ექსპერტების მტკიცებით, სწორედ რუსეთის ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირის გამო აფხაზეთისთვის უარყოფითი შედეგები ნაკლებად მტკივნეული იქნება.
აფხაზეთის ეკონომიკა რუსული რუბლის დევალვაციის პირობებში უარესის მოლოდინშია, თუმცა ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივი წარმოების პროდუქციას ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
რუსეთი ერთადერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც აღიარებული აქვს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. რესპუბლიკის ეკონომიკა მთლიანად მოსკოვიდან გამოგზავნილ ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული, ხოლო ოფიციალურ მიმოქცევაში რუსული რუბლია.
გასული წლის ნოემბერში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება მოიაზრებს მხარეებს შორის უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ასევე ეკონომიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას. პუტინის დაპირების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, აფხაზეთი რუსეთისგან 270 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
2009-2013 წლებში რუსეთის მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 300 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა აფხაზეთში შიშობენ, რომ არსებული კრიზისის პირობებში რუსეთი ვეღარ იქნება ისეთი გულუხვი, როგორიც ადრე იყო. უკრაინის გამო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნის შედეგად, გასულ წელს რუსული რუბლის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 40%-ით დაეცა. მთავრობა იძულებულია დაბალი შემოსავლების კომპენსირება ხარჯების შემცირებით მოახდინოს.
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომისტი თენგიზ ჯოპუა თვლის, რომ ხარჯების შემცირება აფხაზეთს დიდ დარტყმას მიაყენებს.
„შესაძლებელია შემცირდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება. რუსეთში რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შენარჩუნდება მანამ, სანამ არ მოიმატებს ნავთობის ფასი,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
ხარჯების შემცირებაზე საუბრისას, რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პოლიტოლოგმა ანდრეი არეშევმა ონლაინ გამოცემა sukhum-moscow.ru-ს განუცხადა, რომ რუსეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შეასრულოს აფხაზეთთან დადებული შეთანხმება.
აფხაზეთში, რუბლის მკვეთრი გაუფასურების საპასუხოდ, მოსახლეობა ცდილობს რუბლში გაკეთებული დანაზოგი უფრო სტაბილურ ვალუტაში გადაცვალოს ან თანხა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში დახარჯოს.
„ხალხმრავლობაა მაღაზიებში და ბაზრობებზე, ხალხი ცდილობს თავიდან მოიშოროს დაზოგილი რუბლი და ამით შეინარჩუნოს მისი მსყიდველობითუნარიანობა,“ – განაცხადა აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ ჩვენთან საუბრისას. „ამიტომაც დაიტაცეს მაღაზიებიდან საქონელი, განსაკუთრებით საოჯახო ტექნიკა და ტელეფონები, რომლებიც ჯერ კიდევ ძველ ფასად იყიდება. იგივე ხდება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ხალხი დოლარს და ევროს ყიდულობს და ამით დანაზოგის დაცვას ცდილობს.“
აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იმპორტირებული საქონლის 18%-ის შეძენა უცხოურ ვალუტაში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე რაოდენობის საქონლის შესაძენად უფრო მეტი რუბლის გადახდა ხდება საჭირო. ბარათელია აღნიშნავს, რომ რუსული წარმოების პროდუქციაზე ფასები არ შეცვლილა, თუმცა იმპორტირებული საქონლის ფასი ორჯერ გაიზარდა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჯანსუღ ნანბამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ის იმპორტიორები, რომლებსაც საქონელი არარუსული წყაროებიდან შემოაქვთ, მძიმე დარტყმას მიიღებენ.
„ცხადია, რომ როდესაც საქონელი ასე ძვირდება, ის ბაზარზე კონკურენციას ვეღარ უძლებს. ბიზნესმენებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ან უნდა დაელოდონ კრიზისის დასრულებას ან თავიანთი ფული ისეთ სფეროებში უნდა დააბანდონ, რომლებზეც კურსთაშორისი ცვლილებებით გამოწვეული რისკები ნაკლებად ახდენს გავლენას,“ – აცხადებს ის.
ეკონომიკური არასტაბილურობა, უპირველეს ყოვლისა, მომატებული ფასებით ხასიათდება. მოვაჭრეებმა კრიზისს ფასების მკვეთრი ზრდით უპასუხეს. ფასები გაიზარდა ისეთ საქონელზეც, რომელიც კრიზისის დაწყებამდე, რუბლით იყო შეძენილი. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ინფლაცია აისახა ხორცის, შაქარის, ბურღულეულის და ბოსტნეულის ფასებზე. ამ პრუდუქციის შემოტანა ძირითადად რუსეთიდან ხდება.
