24 მაისს, მშვიდობისა და განიარაღებისთვის ქალთა საერთაშორისო დღეს (International Women’s Day for Peace and Disarmament) ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თბილისის ოფისში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალები მშვიდობისათვის“.
ღონისძიებაში მონაწილეობა სამოქალაქო დიალოგის და ნდობის აღდგენაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია IWPR-ის საქმიანობის, მის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების და რესურსების შესახებ. შემდეგ გაიმართა დისკუსია ქალთა ორგანიზაციების ჩართულობაზე სამოქალაქო ნდობის აღდგენის პროცესში და ამ მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გააცნეს ერთმანეთს თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობა, სამოქმედო გეგმები და არსებული პრობლემების გადაჭრის ხედვა.
გაიმართა ასევე მსჯელობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების შესახებ, რომელთა მიმართ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს გარკვეული შენიშვნები გააჩნია. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მომავალში ინფორმაციის გაცვლაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქალთა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების უფრო კოორდინირებულ მუშაობას.
მარიამ გოგოშაშვილი, ქალთა ფონდი:„საინტერესო იყო ქალთა პრობლემეზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრა. ჩვენ გრანტების გამცემი ორგანიზაცია ვართ და ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ სამოქალაქო დიალოგის და ნდობის აღდგენაზე მიმართული პროექტების მხარდაჭერაა“.
ეკატერინე სხილაძე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი:„ძალიან საინტერესო იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის რეგულაციების განხილვა, ახალი ინფორმაცია მივიღე. არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს არ ვიცნობდი. ამ საკითხებს აუცილებლად გავაჟღერებთ გაეროს 1325 რეზოლუციის ეროვნულ სამოქმედო გეგმის შექმნაზე მომუშავე ჯგუფში“.