ადგილობრივი მოსახლეობა დაბინძურების შესამცირებლად ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას ითხოვს.
კასპში მცხოვრები თენგიზ სუხიაშვილი ბოსტნეულის მოყვანით ირჩენდა თავს. მოჰყავდა კიტრი, პომიდორი და სხვა ისეთი ბოსტნეული, რომლის რეალიზებასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენდა.
თუმცა, ახლა ის ტაქსისტად მუშაობს. სათბურის დახურვა ცემენტის ქარხნის გამონაბოლქვის გამო მოუხდა.
„ცემენტის ქარხანა უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებაზეც და ადამიანის ჯანმრთელობაზეც“, ამბობს სუხიაშვილი. „სოფლის მეურნეობას კასპში თითქმის აღარავინ მიჰყვება,რადგან მტვერი ყველაფერს ანადგურებს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვალი) აწუხებს.“
კასპის ცემენტის ქარხანამ ფუნქციონირება 1931 წელს დაიწყო და ამჟამად ის ჰაიდელბერგ ცემენტის მფლობელობაშია. 24 საათიანი რეჟიმით მუშაობის შედეგად ის წელიწადში 760 000 ტონა ცემენტს აწარმოებს.
[pullquote]სოფლის მეურნეობას კასპში აღარავინ მიჰყვება … მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვალი) აწუხებს[/pullquote]
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს 2010 წლის მონაცემებით, კასპის ცემენტის ქარხანა ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი მსხვილი დამბინძურებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა დასაქმების მთავარ წყაროს წარმოადგენს, ადგილობრივების თქმით, სანაცვლოდ დიდი ფასის გადახდა უწევთ.
ყველაზე მეტად ზარალდება თავდაპირველად ქარხნის მუშებისთვის აშენებულ დასახლებაში მცხოვრები 150 ოჯახი. ისინი უჩივიან ცემენტის მტვერს და სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობას, რადგან ქარხნამდე მისასვლელი გზა პირდაპირ მათ დასახლებაში გადის.
„ვითარება განსაკუთრებით ზაფხულში უარესდება, რადგან ნაკლები ნალექის გამო მტვერი გვაწუხებს, საღამოს ეზოებში ხმაურის გამო ვერ გამოვდივართ. კარგი იქნება თუ ქარხანა მტვრის შემცირების კუთხით გარკვეულ ღონისძიებებს გაატარებს. ასევე ახალი გზის მშენებლობას ვითხოვთ, რათა ცემენტის სარეალიზაციოდ მანქანებმა შემოვლითი გზით იმოძრაონ,“- აცხადებს ქარხნის დასახლებაში მცხოვრები ნინო ენუქიძე.
კასპელი რობერტ კავთიშვილი რაიონში ქარხნის არსებობას დასაქმების კუთხით მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საწარმოს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებში შეაქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის თვალსაზრისით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.
„გამწმენდი ფილტრები 2012 წელს დააყენეს, თუმცა პრობლემები ისევ გრძელდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ ღამით თიშავენ. კასპის მიმდებარედ რამდენიმე სოფელშიც ანალოგიური მდგომარეობაა, რაც ქალაქში,“ – ამბობს ის. „აუცილებელია მუნიციპალიტეტმა და ქარხნის ხელმძღვანელობამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს და ბუნებას ნაკლები ზიანი მიადგეს.“
კასპის მუნიციპალიტეტში ონკოლოგიური და ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტების მომართვიანობამ იმატა. მათი მკურნალობის თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება. ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი დალი დავითაშვილი სტატისტიკას იშველიებს და აცხადებს, რომ დახმარების მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.
„2013 წელს 17 მოქალაქე დაფინანსდა ბიუჯეტიდან. 2014 წელს 57, ხოლო 2015 წლის იანვარ-თებერვალში თექვსმეტმა ადამიანმა მოგვმართა, მათ ონკოლოგიური პრობლემები აქვთ,“ – აცხადებს ის. რაც შეეხება ბრონქიალურ ასთმას, გასულ წელს დაფინანსების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას 49 ადამიანმა მიმართა, მაშინ როცა „ამა წლის იანვარ-თებერვალში უკვე 28 ადამიანი დაგვიკავშირდა,“ – დასძინა დავითაშვილმა.