რუსულ პროდუქციაზე გაზრდილი ფასის გამო, მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების პროდუქციას მიეძალა, თუმცა ბარათელიას განმარტებით, „მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც ძვირდება.“
აფხაზეთის ხელისუფლება არეგულირებს ფასებს პურზე და საწვავზე და ისინი არ შეცვლილა, თუმცა, როგორც ნანბა აცხადებს, ეკონომიკის სამინისტრო პროცესს აკვირდება.
„ფქვილი რუსეთიდან შემოდის, ჩვენ ხორბალი არ მოგვყავს და არც მის გადამუშავებას ვახდენთ. რუსეთის ფედერაციაში ფქვილის ფასმა 20-30%-ით მოიმატა, ეს იმ დროს, როცა ხორბლის მოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს, დაახლოებით 104 მილიონ ტონას მიაღწია. ფასები იზრდება, რადგან მწარმოებლისთვის უფრო მომგებიანია თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა და დოლარში გაყიდვა“, – აცხადებს ნანბა. „ამის გათვალისწინებით, რუსეთის მთავრობა, ჯერჯერობით არაოფიციალურ დონეზე, ატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს იმ მიზნით, რომ მოხდეს ფასების მისაღებ ნიშნულამდე შენარჩუნება.“
ნანბას თქმით, აფხაზეთის მთავრობა იყენებს „ყველა მეთოდს და საშუალებას, რათა არ მოხდეს პურზე ფასის გაზრდა. რაც შეეხება ნავთობს – მისი გაძვირება თავიდან რუსეთში მოხდა, თუმცა მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, მისი ფასი დასტაბილურდა. არა მგონია, რომ მოგვიწიოს ნავთობპროდუქტებზე ფასების გაზრდა“.
„ერთი რამ ცხადია – ეს არის კრიზისი“, – ამბობს ნანბა. „მთავარია, სავალუტო კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში არ გადაიზარდოს, თუმცა, ჩემი აზრით, ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება ვერ მოხერხდება.“
ნანბამ ხაზი გაუსვა, რომ ეს ქვეყნის დასასრული არ არის, რადგან რუბლის გაიაფებით შესაძლოა ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
„ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს,“ – განაცხადა მან. „რუბლის კურსის ცვლილება ჩვენ კონკურენტუნარიან უპირატესობას გვანიჭებს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ერთი მხრივ, ეს არის ტურიზმი და მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობა. ადგილობრივ მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა რუსეთის ბაზარზე დაიკავონ თავიანთი ადგილი. ამისათვის, ვმუშაობთ ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც ადგილობრივი წარმოების გაფართოებისკენ იქნება მიმართული… პრიორიტეტი ენიჭება ტურიზმს და სოფლის მეურნეობას. ჩვენი მიზანია, ბიძგი მივცეთ და წავახალისოთ ჩვენი მოსახლეობა აწარმოოს პროდუქცია არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის, არამედ ექსპორტზე გასატანად“.
ფრთხილი ოპტიმიზმით აფასებს სიტუაციას ბარათელია და თვლის, რომ მანამ, სანამ გაგრძელდება რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა, ნეგატიური შედეგების დაბალანსება შესაძლებელი იქნება.
„რასაკვირველია, [აფხაზეთის] მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სტაბილური ფასები პირველადი მოხმარების საქონელზე რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. რაც შეეხება ფასების ზრდას და შემოსავლის კლებას, ამის დარეგულირება, ნაწილობრივ, მოხდება იმ ფინანსური დახმარების საშუალებით, რომელიც, კრიზისის მიუხედავად, შემოდის რუსეთიდან. მომავალ წელს იგეგმება საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა და ასევე პენსიების მომატება. ამიტომ, ვფიქრობ, დანაკარგი უმნიშვნელო იქნება.“
თენგიზ ჯოპუას აზრით, რთული მდგომარეობა რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
„კრიზისის პირობებში, მისი უარყოფითი შედეგების შემცირება შესაძლებელია საჯარო სექტორში ხელფასების მომატების ხარჯზე. თუმცა, სამთავრობო ხარჯების და ინვესტირების „მულტიპლიკატორის ეფექტი“ კრიზისის დროს ყოველთვის შეზღუდულია. არასტაბილური გარემოს პირობებში ადამიანები თავს არიდებენ წარმოებაში ფულის დაბანდებას ან ზოგადად, მაღალი რისკის პროექტების განხორციელებას. საქმიანი აქტიურობა დაიკლებს,“ – განაცხადა მან.
ანაიდ გოგორიანი გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რეპორტიორია აფხაზეთში.
სტატია შეიცავს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას და სახელწოდებებს.