IWPR-ის სტატიამ ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფის რეფორმის განხორციელების სირთულეების შესახებ, საპარლამენტო კომიტეტი აიძულა, დაეწყო შედეგების მონიტორინგი და მშვილებელი ოჯახის მიმართ მოთხოვნების გამკაცრება მოეთხოვა.
სტატიაში – საქართველოს ხელისუფლებას ბავშვების დაცვა არ შეუძლია (http://iwpr.net/report-news/georgian-childcare-reform-criticised), ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო ბავშვთა სახლებს ხურავს და ბავშვებს, ან აშვილებს, ან ოჯახური ტიპის საბავშვო სახლებში აგზავნის, რომლებიც საბჭოთა დროის ბავშვთა სახლებზე გაცილებით პატარაა.
შვილად აყვანის შეთანხმების ფარგლებში 500-მა ოჯახმა იშვილა ბავშვი, თუმცა IWPR-ს ექსპერტებმა განუცხადეს, რომ კანონში ცვლილების ნაჩქარევად მიღებამ ის გამოიწვია, რომ ზოგიერთი ბავშვი უფრო არასასურველ გარემოში მოხვდა, ვიდრე ადრე იყო.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მაგდა ანიკაშვილი აცხადებს, რომ სტატიამ მას სურვილი აღუძრა, მეტი გაეგო რეფორმის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ.
”მსმენია ზოგიერთი პრობლემის შესახებ, რომელიც სტატიაში იყო ნახსენები და ომბუდსმენმა ნაწილობრივ ისინი თავის მოხსენებაშიც აღნიშნა”, – განაცხადა მან.
”ბუნებრივია, რომ კანონპროექტი, რომელიც რეფორმას დაედო საფუძვლად, ჩვენს კომიტეტში განიხილებოდა, მას ჩვენ სხვადასხვა შესწორებები დავურთეთ და აღვნიშნეთ, რომ კანონი მხოლოდ საერთო მიდგომას ითვალისწინებს”, – განაცხადა ანიკაშვილმა.
მან განაცხადა, რომ კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტარები დაარწმუნა, რომ ახალი შეთანხმება მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის შესაბამისად შემუშავდება და არ იქნება უბრალოდ გაწერილი კანონში.
”ჩვენ ამას ვეთნხმებით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს სტანდარტები დეტალურად არ შემუშავებულა. ახლა ჩვენ რეკომენდაციებს ვამზადებთ სამინისტროსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით ”, – დასძინა მან.
ანიკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც კანონის განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელნი, კანონის ინტერპრეტირება ბუკვალურად მოახდინეს, მაშინ როცა მისი მიზანი ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესება იყო, იმ თვალსაზრისით, რომ ისინი საბავშვო დაწესებულებიდან უნდა წაეყვანათ.
”ბუნებრივია, ბავშვები გაყავდათ საბავშო სახლებიდან, მაგრამ უნდა გავარკვიოთ, სად გადაჰყავდათ. ზოგიერთ შემთხვევებში ბავშვების ცხოვრების პირობები გაუარესდა”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, IWPR-ის სტატია დიდი ბიძგი იყო რეფორმის წარმატების ანალიზისთვის.
”ჩვენ განსაკუთრებული შემთხვევები განვიხილეთ და როგორც თქვენი სტატიიდან გახდა ცნობილი, რეფორმის დადებითი და , სამწუხაროდ, უარყოფითი შედეგები აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა მან.
რეფორმას გაეროს ბავშვთა ფონდი ”იუნისეფი” უჭერს მხარს, რომლის რწმუნებულმა ბავშვთა დაცვის საკითხებში არონ გრინბერგმა IWPR-ს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რომელშიც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, საქართველო სწორ გზას ადგას.
”მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ყოველთვიური შემწეობა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ჯანმრთელ ბავშვებზე ზრუნავენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშვილებელი ოჯახებისთვის შემწეობა თვეში 600ლარს შეადგენს. ეს დანამატი საკმარისია მშვილებელი ოჯახების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ელექტრონულ წერილში ”თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ საგულდაგულო შემოწმება და მომზადება გარანტიას იძლევა, რომ შეუფერებელმა ოჯახებმა ბავშვები ვერ იშვილონ”.
გრინბერგი, რომლის სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს ამ საკითხებში საქართველოს მთავრობასთან, აცხადებს, რომ მშვილებელი ოჯახების საგულდაგულო შემოწმება ძალიან წარმატებული იყო, ისევე როგორც ბავშვების დაახლოება მშობლიურ ოჯახებთან.
”ყველა პოტენციური რისკი, რომელიც ბავშვს ემუქრება უნდა შეფასდეს, სანამ მივიღებთ გადაწყვეტილებას ბავშვის ოჯახისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და შვილად აყვანის შემდეგაც სოციალური მუშაკები რეგულარურად უნდა მიდიოდნენ ამ ოჯახებში, რათა ბავშვების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს”, – განაცხადა მან. ”გარკვეული დროის შემდეგ, ეს სისტემა დაიხვეწება და ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. ბავშვის სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში პრობლემები ადრეც ყოფილა და ის იარსებებს, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულშიც. ამიტომ მონიტორინგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”.
ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.