩუქრებს, სულ ჩემზე წუხდა. თავი კვლავ ახალგაზრდა, ლამაზ და საყვარელ ქალად ვიგრძენი – გვიყვება მარინა. – ცოტას კი სვამდა, მაგრამ არა ისე, როგორც ყოფილი ქმარი, მით უმეტეს, რომელი კავკასიელი კაცი არ სვამს ერთ-ორ ჭიქა ღვინოს სუფრასთან.“
მაგრამ, მარინას სიტყვებით, მას შემდეგ, რაც ერთად დაიწყეს ცხოვრება, ახალი ქმარი ძალიან შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ დალევა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სუფრასთან შეკრებით. არაყი მას „ლომკის“ მოხსნაში ეხმარებოდა. ომის ვეტერანი სერიოზულად „იჯდა“ მძიმე ნარკოტიკებზე.
„როცა მორიგი დოზა არ ჰქონდა, სასმელს ეძალებოდა. რაც უფრო მეტს სვამდა, უფრო აგრესიული ხდებოდა. თუ სასმელის ფულს არ ვაძლევდი, ცემაზე გადადიოდა, მასთან ერთად დალევას მაიძულებდა. ერთ მშვენიერ დღესაც, ნაჯახს წაავლო ხელი,“- გვიყვება ქალი.
ხელს მკიდებს და თავზე საკმაოდ ღრმა ნაწიბურს მაჩვენებს.
„თავის ქალა გამიხეთქა და სასიკვდილოდ მიმაგდო. ძლივძლივობით მივხოხდი ტელეფონამდე და ჩემს ქალიშვილს დავურეკე, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შევძელი: მორჩა“, – ამბობს მარინა ცრემლმორეული.
თუმცა, მარინა მასთან ცხოვრებას საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგაც აგრძელებდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ქმარი მოკვლით დაემუქრა, თუ ქალი მას სახლიდან გაგდებას დაუპირებდა.
„თავის ვაჟთან ვერ მიდიოდა საცხოვრებლად. ის ჩვენი კავშირის წინააღმდეგი იყო. ამასაც სიამაყე არ უშვებდა. ამიტომაც, ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა დარჩენილი – ჩემი დაშინება. მეც მეშინოდა, – ცრემლმორეული აგრძელებს თავისი ამბის მოყოლას მარინა, – მცემდა ძაღლის დასაბმელი ქამრით, ჭიქებს მესროდა, ვითმენდი იმიტომ, რომ სიცოცხლე მინდოდა. ერთ მშვენიერ დღესაც ყველაფერი უკვე სულერთი გახდა. ვუთხარი, რომ მოვეკალი, თუ ეს მისგან გასათავისუფლებლად ერთადერთი გზა იყო, ისიც წავიდა. შეიძლება, უბრალოდ მისთვის უკვე აღარ იყო საინტერესო.“
კითხვაზე, თუ რატომ არ მიმართა მილიციას, მარინამ გვიპასუხა, რომ ეს უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. მისი თქმით, ამ კაცის შვილი საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო და თანაც, ის აფხაზი იყო, თვითონ კი რუსი.
„ჩემი დარდი არავის ექნებოდა“, – ამბობს მარინა.
აგრესორის ამოცნობა
ფსიქოლოგ მიხაილ გრიგორიევის აზრით, ეს არ არის უნიკალური შემთხვევა. მსგავსს სიტუაციებში ძირითადად პოსტკონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ქალები ვარდებიან.
პირველ რიგში, იმ მიზეზით, რომ ეგრეთ წოდებული „სუსტი სქესი“ რთულ სოციალურ გარემოში კიდევ უფრო სუსტი, ხოლო მამაკაცი კიდევ უფრო აგრესიული ხდება.
ალკოჰოლი ხშირად ხდება კონფლიქტის კატალიზატორი და ხელით შეხების საბაბი, თუმცა რეალური მიზეზი უფრო ღრმად არის დაფარული. გრიგორიევის აზრით, აგრესიული პიროვნებისგან თავის გათავისულება გაცილებით რთულია, ვიდრე ასეთი ურთიერთობისთვის თავის არიდება. ამისთვის კი საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ ამოვიცნოთ მომავალი პრობლემა.
„პარტნიორში ძალადობისკენ მიდრეკილების ამოცნობა რამდენიმე ნიშნით არის შესაძლებელი ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ეს ურთიერთობა ოფიციალურ სახეს მიიღებს. პიროვნებაში აგრესიული ტენდენციის მარკერებად შეიძლება გამოდგეს: მამაკაცის ზედმეტად მაკონტროლებელი საქციელი, ვერბალური აგრესია, ხშირად, სწორედ ის უძღვის წინ ფიზიკურ ძალადობას, ასევე, მოულოდნელ და ექსტრემალურ სიტუაციებში კონტროლის დაკარგვის უნარი და ცხოველებისადმი აგრესიული დამოკიდებულება. ასეთი ნეგატიური გამოვლინებები საყურადღებოა და როგორც მინიმუმი, უნდა გახდეს პარტნიორთან განხილვის საგანი,“ – გვიხსნის ფსიქოლოგი.
მისივე სიტყვებით, ძალადობის მსხვერპლი ქალი იშვიათად პოულობს თავის თავში იმის ძალას, რომ პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვაროს. ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებაში ასეთ საკითხში თანადგომას არც ახლობელი ადამიანებისგან უნდა ელოდო, ამიტომ, თუ ქალი რჩება მარტო, ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერის გარეშე, მისთვის ყველაზე საუკეთესო არჩევანი იქნება, მიმართოს ფსიქოლოგს და არ ეცადოს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს პრობლემას.
თუმცა, როგორც მიხაილ გრიგორიევი ამბობს, აფხაზეთში ძალადობის მსხვერპლი ქალები ძალიან იშვიათად მიმართავენ სპეციალისტებს, ამიტომ, რთულია იმის თქმა, თუ რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა ჩვენს რესპუბლიკაში.
წელს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თექვსმეტდღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ ანონიმური ინტერნეტგამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც აფხაზეთში მცხოვრები 352 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
როგორც გამოკითხვამ აჩვენა, მონაწილეთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ რესპუბლიკაში ოჯახში ძალადობის პრობლემა არსებობს, ამდენივე ამის შესახებ უშუალოდ ფლობს ინფორმაციას. გამოკითხულთა 67% დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში აუცილებელია კანონის მიღება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.
გამოქვეყნებულ მასალაში დაცულია ავტორის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია და ტოპონიმიკა. IWPR და ვებგვერდის რედაქცია არ აგებს პასუხს საავტორო მასალების შინაარსობრივ მხარეზე.
მასალა მომზადებულია ქალთა უნარების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.