ხელისუფლების მცდელობა ევროპული თამაშების პომპეზური მასპინძლობით გადაეფარა ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტები წარუმატებელი აღმოჩნდა, მით უმეტეს თუ მიზანი მედიაში პოზიტიური იმიჯის მოპოვება იყო.
პირველი ევროპული თამაშების გრანდიოზულ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბაქოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისი ჩუმად დაიხურა.
სპორტული ღონისძიების ორგანიზებისთვის დახარჯული მილიონების მიუხედავად, რომელიც ქვეყნის იმიჯის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, აზერბაიჯანის ხელისუფლება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში პოზიტიური კუთხით მაინც ვერ მოხვდა. გარდიანის ჟურნალისტის ოუენ გიბსონის, Amnesty International-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების თამაშებზე არ დაშვება, მანამდე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები იმ კამპანიის კულმინაცია აღმოჩნდა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს კრიტიკული ხმის ჩახშობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ეუთოს ბაქოს ოფისმა საინფორმაციო სააგენტო Trend news-ს 5 ივნისს განუცხა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე“ საქმიანობის შესაჩერებლად ერთი თვის ვადა მისცა. ეუთოს პრესსპიკერმა შივ შარმამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეუთოში „ვარიანტებს აფასებენ“.
ეუთო 57 წევრ ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, ევროპას, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. მისი მრავალმხრივი საქმიანობა მოიცავს ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, დემოკრატიულ პროცესებს, ასევე უსაფრთხოების და შეიარაღების კონტროლს. აზერბაიჯანი ეუთოს 1992 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეუერთდა, თუმცა მუდმივად იმყოფებოდა მისი ზედამხედველობის ქვეშ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საკითხებში.
ახალგაზრდული მოძრაობა ნიდას წევრი ულვი ჰასანლი თვლის, რომ ხელისუფლების სტრატეგია ბუნდოვანია.
„ერთი მხრივ, ატარებენ ევროპულ თამაშებს და მეორე მხრივ, ბაქოში ეუთოს ოფისს ხურავენ. აზერბაიჯანის ხელისუფლების მანევრები რუსეთსა და ევროპას შორის უკვე ყოველგვარ ლოგიკურ ახსნას სცდება,“ – ამბობს ის. „ის ფაქტი, რომ იხურება საერთაშორისო ორგანიზაციები და ეუთოსაც კი მისწვდნენ, იმაზე მიუთითებს, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულადაა. აზერბაიჯანი ნელ-ნელა დახურულ ქვეყნად იქცევა“.
ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე ელმან ფატაჰი თვლის, რომ ეუთოს დახურვა არის აზერბაიჯანში უცხოური ორგანიზაციების ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული მრავალი ნაბიჯიდან ერთ-ერთი.
„როდესაც 2009 წელს ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტაციაზე შეზღუდვები დააწესა უკვე მაშინ იყო ნათელი, რომ ის სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვების გზას დაადგა. პროცესი გაძლიერდა 2012 წელს და მისი კულმინაცია იყო მთელი რიგი საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების დახურვა, მათ შორის რეგისტრაციის არქონის გამო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI),“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვამ სამოქალაქო საზოგადოება დაადუმა. დემოკრატია მარწუხებში მოექცა და ის უბრალოდ უკვე აღარ არსებობს. ეუთოს ოფისის დახურვა მხოლოდ ავტორიტარიზმის გაძლიერებას ემსახურება.“
აზერბაიჯანში საერთაშორისო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ დაეხურათ წარმომადგენლობები, ხოლო ადგილობრივ არასამთავრობოებს, რომლებთანაც ისინი თანამშრომლობდნენ და ზოგჯერ გრანტების სახით აფინანსებდნენ კიდეც, სხვადასხვა სამართალდარღვევათა ბრალდებით საბანკო ანგარიშები გაეყინათ. ერთ წელზე მეტია ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების, უფლებადამცველების, ოპოზიციის მხარდამჭერების და ჟურნალისტების დააპატიმრებები.
„ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოების“ ხელმძღვანელი ავაზ ჰასანოვი აცხადებს, რომ ხელისუფლება ეუთოს ორი წელია უტრიალებს.
