ექსპერტები მოსახლეობას დაბინძურებული წყლის ნარგავ-ნათესების სარწყავად გამოყენების რისკების შესახებ აფრთხილებენ.
ვუსალ მამადოვი – კავკასია
2012 წლის 4 სექტემბერი
ფერმერი კარიმ გურბანოვი ვერ ეგუება, რომ სუფთა სარწყავი წყლის არარსეებობის გამო ბოსტნეულის მოსავლელად გაუფილტრავი ფეკალური წყლის გამოყენება უწევს.
„არ მინდა ხალხი მოვწამლო, მაგრამ ოჯახი უნდა გამოვკვებო, რის გამოც ნაკვეთის კანალიზაციის წყლით მორწყვა მიწევს,“ აცხადებს ის. „ველოდები, როდის შეაკეთებენ ფილტრებს, რათა ბოსტნეული სუფთა წყლით მოვრწყო.“
გურბანოვი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზერბაიჯანის სამუხის რაიონში ცხოვრობს, სადაც მის გარდა კიდევ ბევრი ფერმერი იყენებს გაუფილტრავ კანალიზაციის წყალს.
„არტეზიული ჭების უმეტესობა არ მუშაობს. არჩევანი არ გვაქვს – თუ ამ წყალს არ გამოვიყენებთ, მაშინ მოსავალი საერთოდ არ გვექნება,“ თქვა მან. „სანიტარული ინსპექტორების მოქრთამვა მაინც გვიწევს, რომ ამ დაბინძურებული წყლის გამოყენებაზეც თვალი დახუჭონ.“
საბჭოთა დროს სამუხის ფერმერები წყალს არტეზიული ჭებიდან იღებდნენ, მაგრამ 1991 წელს აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ისინი საგრძნობლად დაზიანდა. ამის შემდეგ ფერმერებმა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის, განჯას წყლის გადამამუშავებელი ქარხნიდან დაიწყეს წყლის გამოყენება. თუმცა, ფილტრაციის ქარხანა ათი წლის წინ დაზიანდა და მას შემდეგ ადგილობრივი ფერმერების მიერ გამოყენებული წყლის დამუშავება აღარ ხდება.
სამხრეთ აზერბაიჯანის მყიდველები ფერმერებს უკვე ეკითხებიან, სად მოიყვანეს ეს ბოსტნეული, რათა თავი აარიდონ სამუხში მოყვანილი პროდუქტების შეძენას.
ილკინ ჰასანოვი, რაიონის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის მთავარი ექიმი ამბობს, რომ მისი თანამშრომლები უშედეგოდ ეცადნენ კანალიზაციის წყლის დინების ბლოკირებას.
„ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მივმართეთ და მილებიც კი შევაკეთეთ, რომ დაბინძურებული წყალი ბოსტნეულის ბაღებში არ ჩადენილიყო, მაგრამ ამაოდ,“ განაცხადა მან. „სოფლის მაცხოვრებლები მაინც ტეხავენ [კანალიზაციის მილებს] და შესაბამისად წყალი ყველგან იღვრება.“
ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გადაუმუშავებელი ნარჩენი წყლები ძალიან საზიანოა, თუ ის საკვების ციკლში მოხდება, მით უფრო, თუ ეს წყლები დიდი ქალაქიდან გამოედინება.
„ჩამდინარე წყლები რამდენიმე ქარხნიდან და საავადმყოფოდან მოდის,“ თქვა სოფლის მეურნეობის მეცნიერმა ვუგარ ბაშიროვმა. „თუ განჯიდან წამოსული წყლის ფილტრაცია არ მოხდება, მაშინ ძალიან საშიშია მისი მცენარეების მოსარწყავად გამოყენება. ასეთი ნათესები საზიანოა, ვინაიდან კანალიზაციიდან გადმოსულ მიკრობები და ბაქტერიები გროვდება.“
განჯას მთავარი საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების სპეციალისტი კარიმ ალიევი ამტკიცებს, რომ რისკი ნამდვილად არსებობს.
„დაბინძურებული წყლიდან ინფექციური დაავადებები ბოსტნეულში გადადის. მაგალითად, ტიფის ბაქტერია მცენარეებში ორი ან სამი თვე ცოცხლობს, ხოლო დიფტერიის ბაქტერია 15-20 დღე,“ ახსნა მან. „მაშინაც კი, როცა ბოსტნეულს გულდასმით ასუფთავებთ, ძნელია მიკრობების სრულად ნეიტრალიზება. ეს ინფექციური დაავადებების გავრცელების პირობებს ქმნის.“
ალიევმა აღნიშნა, რომ ჰეპატიტის შემთხვევები განჯაში სწრაფად იმატებს. 2012 წლის თებერვალში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ყოველ მეოცე მოქალაქეს აქვს B ან C ჰეპატიტი.
შაკირ მამადოვი, სამუხის რაიონის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე და სოფლის მეურნეობაზე პასუხისმგებელი პირი აცხადებს, რომ რამდენიმე ვარიანტის მიმოხილვა მიმდინარეობს.
„მას შემდეგ, რაც ახალი [რაიონის] ადმინისტრაცია დაინიშნა, უფრო დაჩქარდა დაბინძურებული წყლის გამოყენების საწინააღმდეგო კამპანია,“ აღნიშნა მან. „მიმდინარეობს არტეზიული ჭების შეკეთება, რათა ხალხმა სუფთა წყლის მოპოვება შეძლოს. იგეგმება ახალი საირიგაციო არხების მოწყობაც. თუმცა, თუ განჯის ჩამდინარე წყლების ფილტრაცია მოხდება, მაშინ პრობლემა თავისთავად მოგვარდება.“
კანალიზაციის წყლების ფილტრაციის სისტემის შეკეთებზე პასუხისმგებელი აგილ ჰაჯიევი ამბობს, რომ სამუშაოს კიდევ ორი წელი დასჭირდება.
ვუსალ მამადოვი www.civil-forum.az გვერდის კორესპონდენტია.