საოკუპაციო ხაზთან მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. საჯარო და ბიზნესის სერვისებით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ისარგებლებს.
დასაქმების შესაძლებლობა, ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობა – რუხი მოლი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს შეუმსუბუქებს ცხოვრებას.
მოლი, რომელიც სავაჭრო ობიექტებსა და საჯარო სერვისების სახელმწიფო სააგენტობს აერთიანებს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აშენდა. რუხი უშუალოდ საქართველო-აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან, ენგურის ხიდთან ახლოს მდებარეობს. კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლები, ყველაზე მეტად 1992 და 2008 წლების ომების დროს დაზარალდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ომების შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ყველაზე დიდი მასპინძელია საქართველოში.
სავაჭრო ცენტრის გახსნას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობაც მოუთმენლად ელოდა.
,,მე და ჩემი გოგო ენგურის ხიდით გადმოვედით. რუსული პასპორტები გვაქვს და თავისუფლად ვმოძრაობთ. მოლის მშენებლობას ყოველ გავლა-გამოვლაზე ვათვალიერებდით. სავაჭრო ცენტრის გახსნას მოუთმენლად ველოდით. დიდი ოჯახი მაქვს და საჭიროებებიც შესაბამისი. რადგან ყველაფერი აქვე იქნება, აღარ მომიწევს ზუგდიდს, თბილისსა და ფსოუს შორის წანწალი“- ამბობს, ციალა კ. სოფელ თაგილონიდან (გალის რაიონის დაბალი ზონის სოფელი).
დედა-შვილმა საყიდლების გარდა, სურათების გადაღებითაც იჯერა გული, პროდუქტებითა და ახალი ინფორმაციით დატვირთულები დაუბრუნდნენ მშობლიურ სოფელს.
საზეიმო ცერემონიაზე ხალხმრავლობა იყო. სავაჭრო ცენტრი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მთავრობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად სავაჭრო ცენტრის დასათვალიერებლად რუხში გალელებიც ჩავიდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთთან აშენდა ასეთი დატვირთვის სავაჭრო ობიექტი. იქ, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის შესაძლებელი იქნება საუკეთესო მომსახურებით ერთად სარგებლობა. მთავარი ის არის, რომ მათ ექნებათ საკუთარი პროდუქციის რეალიზების საშუალება. თანაც ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება’’, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საცალო და საბითუმო მაღაზიები, ღია ბაზარი, ჰიპერმარკეტი, ფოსტა, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტო, ასევე საბანკო, სატელეფონო და ავტომომსახურება, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ახალგაზრდული შემეცნებითი და გასართობი ცენტრი – ეს იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი აერთიანებს.
„რუხის საზოგადოებრივი ცენტრი არის ყველაზე ახლოს საოკუპაციო ხაზთან, სადაც მოსახლეობა ადგილზე მიიღებს 200-ზე მეტ საჯარო სერვისს სოფლიდან გაუსვლელად, იქნება ეს პასტორტი, მიწის რეგისტრაცია, ასევე პენსიის აღება და სხვა სახის მომსახურება. სკოლის მოსწავლეებს ასევე შეეძლებათ ახალგაზრდულ ცენტრში ისარგებლონ უფასო ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკუანმა.
რუხი მოლი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. ამ ეტაპზე, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი კომპანიების უმრავლესობა პროდუქციის მობილიზებასა და სავაჭრო ფართის ინტერიერის მოწყობით სამუშაოებს ახორციელებს.
„სოფელი რუხი ადრე, რეგიონული სავაჭრო კვანძი იყო სამეგრელოს, იმერეთსა და აფხაზეთს შორის.სავაჭრო ცენტრმა სოფელს ისტორიული ფუნქცია დაუბრუნა’’, – ყვება პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების ხელმძღვანელი დათო კოდუა.
,, ტერიტორიის საერთო განაშენიანების ფართი ხუთ ჰექტარს მოიცავს. 10 ათას კვადრატულ მეტრზე უკვე აშენებულია 10 შენობა. ბუნებრივია არსებობს გაფართოების პოტენციალიც. მოლი სხვადასხვა კომპონენტს აერთიანებს, როგორც საცალო, ასევე საბითუმო სავაჭროს, გათვალისწინებულია ღია სავაჭრო სივრცეებიც. მოლში დღეისათვის 60-მდე ბრენდია წარმოდგენილი“, – დასძინა მან.
პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა სს საპარტნიორო ფონდმა განხორციელდა. მშენებლობაზე უმეტესად ადგილობრივი მცხოვრებლები მუშაობდნენ.
„მეხუთე თვეა აქ ვმუშაობ, ადრეც მქონდა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ის მიხარია, რომ შორს არ მექნა წასასვლელი და ჩემ სოფელში ვაკეთებ ამხელა საქმეს. აქვე დასაქმდებიან ჩემი ცოლიც და რძალიც, უკვე გასაუბრება გაიარეს“, – ყვება ერთ-ერთი მშენებელი ირაკლი ხვიჩია.
„ბევრი უბედურება გადაიტანა, უშუალოდ ამ სოფელმა, ამ ხალხმა. გვინდა, რომ საქართველოში ადამიანები არ ცხოვრობდნენ დიფერენცირებული ხარისხით. რესურსები ერთნაირად უნდა იყოს ხელმისაწვდომი თბილისში იქნება ეს, ბათუმში, ქუთაისსა თუ სოფელ რუხში“, – აღნიშნა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.
სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი. ოფიციალური ინფორმაციით, ცენტრის გახსნის შემდეგ რუხი მოლში დაახლეობით 1000-მდე ადამიანი იმუშავებს.