ახალი პროგრამა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ბავშვებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
საქართველოში აუტისტი ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო ჯერჯერობით არ აფინანსებს, ამასთან ერთად, აუტიზმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება ძალიან დაბალია.
ახალი ინიციატივა, რომელიც მკურნალობის დაფინანსებას ეხება, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში აუტიზმის მქონე 7 000 ბავშვიდან პროგრამით მხოლოდ მცირე ნაწილი ისარგებლებს.
აუტიზმის ცენტრის დირექტორის სოფო კერესელიძის თქმით, აუტიზმის დიაგნოზს სულ უფრო მეტ ბავშვს უსვამენ, თუმცა სპეციალისტებისთვის ბოლომდე უცნობია მისი გამომწვევი მიზეზები.
„დახმარებისთვის უკვე ძალიან ბევრი მოგვმართავს,“ – ამბობს კერესელიძე. „მსოფლიოში 88 ბავშვიდან ერთი აუტისტური სპექტრის აშლილობით იბადება. საქართველოში ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ჩატარდა პილოტური კვლევები და აქაც იგივე შედეგები მივიღეთ.“
აუტიზმის ცენტრის თერაპევტი მაგდა ინანიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ როგორც წესი, აუტიზმის დიაგნოზი სამ წლამდე ისმევა. ბავშვები, რომლებსაც ნევრობიოლოგიური განვითარების დარღევევები აქვთ ხშირად გაურბიან თვალით კონტაქტს, არ მეტყველებენ და თავისთვის არიან, თუმცა სიმპტომები განსხვავებულია.
„სხვანაირად იქცევიან…შეგრძნებებიც სხვაგვარი აქვთ,“ – ამბობს ის.
სპეციალისტები, რომლებიც აუტისტ ბავშვებთან მუშაობენ, პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ იმისთვის, რომ აუტიზმის შესახებ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ეს აუცილებელია ადრეული თერაპიისთვისაც და იმისთვისაც, რომ საზოგადოება ამგავრი ბავშვების მიმართ უფრო ლმობიერი გახდეს.
აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე – 2015 წლის თემა “დასაქმება:აუტიზმის უპირატესობა”
აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე წელს საქართველოში მეხუთედ აღინიშნა. 2 აპრილს ბავშვებისა და მისი მშობლებისთვის სპეციალური ღონისძიება მოეწყო თბილისის ზოოპარკში.
„თუ თერაპია დროულად დაიწყება, ბავშვების 50% სრულიად დამოუკიდებელი ხდება,“ – ამბობს ნეიროგანვითარების ცენტრის წარმომადგენელი მაია გაბუნია, „ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ ცხრა პროცენტს შეიძლება საერთოდ მოეხსნას დიაგნოზი.“
მკურნალობა მოიცავს ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თერაპიის კურსს – 40 საათი კვირაში. აქედან საათის ღირებულება 12 ლარიდან 24 ლარამდე მერყეობს, რისი გადახდაც ბევრ ოჯახს საქართველოში უბრალოდ არ შეუძლია.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსის ამირან დათეშიძის განცხადებით, მალე თბილისის ფარგლებში ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. მისი სიტყვებით, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის პროგრამის დაფინანსებას თბილისის მერია განახორციელებს.
პროგრამის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, კერძოდ, რამდენი ბავშვი ჩაერთვება სქემაში და რამდენი საათი დაფინანსდება მერიის მიერ.
პროგრამა მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ბავშვებზე ვრცელდება. რაც შეეხება რეგიონებს, იქ აუტისტი ბევშვები ვერანაირ დახმარებას ვერ იღებენ, გარდა ერთი, ახალციხის რაიონისა.
ამირან დათეშიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს კონკრეტულ პოლიტიკას, რეგიონებში პროგრამების დანინანსება ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა იტვირთონ.
„ამის საჭიროებას აჩვენებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და კარგი პრაქტიკა, სადაც დეცენტრალიზებულია ასეთი ტიპის მომსახურება,“ – ამბობს ის.
ექსპერტების თქმით, თერაპიის დაფინანსების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად უნდა ჩაერთოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში. ფინანსური ტვირთის გარდა, რომელიც აუტისტი ბავშვების მშობლებს აწევთ, ოჯახები ხშირად აწყდებიან პრობლემებს საზოგადოების მხრიდან.
„ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას უნდა აუხსნა, რომ შენს ბავშვს პრობლემები აქვს,“- ამბობს აუტისტი ბავშვის დედა, რომელმაც ვიანობის გამჟღავნება არ ისურვა. „მერე თითქოს ესმით, მაგრამ თან ეცოდები და ეს ძალიან რთულია. ბავშვი შეიძლება სხვანაირად იქცეოდეს და ხალხმა ამაზე პროტესტი გამოთქვას.“
ასევე ფიქრობს კიდევ ერთი აუტისტი ბავშვის მშობელი ლია ბარბაქაძე.
„საზოგადოება არ უნდა იყოს აგრესიული, ბავშვმა შეიძლება წამოიყვიროს ან რაღაცის გამო ზედმეტად გამოთქვას პროტესტი“, – ამბობს ის. „საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს“.
თეა თოფურია რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.