„2013 წლის მარტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს წერილობით მიმართა მანდატის გადახედვის და მისი სტატუსის ‘პროექტის კოორდინატორზე’ ჩანაცვლების მოთხოვნით,“ – განაცხადა მან და გაიხსენა ეუთოს ოფისის ხელმძღვანელის პასუხი, რომ ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეეძლო გადაეწყვიტა რა სტატუსი ექნებოდა მისიის ოფისს. „თუმცა, აშკარაა, რომ სტატუსის შეცვლის მიზანი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლის გაზრდა ორგანიზაციის საქმიანობაზე, ამ შემთხვევაში კი იმის უზრუნველყოფა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის „მისაღები“ იქნებოდა ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც დააპირებდა ბაქოს ეუთოს ოფისი.“
„ამას რომ ვერ მიაღწია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა საერთოდ შეეწყვიტა ორგანიზაციის ფუნქციონირება ქვეყანაში.“
საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია განმარტება ეუთოს ოფისის დახურვის მიზეზებზე, თუმცა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ბაჰარ მურადოვამ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელია, საინფორმაციო სააგენტო APA-ს განუცხადა, რომ ეუთოს არ სჭირდებოდა კოორდინატორი ბაქოში, რადგან თანამშრომლობის გაგრძელება ვენაში, ეუთოს სათავო ოფისში, ქვეყნის წარმომადგენლობის საშუალებითაც იქნებოდა შესაძლებელი.
„აზერბაიჯანის წარმატება უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გვიჩვენებს, რომ ეუთოს პროექტის კოორდინატორის ოფისის საჭიროება აღარ არსებობს,“ – განაცხადა მან.
რა ბედი ელის ყარაბაღის მოლაპარაკებებს?
ეუთო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიაში, როგორც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ყარაბაღის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ოც წელზე მეტია ჩართული. პროცესი მიმდინარეობს მინსკის ჯგუფის შუამდგომლობით და მას აშშ, საფრანგეთის და რუსეთი თანათავმჯდომარეობენ.
მურადოვამ მინსკის ჯგუფის მისამართით საყვედური გამოხატა და დასძინა, რომ აზერბაიჯანი „გამუდმებით აკრიტიკებს“ ეუთოს მისი პოზიციის გამო, თუმცა რა საკითხებს შეეხებოდა ეს კრიტიკა მას არ დაუკონკრეტებია.
უკვე ოც წელზე მეტია მინსკის ჯგუფი ამაოდ ცდილობს ჩართოს აზერბაიჯანი და სომხეთი მოლაპარაკებების პროცესში, ან თუნდაც „მოლაპარაკებების შესახებ მოლაპარაკებების“ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი საბაზისო დოკუმენტი „მადრიდის პრინციპები“ მიღებულია, ვერ ხერხდება აზერბაიჯანის და სომხეთის პოზიციების თანხვედრა. რეგიონის მომავლთან დაკავშირებით მათი შეხედულებები ფუნდამენტურად განსხვავებული და შეუთავსებელია.
აზერბაიჯანი და სომხეთი დროდადრო გამოხატავენ უკმაყოფილებას მინსკის ჯგუფის მისამართით, თუმცა ზოგადად, აღიარებენ მის, როგორც მედიატორის როლს და მოლაპარაკებების პროცესის წარუმატებლობას ერთმანეთს აბრალებენ.
ოფიციალური ბაქოს გადაწყვეტილებამ ეუთოს ადგილობრივი მისიის ქვეყნიდან ფაქტობრივი გაძევების შესახებ, თავზარი დასცა იმათ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ კონფლიქტის მოგვარება მედიაციის გზით არის შესაძლებელი.
ჰასანოვი თვლის, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა გაზარდოს აზერბაიჯანის უკმაყოფილება ყარაბაღის საკითხზე პროგრესის ნაკლებობის გამო, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს სამშვიდობო პროცესის შემაფერხებელი არ იქნება.
„ბაქოს ეუთოს ოფისს და მინსკის ჯგუფს შორის განსაკუთრებული კავშირი არ არსებობს,“ – განაცხადა მან.
ნურგულ ნოვრუზი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ფსევდონიმია.