მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროების საიტები მოგვიწოდებენ, კითხვები ონლაინ-რეჟიმში დავუსვათ, მათ არ პასუხობენ.
ჯერ კიდევ 2005 წელს აზერბაიჯანმა სახელმწიფო დაწესებულებების ინტერნეტ-გვერდების შექმნის შესახებ ახალი პროგრამა გამოაცხადა, მაგრამ 6 წლის შემდეგაც, ხელისუფლებამ დაპირება ვერ შეასრულა.
ელექტრონული მთავრობის შექმნის სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე სახელმწიფო დაწესებულებების, საზოგადოებრივი, კომუნალური და სხვა სამსახურების, წარმონაქმნების შესახებ.
მიუხედავად ამისა, ამჟამად ინტერნეტში ხელმისაწვდომია მხოლოდ მომსახურების 4 სახეობა – საგადასახადო დეკლარაციები, უნივერსიტეტში მისაღები ფორმები, კომუნალური გადასახადები და სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ საჩივრის შეტანის სისტემა.
შსს-ს საიტზე წარმოდგენილია ონლაინ-ფორმა, რომელიც სავარაუდოდ, უნდა გაეგზავნოს თავად მინისტრს და სამ მაღალჩინოსანს.
თუმცა IWPR -მა დღემდე ვერ მიიღო პასუხი გზავნილზე, რომელიც მან ამ სისტემით ჯერ კიდევ აპრილში გაგზავნა. სამინისტროს სპიკერმა ორხან მანურზადემ ვერ შეძლო პასუხის გაუცემლობის მიზეზი აეხსნა.
აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურის საიტი მომხმარებლებს სთავაზობს, მის ხელმძღვანელს აიდინ ალიევს დაუკავშირდნენ. თუმცა ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ გამოდის გაფრთხილება, რომ ეს მანიპულაცია ”არ არის უსაფრთხო”. IWPR-ს არაერთხელ დაურეკავს დაწესებულებაში იმის გასარკვევად, რატომ არ მუშაობს საიტი და პასუხად იღებდა, რომ თანამშრომლები, რომლებსაც პრესასთან ურთიერთობის უფლებამოსილება გააჩნიათ, კრებაზე არიან.
სეიმურ თეიმუროვი მოყვა, თუ რა მოხდა, როცა მან სამშენებლო კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზიდენტ ილჰამ ელიევის საიტზე საჩივარი გაგზავნა.
”წერილი დავწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. არ ვიცი, მივიდა ჩემი წერილი ადრესატამდე, თუ არა. საიტმა წერილის მიღება დაადასტურა”, – განაცხადა მან. ”ვინაიდან ეს ელექტრონული წერილია, არ შემიძლია ვთქვა, რომ მათ უარი განაცხადეს პასუხის გაცემაზე – შეიძლება წერილი ვერ მიიღეს. ვრეკავდი სატელეფონო ნომრებზე, რომლებიც საიტზე იყო მითითებული და ვცდილობდი მიმეღო ინფორმაცია ჩემი წერილის შესახებ. სამწუხაროდ, არცერთ მითითებულ ნომერზე არ მიპასუხეს”.
IWPR-ის მცდელობამ, გაერკვია, რა დაემართა თეიმუროვის წერილს, შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან პრეზიდენტის საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდნენ. IWPR -მა პრეზიდენტის საიტზე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე წერილი 7 ოქტომბერს გაგზავნა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღია.
ჟურნალისტმა შახლა აბუსატარმა დიდი ხანია იმედი დაკარგა, რომ სამთავრობო საიტებზე მისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებს, გამონაკლისია მხოლოდ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის საიტი.
”ჩვენი სახელმწიფო დაწესებულებები მუშაობისას ინტერნეტს არ იყენებენ. ელექტრონულ წერილებზე პასუხის გაცემის სისტემა უბრალოდ, არ არსებობს”, – განაცხადა მან. ”საიტი მეტი არაფერია, თუ არა ჟურნალი ფერადი ფოტოებით”.
