მიუხედავად სამხრეთ ოსეთის საოკოუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა და მოსახლეობაზე ზეწოლისა, ადამიანების ურთიერთობები ღიად თუ ფარულად მაინც გრძელდება.
პანდემიის პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ადამიანებთან ურთიერთობები უფრო გააქტიურდა.
კავშირი „მომავლის ცხინვალის“ ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელებამ წლების წინ შეწყვეტილი კონტაქტების განახლება განაპირობა.
“სოციალური ქსელების საშუალებით არაერთი ჯგუფი შეიქმნა, სადაც ცხინვალელი კლასელები, ყოფილი თანამშრომლები, ნათესვები და ა.შ. კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ინფორმაციის გაზიარებას და რეკომენდაციებს ითხოვდნენ,” ამბობს მარინა მეშვილდიშვილი, კავშირის „მომავლის ცხინვალი“ ხელმძღვანელი.
აღმოჩნდა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით გახლეჩილი საზოგადოებების დაახლოებაში და კრემლის მიმდინარე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გადალახვაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს მედიცინა ასრულებს.
ამისთვის დასადასტურებლად დასავლეთ საქართველოში მდებარე გაეროს მიერ მხარდაჭერილი სამედიცინო ობიექტის მუშაობაც შეიძლება განვიხილოთ, რომელიც 2009 წელს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პაციენტების სამკურნალოდ გაიხსნა. თუ დასაწყისისათვის (2010 წელს) მას 150 აფხაზი ბენეფიციარი ჰყავდა, 2021 წლისთვის ეს რიცხვი 850-მდე გაიზარდა.
„დაპირისპირებულ მხარეებს შორის სოციალურ-ეკონომიკური კავშირების არსებობა და გააქტიურება კონფლიქტების მოგვარების ოქროს წესია. რეფერალური პროგრამა ამის კარგი მაგალითია და უნდა იყოს სხვა მსგავსი სოციალური პროგრამების შემუშავებისას,“ ამბობს ივანე აბრამაშვილი, ანალიტიკური ცენტრი „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მოქალაქეები მკურნალობის მიზნით ქართულ კლინიკებს დღემდე აქტიურად მიმართავენ.
საქართველოს მთავრობის რეფერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლთა უფასოდ მკურნალობას გულისხმობს, 2010 წლიდან დაიწყო.
“რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ სარგებლობა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები იმ პირთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პაციენტებს წამყვან კლინიკებში სამედიცინო მომსახურება გაეწევათ უსასყიდლოდ,” განმარტავს ანა დარახველიძე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
ლოქდაუნის პერიოდში ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული პაციენტების რიცხვი შემცირდა, თუმცა მთლიანობაში ბოლო თორმეტი წელი ეს პროცესი უწყევტად მიმდინარეობს.
ამ დრომდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მკურნალობის მიზნით, 11,986 მოქალაქე გადმოვიდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ შორის პანდემიის პერიოდში 926 ადამიანი კოვიდინფიცირებული იყო.
„ერგნეთში ჩემი ერთ-ერთი თანაკურსელი ცხოვრობს, რომელთანაც წლებია აღარ მიკონტაქტია. როცა ჩემს ბიჭს კოვიდი დაუდასტურდა და მდგომარეობა დაუმძიმდა ვფიქრობდი როგორ და ვისთვის მიმემართა დასახმარებლად. მოვძებნე Facebook-ში, ავუხსენი სიტუაცია და მალე მისი დახმარებით წითელი ჯვრის მიერ მოხდა ჩემი შვილის ქართულ კლინიკაში აგდაყვანა, რომელიც თავდაპირველად წინააღმეგი იყო ამ ყველაფრის. მაგრამ უკან სულ სხვა შთაბეჭდილებით დაბრუნდა,“ ამბობს ელენა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრობს. უსაფრთხოების მიზნით მან ანონიმურად ისურვა დარჩენა.
გარდა კოვიდისა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ქართულ კლინკებს სხვადასხვა დაავადებით მიმართავენ. ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლება ყოველწლიურად საშუალოდ ოთხ მილიონ ლარს ხარჯავს.
აღნიშნული კატეგორიის პაციენტებისთვის ეს შესაძლებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მძიმე პაციენტების რუსეთში გადაყვანა დროის რესურსთან ერთად მთელი რიგი სირთულეების და რისკების გადალახვას უკავშირდება.
ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსვლისას იმსხვრევა ის მტრის ხატი, რომელსაც აფხაზ და ოს პაციენტებს რუსული და ადგილბრივი პრო-კრემლისტური ხელისუფლების პროპაგანდა უქმნის.
“ბოლო წლებში ათი-თორმეტი შემთხვევა მაინც მახსენდება, როდესაც ცხინვალელი პაციენტების ქართულ კლინიკებში გადაყვანის პროცესში ვიყავი ჩართული. თითოეულს პირადად დავხვედრივარ და იმის მიხედვით, თუ ვის რა სახის სამედიციო დახმარება ესაჭიროებოდა, შესაბამის კლინიკაში გადაყვანაში ვეხმარებოდი,“ ამბობს ნიკოლოზ ძამუკაშვილი, ნიქოზის ამბულატორიის დირექტორი.
„მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ, მათი უკან დაბრუნების შემდეგაც ვინტერესდები. მოკითხვები ცალმხრივი არაა და როდესაც გადმოსული პაციენტებისგან დაბარებული მოკითხვები მესმის, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.“
იხილეთ ინფოგრაფიკა „ჯანმრთელობის ხიდები“ ოკუპაციის პირობებში.