წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების ანსამბლი „ქორული“ გასტროლებზე ამ დღეებში გაემგზავრება. პატარა მოცეკვავეები შარშან უნგრეთსა და რუმინეთში იმყოფებოდნენ, 55 მათგან კი წელს ალანიაში მიემგზავრება. ანსამბლის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მოსწავლეები საზღვარგარეთიდან წარმატებით დაბრუნდებიან და გულშემატკივარების იმედებს გაამართლებენ.
“ჩვენი ანსამბლი უკვე 3 წლისაა. ის დევნილ ბავშვთა ბაზაზე დავაფუძნეთ. აქ თითქმის ყველა ასაკის ბავშვები დადიან da მონდომებით მეცადინეობენ, რის შედეგადაც ანსამბლმა უკვე სახელი მოიხვეჭა. დღემდე არაერთ კონკურსსა და ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა და მიხარია, რომ ხელმოცარულები არასოდეს დავბრუნებულვართ. განსაკუთრებით გასული წლის შედეგებია აღსანიშნავი, როდესაც ევროპის 12 ქვეყანას შორის გამართულ კონცერტზე ჩვენმა ანსამბლმა პირველი ადგილი აიღო. 26 ივნისს მივდივართ თურქეთში ქალაქ ალანიაში, სადაც გაიმართება ფესტივალი და ვნახოთ შედეგებს დაველოდებით”, – განაცხადა ვასილ ქავთარაძემ, რომელმაც დასძინა, რომ ანსამბლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ფორმები წარმოადგენს. ბავშვები მაყურებლის წინაშე ამჯერადაც ნათხოვარი ფორმებით წარსდგებიან.
მოსწავლეების გარდა გასტროლებზე წასვლა მშობლებსაც უხარიათ – სურთ, რომ მათი შვილები ღირსეული და წარმატებული ქართველები გაიზარდონ, თუმცა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ალანიაში გასამგზავრებელი თანხა ბევრ მათგანს არ აღმოაჩნდა.
მოისმინეთ ვრცელი ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4504″]
ავტორი: ნანა კახნიაშვილი