პრეზიდენტის პარტია დედაქალაქს აკონტროლებს, ოპოზიციური ჯგუფები კი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სომხეთის მმართველმა პარტიამ ერევნის თვითმმართველობის არჩევნებშიც დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება, რამაც სერიოზული ეჭვები გააჩინა ოპოზიციის რეაბილიტაციის პერსპექტივაზე.
სომხეთის 2,9 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 40% ერევნის მკვიდრია, ამიტომაც დედაქალაქის თვითმმართველობის კონტროლი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბერკეტს წარმოადგენს.
5 მაისის ქალაქის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი წარმომადგენლობა ერევნის 65 ადგილიან საკრებულოში 35-დან 42-მდე გაზარდა და ამით დედაქალაქის მერის არჩევის უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვა.
პარტიის ლიდერის სერჟ სარგსიანის პრეზიდენტად გადარჩევამ, მანამდე კი საპარლამენტო არჩევნებში და ახლა უკვე ერევანში მოპოვებულმა გამარჯვებამ რესპუბლიკელების კიდევ უფრო მძლავრი კონსოლიდირება მოახდინა.
ერევნის მოქმედი მერი, ტარონ მარგარიანი, ქალაქის თავად 2011 წლის ნოემბერში აირჩიეს. მის ირგვლივ აგორებული სკანდალის მიუხედავად ის ამჯერადაც რესპუბლიკური პარტიის სიის სათავეში მოხვდა. საქმე ეხებოდა ექვსი მილიონ აშშ დოლარს, რომლის შესახებაც მარგარიანმა დეკლარირება არჩევნების წინა პერიოდში გააკეთა და უარი განაცხადა მისი წარმომავლობის გამხელაზე.
ოპოზიციურმა პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ არჩევნების შემდეგ ქალაქის საკრებულოში არსებული 17 ადგილი შეინარჩუნა, ახალმა ოპოზიციურმა ბლოკმა „ბარევ ერევან“ ექვსი მანდატი მოიპოვა.რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ და „დაშნაკცუტუნი“, მათ ვერ გადალახეს 6% ბარიერი და საკრებულოს მიღმა დარჩნენ.
ოპოზიციური პარტიები რესპუბლიკელებს უკანონო მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ, მათი თქმით მმართველი პარტია ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით იყენებდა სახელმწიფო რესურსებს, ამავე მიზანს ემსახურებოდა სხვადასხავა იურიდიული ხრიკებისა და ქრთამის გამოყენებაც.
„დაშნაკცუტუნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მმართველი პარტიის სახელმწიფოსთან გაიგივება და ადმინისტრაციული რესურსების დაუსრულებლი ხარჯვა ეფექტური გამოდგა. ძალაუფლების მონოპოლია კიდევ უფრო მტკიცე გახდა.“
„სომხეთის ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის მოადგილე ლევონ ზურაბიანი აცხადებს, რომ მის პარტიას გაყალბების გზით მიზანმიმართულად მოპარეს ხმები, რადგან რესპუბლიკელებმა „იციან ვისიც უნდა ეშინოდეთ.“
„რესპუბლიკურ პარტიას ოფისები თითქმის ყველა სახლის ეზოში ჰქონდა გახსნილი და ისინი მოსახლეობის ფართომასშტაბიან დაშინებას ახორციელებდნენ,“ – განაცხადა მან. „ისინი ძალიან კარგად იცნობენ ამომრჩეველს. მათ იციან ვის შეუძლია თავისი ხმის ფულზე გაყიდვა ან ვისი დაშინებაა შესაძლებელი სახელმწიფო მანქანის გამოყენებით.“
პარტია „მემკვიდრეობა“, რომელიც „ბარევ ერევანის“ კოალიციაში შედიოდა ამ არჩევნებზე უფრო უკეთეს შედეგს ელოდა, რადგანაც თებერვალში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა რაფი ჰოვანესიანმა მოულოდნელად კარგი შედეგი აჩვენა.
„მემკვიდრეობის“ერთ-ერთი ლიდერი არმენ მარტიროსიანი უერთდება ოპოზიციის კრიტიკას რესპუბლიკელების მისამართით.
„სავსებით ნათელია, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნების დღეს ვერ ნახავდით საარჩევნო უბანს სადაც გარეთ კრიმინალთა ჯგუფები არ ყოფილიყვნენ თავშეყრილი. რესპუბლიკური პარტია კრიმინალების ხელით აშინებდა და ზეწოლას ახდენდა ამომრჩევლებზე, პოლიცია და ეროვნული უშიშროების სამსახური კი ამას თითქოს ვერ ამჩნევდა,“ – აცხადებს მარტიროსიანი.
რესპუბლიკური პარტია მისი მისამართით წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.
„არჩევნებმა კარგად ჩაიარა, ერმა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა. როგორ მოვახერხებდით შედეგების გაყალებას როცა ოპოზიციას საარჩევნო კომისიებში უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავდა ვიდრე ჩვენ?“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო ლიდერმა გალუსტ საჰაკიანმა.
ევროპის საბჭოს დამკვირებლები ზოგადად პოზოტიურად აფასებენ ერევანში ჩატარებულ არჩევნებს. მათი თქმით საარჩევნო უბნებზე მომხდარი რამოდენიმე ინციდენტის, ასევე ნელი და ზოგჯერ ქაოტური დათვლის პროცედურის გამოკლებით საარჩევნო პროცესი იყო „მშვიდი და მოწესრიგებული“ ასევე „ტექნიკურად კარგად მომზადებული.“
ადგილობრივი არასამთავრობოები არ ეთანხმებიან ამ დასკვნას და ერთობლივ განცხადებასაც აავრცელებენ, რომელშიც ამხელენ ქრთამის აღების, ბიუროკრატიული ზეწოლისა და დაქირავებული კრიმინალების გამოყენების ფაქტებს არჩევნების გაყალბების მიზნით.
„პოლიტიკური კვლევების ცენტრის“ ანალიტიკოსი არმენ ბადალიანი ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხში მოექცა. რესპუბლიკური პარტია სავარაუდოდ ახალ რეფორმებს არ წამოიწყებს, რადგანაც ამომრჩევლის გულის მოგება აღარ სჭირდება, ოპოზიცია კი, თავის მხრივ, სამივე არჩევნებზე დამარცხდა.
„ეს კი ნიშნავს, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვიმყოფებით,“ – ასკვნის ბადალიანი.
ვაჰე ჰარუტუნიანი არის თავისუფალი ჟურნალისტი სომხეთში.