ექსპერტები შიშობენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა უფრო გამწვავდეს, რადგან ადამიანები, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ უსახსრობის გამო მას ვერ იტარებენ და არც ის იციან, რომ ის უკვე ხელმისაწვდომია.
ქარხნიდან გამოსული ცემენტის მტვერი არის თუ არა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი, ამაზე კვლევები არ ჩატარებულა, ამბობს კასპის საავადმყოფოს დერმატოლოგი გიორგი კაზაროვი.
„სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, კასპში ხშირია პაცინეტების მომართვიანობა სოკოვანი და ასთმური დავადებებით. ხშირად გვაკითხავენ კანის კიბოთი დაავადებული ადამიანები, რომლებსაც თბილისში ვაგზავნით, რადგან აქ გამოკვლევების ჩასატარებელი შესაბამისი აღჭურვილობა არ გვაქვს.“
რამდენიმე წლის წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ ფილტრების დაყენების და ქარხანაში საწვავად ნახშირის ნაცვლად ბუნებრივ გაზის გამოყენების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. ფილტრები დაამონტაჟეს, თუმცა ქარხანა კვლავაც ნახშირზე მუშაობს.
[pullquote]ონკოლოგიური და ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტების მომართვიანობამ იმატა[/pullquote]
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ადასტურებს, რომ ქარხანა კვლავაც ნახშირის ღუმელებზე მუშაობს. „ფილტრები დაამონტაჟეს, ამიტომ ცემენტი აღარ „თოვს“, თუმცა ეს უმნიშვნელო გაუმჯობესებაა“, – დასძენს ის.
გოჩიტაშვილის განცხადებით, ქარხნის ადმინისტრაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ნაკლებად თანამშრომლობს.
კავკასიის გარემოცდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნავს, რომ კასპი რჩება საქართველოს ყველაზე დაბინძურებულ მუნიციპალიტეტად.
„როგორც წესი, საცემენტე კირქვების მოპოვება მხოლოდ ღია კარიერული წესით, უსისტემოდ მიმდინარეობს. არ ხდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დასაწყობება ტერიტორიის შემდგომი რეკულტივაციის მიზნით,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
CENN-ის რეკომენადაცით, საცემენტე კირქვის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს იზოლირებულად, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ჰაერში მათი მოხვედრის ალბათობა. ქარხნის საკვამურ მილებში უნდა დამონტაჟდეს მსოფლიოში აპრობირებული, ყველაზე თანამედროვე ფილტრები.
კასპის ცემენტის ქარხანა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.
„გამონაბოლქვი ორთქლია და არა ცემენტის მტვერი,“ – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ნინო ტყემალაძე. „მტვერგამწმენდი ფილტრები 2012 წელს დავაყენეთ ქარხანაში და ექსპლუატაციის ვადა 15 წელი აქვს, ფილტრები მაღალი ხარისხისაა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამჟამად 3 ღია კარიერია კასპის მუნიციპალიტეტში, რომლის ბიომრავალფეროვნებაზე ქარხანა ზრუნავს“.
ნინო ტყემელაძეს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებათა მომატების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქარხანაში 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული.
[pullquote]ქარხანაში 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული[/pullquote]
საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, რომ კასპის ცემენტის ქარხანამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა გარემოს დაბინძურების შემცირების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, 2014 წლის ზაფხულში ჩატარებული ინსპექციის შემდეგ ქარხანა გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევებისთვის დაჯარიმდა. სამინისტროს განცხადებით, მორიგი შემოწმება უახლოეს მომავალში იგეგმება.
მალხაზ მიქელაძე, თავისუფალია ჟურნალისტია შიდა ქართლის რეგიონიდან.