თავდამსხმელთა წარმომავლობა დადგენილია, თუმცა მათი მოტივები ჯერ კიდევ უცნობია.
15 აპრილს ბოსტონში მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილები წარმოშობით ჩეჩენი ძმები თამერლან და ჯოხარ ცარნაევები არიან.
არ არის ცნობილი თუ რა მოტივი ამოძრავებდა დანაშაულის ჩამდენთ, ასევე დაუდგენელია მათი კავშირი ჩრდილო კავკასიელ სეპარატისტ-ისლამისტ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ერთეული ძალადობის ფაქტებს რეგიონში კვლავაც აქვს ადგილი, წლების მანძილზე ის საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ასეთი მასშტაბით არ მოხვედრილა. ჩეჩნეთს, რომელმაც რუსეთთან ორი ომი გადაიტანა, ამჟამად კრემლის ხელდასმული ხელისუფალი მართავს.
IWPR კავკასიის რედაქტორი ოლივერ ბულოუ ჩეჩნეთსა და მის მეზობელ რესპუბლიკებში ამჯამად არსებულ სიტუაციას განიხილავს და მოგვითხრობს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირებების ისტორიაზე.
წლების მანძილზე ჩეჩენ მებრძოლებს რუსეთის ხელისუფლება მრავალი ტერაქტის მოწყობაში ადანაშაულებდა, მაგრამ არის თუ რა ბოსტონში მომხდარი ფაქტი პირველი შემთხვევა თუ მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც მომხდარა?
2010 წელს კოპენჰაგენში მოხდა აფეთქება, პოლიციამ მოსალოდენლი ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხა საფრანგეთსა და ესპანეთში, თუმცა მსგავსი მასშტაბის ტერაქტს რუსეთის გარდა ადგილი სხვაგან არ ჰქონია.
მნიშვნელოვანია ხაზგასმით განვასხვავოთ ეჭვმიტანილების ჩეჩნური წარმომავლობა და იმის ვარაუდი, რომ ისინი არიან მებრძოლები. ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ისინი რამენაირად არიან კავშირში რომელიმე პოლიტიკურ ან რელიგიურ დაჯგუფებასთან.
1990 წლების დასაწყისში ჩეჩნეთს დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ომი ჰქონდა რუსეთთან, მაგრამ შემდგომ შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ჯიჰადის სახე მიიღო და ჩრდილო კავკასიის თითქმის ყველა რესპუბლიკას მოედო. არის თუ არა ეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა თუ შეიარაღებული ამბოხი საზღვრებს გასცდა და გადაიზარდა ჯიჰადის უფრო ფართო მოძრაობის ნაწილად?
ვიტყოდი, რომ ჩეჩნების სრული უმრავლესობისთვის – მათთვისაც კი ვინც რუსეთთან თანამშრომლობს – დამოუკიდებლობა კვლავ ყველაზე მთავარ მიზნად რჩება. მოსახლეობის ძალიან უმნიშვნელო ნაწილი უჭერს მხარს ისლამური სახელმწიფოს არსებობის იდეას, რაც გამოიხატება კიდეც შეირაღებული დაჯგუფებების მიმდინარე ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ.
თუმცა, ოცი წლის განმავლობაში განუწყვეტელი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უკიდურესად აგრესიულ იდეოლოგიას მოითხოვს და არც უნდა იყოს გასაკვირი ის რომ ასეთი რამ უკვე გაჩნდა.
რა მიზნები ამოძრავებთ მებრძოლებს? ამჟამად რისთვის იბრძვიან ისინი?
ვფიქრობ, რომ ამჟამად საქმე ეხება გადარჩენას და ბრძოლის ჟინის შენარჩუნებას. არ მგონია, რომ მებრძოლებს გამარჯვების ილუზია ამოძრავებდეთ, თუმცა მათ სჯერათ რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის პოლიტიკა შეიცვლება, მისი ძალაუფლება შესუსტდება და სწორედ მაშინ გამოჩნდებიან ისინი ასპარეზზე და შეძლებენ ნანატრი გამარჯვების მოპოვებას.
ხშირად მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია რომ ჩრდილო კავკასიელი მებრძოლები ტალიბანსა და სხვა დაგჯუფებებთან ერთად იბრძვიან. თქვენი აზრით რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და მართლაც არიან თუ არა ისინი ჩართული ჯიჰადის საერთაშორისო ქსელში?
მედიაში ხშირად გავრცელებულა ხმები ავღანეთსა და პაკისტანში საბრძოლო შეტაკებებში ჩეჩნების მონაწილეობის შესახებ, თუმცა არცერთი მათგანი არასოდეს ყოფილა გამყარებული და დასტურებული ფაქტებით.
ჩეჩენი მებრძოლები ამჟამად სირიაში ამბოხებულთა მხარეს იბრძვიან, ამიტომაც სავსებით შესაძლებელია რომ ჯიჰადისტების ფართო ალიანსი მართლაც არსებობდეს. თუმცა, საქმეს ის გარემოება ართულებს, რომ სირია და რუსეთი მოკავშირეები არიან და ამიტომაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ბრძოლა კრემლთან ბრძოლის ტოლფასია.
არსებობს თუ არა ახლაც კონფლიქტი ჩეჩნეთში ან მის მეზობელ დაღესტანში? მოახერხა თუ არა რუსეთმა ძალაუფლების გზით სრული კონტროლის მოპოვება?
ჩეჩნეთში მდგომარეობა ამჟამად საკმაოდ სტაბილურია, თუმცა კონტროლი კვლავაც ძალიან მკაცრია. ხელისუფლება რუსული და შარიათის მმართველობის ჰიბრიდს წარმოადგენს. ამით ის ახერხებს შეინარჩუნოს ლეგიტიმურობა როგორც ადგილობრივ დონეზე ასევე მოსკოვის თვალშიც. ოპონენტები ლიკვიდირებულია, უფლებადამცველების თქმით წამების ფაქტებსაც ხშირად აქვს ადგილი.
დაღესტანი, რომელიც ჩეჩენი ლტოლვილებისთვის 90 წლების მანძილზე უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა, დღეს გაცილებით მძიმე დღეშია. ხშირია მანქანების აფეთქებები და სროლები. დასავლეთით ჩეჩნეთის მეზობელი ინგუშეთიც ჩათრეულია ძალადობის მორევში, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა დანარჩენ რესპუბლიკებშიც ხშირად აქვს ადგილი შეიარაღებულ დაპირისპირებებს.
ცარნაევის ერთ-ერთი ძმა როგორც ამბობენ დაბადებული ყოფილა ყირგიზეთში, კავკასიიდან საკმაოდ მოშორებით. ეს რამეს ხომ არ გეუბნებათ?
დიახ, ჩეჩენთა თემები ჯერ კიდევ მრავლად გვხვდებიან ცენტრალურ აზიაში. ისინი იქ სტალინის მმართველობის პერიოდში კავკასიიდან მასობრივი იძულებითი გადასახლებების დროს მოხვდნენ. 1994 წელს ჩეჩნეთის პირველი ომის შედეგად დევნილი მოსახლეობა სრულებით ბუნებრივად შეუერთდა ყაზახეთსა და ყირგიზეთში მცხოვრებ თანამემამულეებს. მათ დღემდე მჭიდრო კავშირი აქვთ სამშობლოსთან და საკმაოდ აქტიური მიმოსვლაც აქვთ ერთმანეთთან.