ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ტრანსსასაზღვრო ქსელ ”მეზობლების” ფარგლებში 13-15 ივლისს საქართველოში სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა ტრენინგი და ჟურნალისტური მისია შედგა.
მისია კონცენტრირებული იყო სომხური და აზერბაიჯანული ეროვნული უმცირესობების ჯგუფებზე, რომლებიც საქართველოს ორ რეგიონში – ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში ცხოვრობენ.
მისიის დროს, ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარში, შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანალიტიკოსებს, ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა საკითხებზე მუშაობენ. ჟურნალისტები ასევე გაემგზავრნენ ქვემო ქართლში და სამცხე ჯავახეთში, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ეთნიკურ უმცირესობებს შეხვდნენ.
აზერბაიჯანული ტელეკომპანია აზად-ის თანამშრომელს 27 წლის რაგიფ რაუფოღლუს პირველად მიეცა სომეხ კოლეგებთან შეხვედრის და აზრების გაცვლის საშუალება.
“პირველი საერთაშორისო ტრენინგია, რომელშიც მე მონაწილეობა მივიღე. ასეთი თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებს შორის, კონფლიქტით გაყოფილ ადამიანებს შორის, ხელს შეუწყობს საინფორმაციო ომის დასრულებას და საშუალებას მოგვცემს ერთმანეთის შესახებ ობიექტურად ვწეროთ”, – ამბობს რაგიფი.
“საქართველოში მისიის დროს აქ მცხოვრები სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობის შესახებ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. მისია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – პირველად შევხვდი აზერბაიჯანელებს და ახლა შემიძლია ვთქვა – დიახ, მე ვიცნობ ჩემს მეზობლებს”, – განაცხადა 24 წლის სომეხმა ჟურნალისტმა ფარანძემ ჰოვანისიანმა, რომელიც medialab.am-სთვის მუშაობს.
”პროექტი ”მეზობლები” თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმაა სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის. პროექტის მეშვეობით ორივე მხარეს ეძლევა შესაძლებლობა დაამყაროს ურთიერთობები, მიუხედავათ მათ შორის კონფლიქტის არსებობისა, მიიღოს აუცილებელი რესურსები და ინფორმაცია. მისი მიზანია საკომუნიკაციო ბარიერების გადალახვა და რეგიონში ”ერთიანი საინფორმაციო სივრცის” შექმნა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია არსებული უთანხმოების აღმოსაფხვრელად და მცდარი წარმოდგენების შესაცვლელად, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ რეგიონში ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაზე.
IWPR-ის პროექტში ”მეზობლები” განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა ახალგაზრდა რეპორტიორების ჩართულობას. სომხეთისა და აზერბაიჯანის 30-მა ახალგაზრდა ჟურნალისტმა უკვე გაიარა ტრეინინგები IWPR-ში სხვადასხვა საკითხებზე: სოციალური მედია, საერთაშორისო ჟურნალისტიკის სტანდარტები, კონფლიქტებთან დაკავშირებული მგრძნობიარე თემების გაშუქება, ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება. შედეგად სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვან გაზეთებში, რომელსაც არანაკლებ 10 000 მკითხველი ჰყავს, გამოიცა 12 ჩანართი, რომელიც სომეხმა და აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა ერთად შექმნეს ობიექტურობისა და მნიშვნელობის მაღალი სტანდარტების შესაბამისად.
პროექტი ”მეზობლები” IWPR-ის პროგრამის ”ხიდების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში” ნაწილია. პროგრამა მოიცავს ინტეგრირებულ ტრენინგებს, მოვლენათა გაშუქებასა და იმ ღონისძიებათა მხარდაჭერას რომლებიც მიმართულია დემოკრატიის განვითარებისა და კონფლიქტების მოგვარებისათვის სამხრეთ კავკასიაში.
პროექტ ”მეზობლების” მიმდინარე ეტაპი ხორციელდება სომხეთში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. პროგრამას ”ხიდების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში” ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამეფო სამინისტრო აფინანსებს.
წყარო: IWPR