”აუცილებელი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი უნდა გახდეს. ამის მისაღწევად ბიუჯეტიდან საკმარისი თანხები გამოიყოფა”, – დასძინა მან.
IWPR -მა ელექტრონული წერილები გააგზავნა 26 სამინისტროსა და სახელმწიფო დაწესებულებაში. კითხვა ასეთი იყო: რამდენი თანხა დაიხარჯა მათი ვებ-გვერდების ამოქმედებაზე და ამ მომენტისთვის მხოლოდ 5 პასუხი მიიღო.
სტატისტიკის სააგენტომ პასუხი სწრაფად გაგვცა, მას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა, რათა საიტის ხარჯები წარმოედგინა, რომელიც უკვე 9 წელია არსებობს. ასევე თავისი თანამშრომლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია წამოადგინა ნავთობის სახელმწიფო ფონდმა, გარემოს დაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
განათლების, იუსტიციის, ახალგაზრდობისა და სპორტის, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, ასევე მინისტრთა კაბინეტის სამდივნომ, ბაქოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ და სხვა უწყებებმა პასუხი 6 თვის მანძილზე არ გაგვცეს.
პროექტ ბლოგოსფეროს ორგანიზატორმა, რომელიც ახალგაზრდა ბლოგერებს აერთიანებს, IWPR -ს განუცხადა, რომ ელექტრონული მთავრობიდან ინფორმაციის მიღების მცდელობა კრახით დასრულდა.
მაგალითის სახით მან აღნიშნა, რომ ინტერნეტში შეუძლებელია საიტის დარეგისტრირება აზერბაიჯანული დომენით.
”ეს სამარცხვინოა. მეშემიძლია ვიყიდო ლიხტენშტეინის, ბრიტანეთის დომენი, ზიმბაბვესიც კი. მაგრამ აზერბაიჯანში შეუძლებელია გადაიხადო დომენისთვის, ან შეცვალო მისი კონფიგურაცია ონლაინ-რეჟიმში. ამისთვის არსებობს მხოლოდ ერთი ოფისი, რომელშიც მხოლოდ სამუშაო საათებში უნდა მიხვიდე”, – განაცხადა მან. ”მხოლოდ დომენების შეძენის საკითხიც კი ირონიულად ასახავს აქ ინტერნეტის არსებობის მთელს არსს”.
მულტიმედიური საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების აზერბაიჯანული ცენტრი სახელმწიფო საიტების მუშაობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მისი რეიტინგებით, რომელიც 2011 წლის ივნისამდე 6 თვეს მოიცავს, შეფასებულია მათი გამჭვირვალეობა იმ ნუსხის შესაბამისად, რომელიც 2005 წლის სახელმწიფო სტრატეგიაშია წარმოდგენილი. მაგალითად, წარმოადგენენ თუ არა ისინი ინფორმაციას ამ ორგანიზაციის ისტორიის შესახებ, მისი ფუნქციების, მაღალჩინოსნების შესახებ, საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის ონლაინ-ფორმატში.
გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ რეიტინგის პირველი ადგილი დაიკავა. მან 68% მოაგროვა, თუმცა სახელმწიფო დაწესებულებების ნახევარმა 50%-ზე ნაკლები მიიღო, ყველაზე დაბალი ქულები მიიღეს შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ, რომლის საიტი არ მუშაობდა და თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც საერთოდ არ აქვს საიტი. მულტიმედიური ცენტრის დირექტორმა ოსმან გიუნდუზმა განაცხადა, რომ შედეგები ასახავენ ინტერნეტის გამოყენების სფეროში საერთო ჩავარდნას.
კანონი გულისხმობს რიგ პირობებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო დაწესებულებების საიტები. ჩვენმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების 57 საიტი ამ მოთხოვნების ნახევარსაც ვერ აკმაყოფილებს”, – განაცხდა მან.
დურნა საფარლი, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის, რადიო ”აზადლიგის” რეპორტიორი
© ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | iwpr.net
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და აუცილებელი არ არის IWPR-ის ან გამოცემის შეხედულებებს ასახავდეს.
http://iwpr.net/report-news/e-government-slow-take-azerbaijan