რაუფ კორუას კანდიდატურა დეპუტატებს განსახილველად თავად ქვეყნის პრეზიდენტმა სერგეი ბაგაფშმა წარუდგინა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტი სახელმწიფოს მეთაურისადმი უაღრესად ლოიალურად განწყობილი ორგანოა, კორუას უფლებამოსილების პროლონგაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა, პრობლემა არ უნდა შექმნილიყო.
თუმცა, დეპუტატ სერგეი მატოსიანის წინადადებით, ხმის მიცემის ფარული პროცედურის არჩევა თავიდანვე მიანიშნებდა, რომ რაუფ კორუას კენჭისყრის შედეგებიდან კარგის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. რადგან თუ დეპუტატებს ვინმეს დამტკიცება სურთ, ჩვეულებრივ, ღია კენჭისყრას ირჩევენ, ხოლო თუ პირიქით – ამ პროცედურის ”ურნის” მეშვეობით ჩატარებას ამჯობინებენ. მდიდარი გამოცდილების მქონე რაუფ კორუასთვის, რომელიც შიდაპოლიტიკური თამაშების ყველა ნიუანსს შესანიშნავად იცნობს, კენჭისყრის შედეგი ჯერ კიდევ მისი პროცედურის შერჩევის ეტაპზე იყო აშკარა. იგი არ სურთ, და არა მხოლოდ დეპუტატებს.
ექსპერტთა დიდი ნაწილი პრეზიდენტის ოფიციალურ არჩევანს აქამდეც საკმაოდ მოულოდნელად მიიჩნევდა. სერგეი ბაგაფშის მმართველობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში, სასამართლო, ხელისუფლების შტოებს შორის, ყველაზე ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ქარცეცხლში, მათ შორის, თავად პრეზიდენტის მხრიდანაც. მაგალითად, სახალხო კრებისადმი შარშანდელ მიმართვაში სახელმწიფოს მეთაურმა სასამართლოს ხელისუფლების ყველაზე სუსტი შტო უწოდა და რიტორიკულად აღნიშნა: ”სასამართლოსადმი საზოგადოების რომელ პატივისცემაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, როდესაც ზოგიერთი მოსამართლე თავად მონაწილეობს საეჭვო კომერციულ ოპერაციებში ან ბიზნესს ახლო ნათესავების მეშვეობით აწარმოებს?”.
ასეთ ბრალდებებს, ჩვეულებრივ, სათანადო დასკვნებიც მოსდევს, თუმცა, ამის ნაცვლად ერთგვარი ”მანევრები” ჩატარდა. მაგალითად, რამდენიმე ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური საქმის წარმოება, რომელთაგანაც ხელისუფლება მისთვის ერთმნიშვნელოვნად მომგებიან გადაწყვეტილებებს ელოდა, გარემოებათა მეტად უცნაური დამთხვევით, იმ მოსამართლეებს მიენდო, ვინც მოსამართლის მანტია დიდი ხნის წინ აქცია მედუქნის გაქონილ ხალათად. და მათაც არავინ დაუღალატებიათ, რადგან გასაგები იყო, რომ გამოტანილი ”სწორი” განჩინება მათი წარსული ცოდვებისთვის აუცილებლად, ხოლო თუ გაუმართლებდათ, სამომავლო შეცოდებებისთვისაც ერთგვარი ინდულგენცია იქნებოდა. ასეთი მოსამართლეები თავიანთი წვრილი ”ბიზნესით” საცხოვრებელი ფართების გადანაწილების სფეროში (ეს მიმართულება დღევანდელ სასამართლოში ყველაზე მომგებიანად მიიჩნევა), არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ ხელისუფლებასაც აღიაზიანებენ. მეორე მხრივ, იგივე ხელისუფლებას ალბათ კარგად ესმის, რომ მექრთამე მოსამართლე, თავისი სისუსტეების დამსახურებით, სავსებით კონტროლირებადი სუბიექტია, განსხვავებით მოსამართლისგან, რომელიც ქრთამს არ იღებს და გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ და მხოლოდ კანონით ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელს ვერ დაურეკავ და უბრძანებ, რომ ამა და ამ საქმეში ესა და ეს განაჩენი მჭირდება, მაშინ როცა ანგარებიან მოსამართლეს – პრობლემის გარეშე, მხოლოდ მიანიშნე და მთელი პროცესი საჭირო განაჩენის წინასწარ მომზადებული ტექსტით ჩაივლის.
სასამართლოში არსებული ეს მეტად უსიამოვნო მდგომარეობა მთლიანად სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელს ნამდვილად არ შეიძლება დაბრალდეს. სისტემა იმთავითვე ასე იყო აგებული და რაუფ კორუას არაფრის გაკეთება შეეძლო. კორუამ, რევოლუციონერის თვისებების აბსოლუტურად არმქონე, რბილი ხასიათიდან გამომდინარე, ერთხელ დადგენილი ”წესრიგის” კარდინალურად შეცვლა ვერ მოახერხა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გაუბედავი ხასიათი სწორედაც ძალიან აწყობს ხელისუფლებას, მით უფრო, რომ პოლიტიკური შეხედულებებით კორუა სრულიად საიმედოა, ეს კი დღეს კადრების შერჩევის მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევა. მაგრამ სასამართლოს თვითნებობით დაღლილ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი კრემლს, რომელსაც აფხაზეთის საბინაო საკითხში გამეფებული განუკითხაობა უკვე მეტისმეტად აღიზიანებს, მსხვერპლი სჭირდება, თუნდაც იმიტაციის დონეზე. და რაუფ კორუას, რომელიც ხელისუფლების თვალში უნაკლოა, მსხვერპლის როლი ერგო, რისი პირდაპირ თქმაც არ გამოდის, შესაბამისად, ამის გაკეთებას ურნის მეშვეობით აპირებენ.
ინალ ხაშიგი, სოხუმი