19 სექტემბერს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თბილისის ოფისში IWPR-ის და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) ორგანიზებით დამწყები ბლოგერებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს, რომელშიც მონაწილეობა თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულმა ათმა დამწყებმა ბლოგერმა მიიღო, სოციალური მედიის ექსპერტი დოდი ხარხელი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ბლოგერი ნიკო ნერგაძე უძღვებოდნენ.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოციალური მედიის ისტორიის, მიზნებისა და ძირითადი კომპონენტების შესახებ. ასევე სოც. მედიაზე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მიმოიხილეს ბლოგოსფეროში არსებული მდგომარეობა, ბლოგინგის საშუალებები და უფასო ონლაინ-იარაღები.
გამოცდილმა ბლოგერებმა გაუზიარეს ტრენინგის მონაწილეებს თავიანთი ცოდნა ბლოგებისთვის წერის ტექნიკის და თავისებურებების შესახებ.
„ორი წელია ბლოგი მაქვს. მის შექმნაზე და შემდგომში განვითარებაზე დამოუკიდებლად ვმუშაობ. ეს არ არის ადვილი, ამიტომ აღნიშნული ვოქშოფი ჩემთვის საჭირო და დროული იყო. ინფორმაცია მივიღე ტექნიკურ საშუალებებზე, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია, ბლოგი უფრო პოპულარული გახდეს“, – განაცხადა ტრენინგის მონაწილემ მანონი ბოკუჩავამ.