24 თებერვალს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ორგანიზებით ზუგდიდში გაიმართა ტრეინინგი თემებზე: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, მშვიდობის მშენებლობა, ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა.
ტრეინინგის მიზანი იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება ადამინის უფლებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325–ის ფარგლებში ქალთა სამშვიდობო პროცესებში ჩართულობის შესახებ.
ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ IWPR სამოქალაქო ჟურნალისტიკის ხელშეწყობისა და განვითარების პროექტში ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა დევნილი ლიდერები და ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.
ტრეინინგს უძღვებოდა ქალთა მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ლიდერი – მანანა მებუკე. მისი თქმით, მსგავს საკითხებზე ჟურნალისტებისათვის ტრეინინგის ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც მიღებული ცოდნა მათ პრაქტიკული საქმიანობების უკეთ განხორციელებში შეუწყობს ხელს.
„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესეო იყო მონაწილეთა ხედვის დაფიქსირება რეზოლუცია 1325–თან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ის დოკუმენტია, სადაც გარკვევით წერია, რომ ქალები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი მშვიდობის მოგვარების პროცესში“, – განაცხადა მანანა მებუკემ.
„რეზოლუცია 1325–ის შესახებ პირველად სწორედ ამ ტრეინინგზე შევიტყვე და ამ თემამ ძალიან დამაინტერესა. აუცილებლად შევეცდები მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო“, – განაცხადა ტრეინინგის ერთ–ერთმა მონაწილემ, ნინო მარღანიამ.
ტრეინინგზე თეორიულ ცოდნასთან ერთად ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, კონკრეტული პრაქტიკული დავალებებიც შეესრულებინათ.
„ტრეინინგზე საუბარი იყო როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ საკითხებზე. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქალებმა თავად მოახერხონ საკუთარი უფლებების დაცა“, – განაცხადა ტრეინინგის კიდევ ერთმა მონაწილემ, მარიამ შარანგიამ.
ტრეინინგი გაიმართა პროექტის – Building Bridges/Building Capacity in the South Caucasus ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.