29 ივნისს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2016 წლის ევროკავშირის პრიზისთვის ჟურნალისტიკაში ნაშრომების მიღება გახსნილად გამოაცხადა.
2012 წელს დაარსებული ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
2016 წელს პრიზები გაიცემა შვიდ კატეგორიაში:
1. საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
2. საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
4. საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
5. საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი/ სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
6. საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
7. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში. ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაშორებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.
„ჩვენი მისია პრიზის მნიშვნელობას აღიქვამს, როგორც კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის კავშირების აღდგენის მნიშვნელოვან საშუალებას. ჩვენ ვეძებთ ყველაზე დაბალანსებულ და მიუკერძოებელ ჟურნალისტურ ნაშრომს. ჯილდო წაახალისებს ისეთ ჟურნალისტიკას, რომელიც მხარეებად გაყოფილ საზოგადოებას გააერთიანებს. ჩვენ გვსურს გამოვარჩიოთ ისეთი ნაშრომი, რომელიც შორს დგას მოვლენების მარტივი ბიპოლარული ინტერპრეტირებისაგან“, – განაცხადა საზეიმო მიღებაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კესტუტის იანკაუსკასმა.
მშვიდობის ჟურნალისტიკაში პრიზის მფლობელს, გადაეცემა 5000 ევროს ღირებულების ვაუჩერი, რომელიც უზრუნველყოფს ერთთვიან პროფესიულ მივლინებას ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR.net) სათავო ოფისში ლონდონში.