ფეისბუქი საარჩევნო კამპანიის წარმართვის ძირითადი საშუალება გახდა, თუმცა ინტერნეტზე ხელი ყველა ამომრჩეველს არ მიუწვდება.
ავტორები: ანაიტ დანიელიანი, ლუსინე მუსაელიანი – კავკასია
CRS გამოცემა 651,
2012 წლის 16 ივლისი
მთიან ყარაბაღში საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადება წლების განმავლობაში უხმაუროდ მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც სჩანს, ახლა კანდიდატები ამომრჩეველს არაერთ დაპირებას შესთავაზებენ ადგილობრივი ეკონომიკისა და კეთილდღეობის გაუჯობესების თვალსაზრისით.
19 ივლისის კენჭისყრა ამომრჩეველთა აქტიურობითა და დებატების უჩვეულოდ მაღალი დონით გამოირჩეოდა, ხოლო კანდიდატებმა ხმების მოპოვების მიზნით სოციალური მედიის ინტენსიურად გამოყენებას მიჰყვეს ხელი.
მთიანი ყარაბაღის ადმინისტრირება სომხეთის მიერ 1994 წლის შემდეგ, აზერბაიჯანთან ომის დასრულების შემდეგ ხდება. იმ დროს, როცა აზერბაიჯანი მის სუვერენიტეტს იცავს, ყარაბაღს რაიმე სამშვიდობო შეთანხმება ან ხელშეკრულება არ გააჩნია და მისი დამოუკიდებლობის მოთხოვნა ჯერ კიდევ არ აღიარებულა, მეზობელი და მეკავშირე სომხეთის მიერაც კი.
ყარაბაღის სტატუსი სომხეთის მაცხოვრებლებისათვის გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს და ამ საკითხზე შიდა აზრთა სხვადასხვაობა თითქმის არ არსებობს.
ამ არჩევნების დროს კანდიდატები აცხადებენ, რომ საერთაშორისო აღიარებას მოითხოვენ და ამომრჩევლებს ზოგად კეთილდღეობასა და საგრძნობლად გაუმჯობესებულ ჯანდაცვის მომსახურებას პირდებიან.
გაყინული კონფლიქტის საკითხს ამომრჩევლები წინა კენჭისყრის დროსაც აყენებდნენ, მაგრამ როგორც სჩანს, ამჯერად ასევე სურთ იცოდნენ, რას გააკეთებს ახალი პრეზიდენტი მათი კეთილდღეობისა და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიზნით. საჯარო შეხვედრების დროს ბევრი ადამიანი გამოთქვამს წუხილს დაბალი ხელფასებისა და პენსიების, ასევე საბანკო სესხების აღებასა თუ გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა,“ – ამბობს არმინე აირაპეტიანი, ამომრჩეველი სტეპანაკერტიდან. „მიუხედავად იმისა, რომ ბანკები სხვადსახვა სახის სესხებს გვთავაზობენ, ეს სესხები მოსახლეობის ტვირთად იქცა და ბევრ მათგანს დაუფარავი დავალიანება გააჩნია. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს სესხები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მათი აღება ახლა ახალგაზრდა ოჯახების ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია. საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია, ხოლო [იპოთეკური] დეპოზიტი დიდი, რის გამოც ბევრ ოჯახს ბინის ქირით აღება უწევს.“
პრეზიდენტობის კანდიდატს, ბაკო სააკიანს საჯარო შეხვედრების დროს რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.
„მე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მრავალშვილიანი დედა ვარ; ერთ-ერთი შვილიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მყავს. მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდი ვარ, მაინც ქუჩებს ვხვეტავ, რათა ცოტაოდენი ფული ვიშოვო ჩემი შვილებისათვის,“ თქვა კარინემ სააკიანთან შეხვედრაზე ქალაქ შუშაში. „ეგებ მიპასუხოთ, როგორ უნდა ვიარსებოთ ჩემს 30,000 დრაჰმაზე [73 დოლარი]?“
2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს სააკიანის ძირითადი მოწინააღმდეგის, მასის მაილიანის მხარდაჭერა არ ხმაურდებოდა, მაგრამ ამჟამად ბევრი ამომრჩეველი ღიად საუბრობს პარლამენტარ ვიტალი ბალასანიანის მხარდაჭერაზე, რომელიც ძირითად ოპონენტად მოიაზრება. (იხ. სტატია „ორი ძირითადი კანდიდატი ყარაბაღის არჩევნებში“)
მას შემდეგ, რაც 10 ივლისს ვალერი ხაჩატურიანმა არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა, არჩევნებში კიდევ ერთი კანდიდატი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი არკადი სოღომონიანი დარჩა.
ბალასანიანი პირველი იყო, რომელმაც კამპანიისათვის ფეისბუქის გამოყენება დაიწყო; იგი მუდმივად ანახლებს გვერდს და პასუხობს მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებს.
ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად მის გეგმებს შეეხებოდა, იგი დაპირდა, რომ „ულმობელ ბრძოლას გამოაცხადებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ეკონომიკაში ჩარევის, ძალაუფლების მოხვეჭისა და მსგავსი საქმიანობის, პროტექციონისზმისა თუ მითვისების წინააღმდეგ.“
მან პირობა დადო, რომ გაზრდის პენსიისა და უნარშეზღუდულობის შემწეობის მინიმალურ ოდენობას და ბავშვებზე გადასახდელ სარგებელს ინფლაციისგან დაიცავს.
ბალასანიანის დაწევა სააკიანმაც ფეისბუქის გვერდის გახსნით სცადა. მასაც აქვს კითხვა-პასუხის მექანიზმი, მაგრამ მის გვერდზე უფრო მეტი კითხვა რჩება უპასუხოდ.
თუმცა, მან სამი საპარლამენტო პარტიის – თავისუფალი სამშობლოს, არცახისა და დაშნაცუცუნის დემოკრატიული პარტიიების მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. სააკიანს მხარს კომუნისტური პარტიაც უჭერს, რომელიც საპარლამენტო მანდატებს არ ფლობს.
ბალასანიანს მომხრეებს შორის რამდენიმე ისეთი პოლიტიკოსია, რომლებიც სხვადასხვა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორისაა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაილიანი.
ბოლო წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა და გაიაფდა ინტერნეტის მიწოდება, მაგრამ ყარაბაღის ბევრი ამომრჩევლისათვის ახალი ამბების წყარო ჯერ კიდევ ტელევიზია და რამდენიმე რადიო არხია. კანდიდატებს ტელევიზიითა და რადიოში უფასოდ 30-წუთი ეთმობათ და დამატებითი საეთერო დროის ყიდვაც შეუძლიათ.
სააკიანს გვერდზე ერთ-ერთი კითხვა ჰადრუთის რეგიონში მაცხოვრებელმა ახალგაზრდა კაცმა დასვა:
„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დანარჩენი სამყაროსგან სრულ იზოლაციაში ვიმყოფებით. გთხოვთ, ინტერნეტი მოგვაწოდოთ.“
ანაიტ დანელიანი Karabakh-open.info-ს რედაქტორია. ლუსინე მუსაელიანი რადიო თავისუფლებას კორესპონდენტია სტეპანაკერტში.
[nggallery id=10]