მფლობელი ამბობს, რომ გადასახადების დაფარვისთვის დაკისრებული ჯარიმა მხოლოდ ფირმის დახურვის საბაბია.
აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლების დამცველები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქვეყნის უდიდესი გამომცემლობა, რომელიც საზოგადოებისთვის ალტერნატიულ აზრის მიმწოდებელ წყაროს წარმოადგენს, საგადასახადო სამსახურების წნეხის ქვეშ მოექცა.
14 მარტს, ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „დალგამ“ გამომცემლობა „კანუნის“ მხარდასაჭერად ბაქოში დემონსტრაცია გამართა, თუმცა აქცია და მისი რამდენიმე ათეული მონაწილე პოლიციამ მალევე დაშალა.
მარტის დასაწყისში აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტრომ „კანუნს“ 150 000 მანათის (190 000 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა, რის გამოც გამომცემლობა გაკოტრებას ძლივს გადაურჩა.
სამინისტროს პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ ინსპექტორებმა გადასახადებისაგან თავის არიდების ორი შემთხვევა აღმოაჩინეს – ერთი თავად გამომცემლობას ეხება და მისი დავალიანება 74 000 მანათს შეადგენს, ხოლო მეორე – ჟურნალ „კანუნს“ (კანონი), რომლის დავალიანებაც 30 000 მანათის ოდენობისაა.
თავად კომპანიის მფლობელის შაჰბაზ ხუდუოღლუს თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე ესხმის თავს მის ბიზნესს.
„ჩვენი საქმიანობა ძირითადად უკავშირდება დამოუკიდებელი და ოპოზიციური გაზეთების ბეჭდვას, სწორედ ეს არის ასეთი ზეწოლის მიზეზი“, – ამბობს ხუდუოღლუ.
მან აქვე აღნიშნა, რომ 2003 წელს ექვსი თვე გაატარა ციხეში და „ახლაც თავს, ისე ვგრძნობ თითქოს ხელახლა დამაპატიმრეს“.
ხუდუოღლუ იხსენებს იმ დღეს, როდესაც ნოემბერში 20 საგადასახადო ინსპექტორი სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა სტამბაში.
„რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი მთლიან შენობას აკონტროლებდნენ. ყველა საბუთი ძალით გაიტანეს. თანამშრომლებს ტერორისტებივით ექცეოდნენ“, – ამბობს ის. „კანონით, საგადასახო ინსპექტორს მხოლოდ საბუთის ასლის წაღების უფლება აქვს და თანაც მხოლოდ მეპატრონის თანხმობით. თუმცა, მათ, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, საბუთების ორიგინალები გაიტანეს“.
ხუდუოღლუმ გადასახადების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა საქმის განხილვაზე შვიდჯერ უთხრეს უარი.
„საჩივრის განხილვის მაგივრად, სამინისტრომ საქმე პროკურატურაში გააგზავნა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ანგარიშები გაგვიყინეს და თანამშრომლებს ხელფასს ვეღარ ვუხდით“, – ამბობს ის. „ჩვენებების ჩამოსართმევად ჩვენი თანამშრომლები, მთარგმნელები და რედაქტორებიც დაიბარეს, ექვსი-შვიდი საათის განმავლობაში შესვენების გარეშე კითხავდნენ“.
დაკითხვაზე დაიბარეს ფირმა „კანუნის“ პარტნიორი და მაღაზიათა ქსელ „ალი და ნინოს“ მეპატრონე ნიგარ კოჩარლიც.
„ეს ურჩ გადამხდელებთან ბრძოლა კი არა, გამომცემლების გასანადგურებლად მიმართული ქმედებაა“, – განაცხადა მან. „’ალი და ნინო’ სავარაუდოდ შემდეგი სამიზნე იქნება. მე სუფთა და პატიოსან ბიზნესს ვეწევი. ჩვენი მაღაზიათა ქსელი გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, ქრთამს არავის ვუხდით…ხელისუფლება გვავიწროვებს“.
„დალგა“ ჯგუფის ლიდერის ჰაჯი ზეინალის თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო სამომავლო პერსპექტივა ბუნდოვანია, როგორც მკითხველისთვის, ისე გამომცემლისთვისაც.
„კანუნის დახურვა გამოიწვევს წიგნების დეფიციტს, რადგან არსებულ ვითარებაში, ის ერთადერთი გამომცემლობაა, რომელიც ლიტერატურაზე მოთხოვნას აკმაყოფილებს“, – ამბობს ის.
მედიის უფლებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი რაშიდ ჰაჯილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ხელისუფლება ბიზნესის მოხრჩობას ცდილობს.
„საგადასახადო ინსპექტორები პოლიტიკურ ბრძანებას ასრულებენ,“ – აცხადებს ის. „სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, ისინი გვანიშნებენ, რომ შენდობა არ იქნება და რომ ისინი არ შემოიფარგლებიან რომელიმე ერთი სფეროთი. მთავარ მიზანს კი წარმოადგენს კონტროლის დამყარება გამომცემლობაზე, რომელსაც შეუძლია დაბეჭდოს წიგნები, გაზეთები, ბროშურები – ყველაფერი, რაც ასე არ მოსწონს ხელისუფლებას.“
ცნობილი მწერალი სეიმურ ბაიჯანი კი „კანუნის“ სამართლებრივ დევნაში ხედავს ხელისუფლების მცდელობას კუთხეში მიამწყვდიოს ბაზრის მომგებიანი სფერო.
„ეს მთელ აზერბაიჯანში ხდება. თუ ვინმე ახალ საქმეს წამოიწყებს და ცოტა ფულს იშოვის, ის იმ წუთას ხვდება ჩინოვნიკი-ოლიგარქების ყურადღების ცენტრში და მფლობელიც ბიზნესს ემშვიდობება“, განაცხადა მან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის საგასახადო სისტემის წარმომადგენლებს იმის გამო ადანაშაულებენ, რომ ისინი მინიჭებულ ძალაუფლებას ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის იყენებენ. 2012 წელს, გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით გაასამართლეს და ცხრა წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გაზეთ „ხურალის“ მთავარ რედაქტორს ავაზ ზეინალის.
აფგან მუჰტარლი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.