ნახიჩევანის პოლიციისგან ახსნა-განმარტებს ითხოვენ, თუმცა ის პასუხისმგებლობას თავს არიდებს.
მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმების მორიგ მცდელობად იქნა აღქმული აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე თავდასხმისა და მისი უმოწყალოდ ცემის ფაქტი.
ილგარ ნასიბოვის მეუღლე მალაჰატ ნასიბოვა მომხდარში ნახიჩევანის ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მისი მეუღლე ერთ-ერთი პატიმრის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეს იძიებდა.
21 აგვისტოს, ნასიბოვს რამდენიმე ადამიანი მისივე არასამთავრობო ორგანიზაციის (განვითარება და დემოკრატია) რესურს ცენტრში დაესხა თავს.
„იმ საღამოს სახლში დაურეკეს და ოფისში მისვლა სთხოვეს“, – განუცხადა მალაჰატ ნასიბოვამ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს. „უთხრეს რომ, მოსარჩელე იყო მოსული. მას მოულოდნელად დაესხნენ თავს და უამრავი დაზიანება მიაყენეს“.
ნასიბოვი უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს, მას გატეხილი ჰქონდა ყბა, ყვრიმალის ძვლები და ცხვირი, მიღებული ჰქონდა ტვინისშერყევა და მაკრატლით მიყენებული ჭრილოებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მალაჰატ ნასიბოვა მეუღლეზე თავდასხმას ტურაჯ ზეინალოვის საქმის გამოძიებას უკავშირებს, რომელიც ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უშიშროების სამსახურის იზოლატორში ჰყავდათ დაპატიმრებული. ნასიბოვი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანაში დაეხმარა ზეინალოვის ოჯახს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ის მოკლეს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში [სასამართლოსა და სახელმწიფოს შორის] ტურაჯ ზეინალოვის საქმეზე დაწყებული საკომუნაკაციო ფაზის შემდეგ, ხელისუფლება ჩვენ მიმართ უფრო აგრესიული გახდა“, – აცხადებს მალაჰატ ნასიბოვა. „დაახლოებით თვენახევრის წინ ილგარს მანქანა დაეჯახა. მაშინ ის მხოლოდ მსუბუქად დაშავდა და ამიტომ მომხდარის შესახებ არ გაგვიხმაურებია. ჩვენი აზრით, ეს ბოლო თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო … მისი მოკვლა უნდოდათ“.
საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას დამნაშავეების პოვნისა და დასჯისკენ მოუწოდებენ.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას ჩაატაროს სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება ნასიბოვის სასტიკი ცემის ფაქტზე და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს“, – ვკითხულობთ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელის დუნია მიატოვიჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ეს კრიმინალური აქტი უარყოფით გავლენას მოახდენს გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებაზე და მას შეუძლია სამომავლოდ წაახალისოს მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი თავდასხმები“.
ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს გენერალურმა მდივანმა კრისტოფ დელუარმა განაცხადა, რომ თუ ამ თავდასხმაში ხელისუფლების ბრალეულობა გამოიკვეთა, „ეს იქნება მათი მხრიდან დაუშვებელი ზღვრის გადაკვეთა იმ მიზნით, რომ გააჩუმონ უკანასკნელი კრიტიკის მთქმელი ხმა აზერბაიჯანში“.
თავის მხრივ, ხელისუფლება ამ საკითხს ან იგნორირებას უკეთებს ან სულაც უარყოფს ბრალდებებს.
არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც ნახიჩევანის უშიშროების სამსახურს გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიციამ გამოიძია საქმე და სრულიად განსხვავებული ანგარიში წარმოადგინა.
მასში მოყვანილია მოწმის, ფარიდ ასკაროვის ჩვენება, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ იმ ღამეს შეხვდა თავის „ძველ მეგობარს“ ნასიბოვს, მათ ცოტა დალიეს და წაიჩხუბეს.
მალაჰატ ნასიბოვა არ ადასტურებს ასკაროვის და მისი მეუღლის მეგობრობას, ის ასევე აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი იყო არა ერთი, არამედ რამდენიმე. გარდა იმისა, რომ მისი მეუღლე სცემეს, მათ მთელი ოფისი გაჩხრიკეს და ყველაფერი დალეწეს.
დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო თურანის ხელმძღვანელი მეჰმეთ ალიევი ფიქრობს, რომ ეს თავდასხმა უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიის ნაწილია.
„დააპატიმრეს ემილ მამედოვი სალიანში, ჰასან ჰუსეინლი განჯაში, უფლებადამცველები ლეილა და არიფ იუნუსები, რასუფ ჯაფაროვი, ინტიქამ ალიევი, ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი და სხვები, ამას დაემატა ისიც, რომ მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით არასამათავრობო ორგანიზაციები დახურეს, ეს ყველაფერი აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკაა“, – აცხადებს ის. „უბრალოდ ნახიჩევანის შემთხვევაში, პროცესი უფრო უხეში იყო“.
აზერბაიჯანში ცნობილი მედია ორგანიზაცია, რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი გაკვირვებულია, რატომ არ რეაგირებს ამ სიტუაციაზე ევროპის საბჭო.
„ეს თავდასხმა არის განგაშის ზარი ყველასთვის, ვისთვისაც ღირებულია გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით ევროპის საბჭოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანი არის იმ საბჭოს წევრი, რომელიც თავის თავს ევროპის „წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციად“ მიიჩნევს. ამჟამად, ის ექვსთვიანი როტაციის პრინციპით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს.
განცხადების ავტორები ევროპის საბჭოს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის „თვალს ხუჭავს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე, რომლებიც აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის დროს ხდება“ და არ კიცხავს ხელისუფლებას „ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ მიმართული მთელი რიგი დანაშაულების გამო“.
აფგან მუხტარლი www.civil-forum.az რეპორტიორია აზერბაიჯანში.