ახალმა გზამ სოფელი ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დააკავშირა, თუმცა მოსახლეობა წყლის გარეშე დატოვა.
აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საზღვრისპირა რეგიონის განვითარებისთვის გამოყოფილი დიდძალი თანხა გაჭირვებულ სოფლებამდე ვერ აღწევს.
სოფელი ქუშჩუ აირიმი (Quşçu Ayrım) აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით, ქაზახის რაიონში მდებარეობს. ერთ დროს აყვავებული სოფელი ახლა უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. 1990 წლებში მთიან ყარაბახში მიმდინარე ბრძოლების დროს მას დიდი ზიანი მიადგა. სოფელს სამი მხრიდან სომხური ტერიტორია ესაზღვრება, რის გამოც მოსახლებას შეზღუდული აქვს გადაადგილება და უფრო მეტიც, საზღვართან მიმდინარე სროლების გამო მათ მუდმივი რისკის ქვეშ უწევთ ყოფნა.
1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ომი ყარაბაღში დასრულდა, თუმცა პოლიტიკური შეთანხმება დღემდე არ არის მიღწეული. საზღვრის გასწვრივ, ორივე მიმართულებით ისმის სროლები და მათ საკმაოდ ხშირი ხასიათი აქვთ.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ქუშჩუ აირიმის მსგავსი სოფლების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ცდილობს. შარშან, სოფლისკენ მიმავალი 30 კილომეტრიანი მოხრეშლი გზა ასფალტით დაიფარა. შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მთავრობამ პროექტზე 11 მილიონი მანათი (14 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა.
მიუხედავად ამისა, სოფლის მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო გაუარესდა. გზის სარემონტო სამუშაოებისას დაზიანდა მაგისტრალური მილსადენი, რომელიც მთელ სოფელს წყლით ამარაგებდა.
„სოფლის განაპირას წყაროა, ზუსტად სომხეთის საზღვართან. წყაროდან წყალი სოფლის ცენტრისკენ მოედინებოდა, კაფესთან“, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ხანიმ ისმაილოვა. „გზას, რომ აშენებდნენ, ბულდოზერით გადაუარეს. ასფალტის გზა კი დაგვიგეს, მაგრამ სასმელ წყალს რა ვუყოთ?“
მისი მეზობელი ნურუ ჰაჯიევი ამბობს, რომ სოფელს გზის გაკეთება ძლივს ეღირსა და ახლა უწყლობა დაემატა. ასფალტის დაგებამდე სოფლიდან გასვლა ხშირ შემთხვევებში შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე და ზამთარში.
„ვწერეთ და ვწერეთ ყველგან, პრეზიდენტსაც მივწერეთ და პირველ ლედისაც. ბოლოს და ბოლოს, გაგვიკეთეს გზა“, – ამბობს ის. „ახლა, წყალი არ გვაქვს, მილების შეკეთებაზე კი არავინ ფიქრობს“.
ჰაჯიევი ამბობს, რომ წყლის მილის შეკეთების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა და ისინიც „შემპირდნენ, რომ გაარემონტებდნენ, თუმცა დანაპირები არ შეასრულეს“.
სოფლის მოსახლეობა წყალს სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე სხვადასხვა წყაროებიდან ეზიდება. ტრასპორტირებისთვის ვირებს იყენებენ, ვისაც არა ჰყავს, წყალს ხელით ეზიდება. მათ შორის ირადა ისკანდეროვაც.
„მარტო სასმელ წყალი რომ იყოს, ვირით მოვზიდავდით, მაგრამ გარეცხვა და დაბანაც ხომ გვინდა“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ირადა ისკანდეროვა. „ნარგავები რითი მოვრწყათ ან საქონელს რა დავალევინოთ?“
მისი მეზობელი ემილ ისკანდაროვი ამბობს, რომ რისკებთანაა დაკავშირებული საქონლის ყოლაც.
„ყველას ჰყავს საქონელი. ზაფხულში ძალიან ცხელა, წყალი არ გვაქვს ცხოველებს რომ დავალევინოთ“, – ამბობს ის. „უნდა წავიყვანოთ წყაროსთან, რომელიც ზუსტად საზღვართანაა, იქ კი ძალიან საშიშია. იქაურობა დანაღმულია და შეიძლება სომხებმა ნებისმიერ დროს ცეცხლი გახსნან“.
სოფელ ქუშჩუ აირიმის გამგებელი ელმან ნასიბოვი ამბობს, რომ მოსახლეობა ვერ ხედავს იმ სიკეთეს რასაც მთავრობა მათთვის აკეთებს.
„ახალი გზა გვაქვს და ახალი სამედიცინო ცენტრი. ახალი სკოლა შენდება, სექტემბერში გაიხსნება“, – ამბობს ის. „დანგრეული სახლები რემონტდება. პრობლემები ყოველთვის გვარდება, წყლის პრობლემაც მოგვარდება“.
ფიზიკური საფრთხეები და ეკონომიკური განუვითარებლობა იძულებულს ხდის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს მიატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და სამუშაო სხვაგან ეძებონ, ძირითადად ბაქოში.
„სოფლის მოსახლეობა სოციალური პრობლემების გამო მიდის“, – აცხადებს ოპოზიციური მოძრაობის REAL-ის ლიდერი ნატიკ ჯაფარლი. „მთავრობამ რეგიონის განვითარების გეგმის ფარგლებში… ორი მილიარდი მანათი გამოყო [საზღვრისპირა რეგიონებისთვის]. მაგრამ როგორც ბევრი სხვა, ეს პროგრამაც არ შესრულდა და ბევრი პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება“.
გასულ თვეს, პარლამენტის წევრი კანირა ფაშაევა საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობისთვის შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. პაკეტი მოიცავს კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებას, უფასო განათლებას, შეღავათებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ადგილზე სამუშაო ადგილებს შექმნიან. მის წინადადებას მხარი მმართველი „იენი აზერბაიჯანის“ პარტიის წევრმა აიდინ მირზაზადემ დაუჭირა.
პარლამეტში გამოსვლისას მირზაზადემ წარმოდგენილ ინიციატივებს თავისი მოსაზრებებიც დაურთო – ფერმების და ბიზნესების გადასახადებისგან გათავისუფლება, ასევე მასწავლებლებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების გაზრდა მათი სოფლებში დარჩენის წახალისების მიზნით.
აფგან მუხტარლი ინლაინ გამოცემა www.civil-forum.az ჟურნალისტია აზერბაიჯანში.