მოქმედი პრეზიდენტი შვიდ კანდიდატს უპირისპირდება, თუმცა ყველამ იცის ვინ გაიმარჯვებს.
ვაჰე ჰარუტუნიანი – კავკასია
18 თებერვალს სომეხმა ამომრჩევლმა რვა საპრეზიდენტო კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, თუმცა ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ვერ გაიმარჯვებს.
ყველაზე გამორჩეულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა, „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ ლიდერმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა და „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა, უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებზე და ამით ნიადაგი გაუმყარეს სარგსიანს.
სარგსიანის გარდა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სხვა არანაკლებ ცნობილი ადამიანების გვარები ფიგურირებს. მაგალითად, ჰრანტ ბაგრატიანი, ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამჟამინდელი პარლამანტის წევრი; რაფი ჰოვანისიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ოპოზიციური პარტიის „მემკვიდრეობა“ ხელმძღვანელი; ასევე პარუირ ჰაირიკიანი, საბჭოთა დროინდელი დისიდენტი, რომელიც ამჟამად „ეროვნული თვითგამორკვევის კავშირს“ ხელმძღვანელობს.
სხვა კანდიდატები ნაკლებად ცნობილი პიროვნებებია – არმან მელიქიანი, მთიანი ყარაბაღის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; არამ ჰარუტუნიანი „ეროვნული თანხმობის პარტიის“ ხელმძღვანელი; ანდრიას ღუკასიანი, ანალიტიკოსი და ერევნის რადიოს დირექტორი; ასევე ვარდან სედრაქიანი, ეპიკური პოეზიის სპეციალისტი.
ანალიტიკოსების აზრით პრეზიდენტის უპირატესობას განაპირობებს ის, რომ მას აქვს უფრო ფართო წვდომა და კონტროლი ადმინისტრაციულ, ფინანსურ და მედია რესურსებზე ვიდრე შვიდ დანარჩენ კანდიდატს ერთად აღებულს.
თუმცა, ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ძლიერი ოპონენტის დაპირისპირება.
„ოპოზიციამ უბრალოდ ვერ შეძლო ამ არჩევნებისათვის სათანადოდ მომზადება. მათ ვერ მოახერხეს გაერთიანება და ერთი კანდიდატის შერჩევა,“ ამბობს სტეფან გრიგორიანი, ანალიტიკოსი, „გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ცენტრის“ ხელმძღვანელი.
ტერ-პეტროსიანმა, დამოუკიდებელი სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა, გაზეთთან „მეოთხე ძალა“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას თავისი ასაკის გამო, ის იანვარში 68 წლის გახდა. მისმა პარტიამ, „სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა“, კი მოგვიანებით განაცხადა რომ ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებს.
ცარუკიანი ოპოზიციის მთავარ იმედად მოიაზრებოდა, თუმცა დეკემბერში მისმა პარტიამაც განაცხადა, რომ არ აპირებდა კანდიდატურის წამოყენებას. ეს განცხადება ცარუკიანისა და სარგსიანის შეხვედრიდან ორ დღეში გავრცელდა, თუმცა ორივე მხარე უარყოფს რომ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ზეწოლას.
„აყვავებული სომხეთი“ სარგსიანის რესპუბლიკური პარტიის შემდეგ პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიაა.
კიდევ ერთმა მოწინავე ოპოზიციურმა პარტიამ, „დაშნაკცუტუნმა“ განაცხადა უარი კანდიდატის წამოყენებაზე და ამასთანავე დასძინა, რომ სარგსიანსაც არ დაუჭერდა მხარს.
გრიგორიანი ეჭვით იყურებს ოპოზიციის ტაქტიკას ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს.
„ისინი ამბობენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას რადგან შედეგები გაყალბდება ისევე, როგორც ეს მოხდა 2012 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს. მაგრამ… თუ ოპოზიცია თვლის რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ დაიკავეს პარლამენტში ადგილები, ამით ხომ შედეგების აღიარება მოახდინეს,“ ამბობს ის.
გრიგორიანს მაგალითად საქართველო მოჰყავს, სადაც ოპოზიციურმა კოალიციამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხება შეძლო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
„ეს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თუ ოპოზიცია იმარჯვებს ვერანაირი გაყალბება ვერ აღუდგება წინ ხელისუფლების შეცვლას.“
ბოიკოტის პირობებში ჰრანტ ბაგრატიანი აღმოჩნდა ერთადერთი კანდიდატურა ოპოზიციონერი ამომრჩევლისთვის.
„თუ მე გადავწყვიტე, რომ კენჭი ვიყარო არჩევნებში ეს იმას ნიშნავს, რომ მე გავიმარჯვებ – დარწმუნებული ვარ. არჩევნების ბოიკოტირება კი მხოლოდ ხელისუფლებისთვის გზის დათმობა იქნება,“ განაცხადა მან.
პარტია „მემკვიდრეობის“ ლიდერმა რაფი ჰოვანესიანმა თავი ერთიან კანდიდატად წარმოადგინა და მოუწოდა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისაკენ.
სარგსიანის მხარდამჭერები თვლიან, რომ ოპონენტები მათთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენენ.
„გაერთიანდებიან თუ არა, მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თუ არა -ეს კითხვები ოპოზიციის პრობლემაა,“- ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და რესპუბლიკური პარტიის წევრი ედუარდ შარმაზანოვი. „ამის და მიუხედავად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი სერჟ სარგსიანი გაიმარჯვებს.
მანველ სარგსიანი, „ეროვნული და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ არჩევნებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება სომხურ პოლიტიკაში. წინა არჩევნების დროს ოპოზიციური პარტიები თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობას მოუწოდებდნენ ხოლო ხმების გაყალბების შესახებ ბრალდებებს არჩევნების შემდოგმი პერიოდისთვის რეზერვში იტოვებდნენ.
„ამჯერად ეს არ ხდება, იმიტომ რომ ხალხი აღარ აღიქვამს ამას სერიოზულად,“ ამბობს ის. ოპოზიციურმა ძალებმა ღიად აღიარეს, რომ არ შეუძლიათ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. ძველი ტაქტიკა გაცვეთილი და არაადეკვატურია. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის თემაა. ძველი ხერხები არ მუშაობს, საჭიროა ახალი გარემოს, ახალი სივრცის შექმნა. ამ მომენტისთვის კი პოლიტიკურ მოქმედებათა ერთგვარი ვაკუუმია შექმნილი.“
ვაჰე ჰარუთუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.