ახალი ანგარიშის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა არასაკმარისია, ტრეფიკინგის მსხვერპლნი მეტ დაცვას საჭიროებენ.
საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის მიმართულებით უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ნათქვამია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტრეფიკინგის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც საქართველოს კვლავ დაბალი მაჩვენებლები აქვს.
გზავნილს ქართველი უფლებადამცველი აქტივისტები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ პრობლემასთან შესაბრძოლებლად ხელისუფლებამ ერთიანი მიდგომა უნდა შეიმუშაოს და უზრუნველყოს როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშში წარმოდგენილი ქვეყნები 2000 წელს მიღებული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტის (TVPA) სტანდარტების მიხედვით შეაფასა და ისინი ოთხი კატეგორიის ან ე.წ. „რიგის“ მიხედვით დააჯგუფა.
2012 წელს საქართველო პირველ რიგში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ TVPA სტანდარტების მინიმუმი დააკმაყოფილა. გასულ წელს მან მეორე რიგში დაიკვა ადგილი და ანგარიშის ავტორების მიხედვით, მას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, რადგან საქართველო კვლავ რჩება „წყარო, სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყანა ტრეფიკინგის მსხვერპლი კაცების, ქალების და ბავშვებისათვის“.
20 ივნისს გამოქვეყნებულ 2014 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ მეორე რიგშია, თუმცა აქვე აღნიშნულია ისიც, რომ წინა საანგარიშო წლებთან შედარებით სახეზეა გარკვეული გაუმჯობესება.
„ქალები და გოგონები საქართველოდან ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და რუსეთში. ქალები აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოში იძულებით არიან ჩართული კომერციულ სექსის ინდუსტრიაში“, – ნათქვამია ანგარიშში. „ქალები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებიან საუნებში, სტრიპტიზკლუბებეში, კაზინოებსა და სასტუმროებში. ქართველი მამაკაცები და ქალები იძულებითი შრომის მსხვერპლნი არიან როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, იტალიაში, ყატარში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში… ქუჩის ბავშვებს აიძულებენ იმათხოვრონ და ჩაერთონ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში“.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ხელისუფლებამ TVPA-ს მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად „მნიშვნელოვანი ნაბიჯები“ განახორციელა. საქართველოს ხელისუფლება კი ასეთ შეფასებას ამერიკის მხრიდან მისი პოლიტიკის მხარდაჭერად მიიჩვენბს.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი კომისია აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.
„გამოძიებების რაოდენობა გაიზარდა 40-50%, ხოლო სასამართლო განაჩენების რაოდენობა 5-ჯერ. სახელმწიფო ფონდმა ფინანსური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დახმარება გაუწია 42 პირს, როდესაც შარშან დახმარება მხოლოდ 18 ადამიანმა მიიღო“, – განაცხადა მან.
ანგარიშში აღნიშნულია ის ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით განახორციელა. მათ შორის, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოიცავდა ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა საშუალებებით, ამოქმედდა ტრეფიკინგთან ბრძოლის ცხელი ხაზი.
თუ თქვენ გახდით ტრეფიკინგის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ტრეფიკინგის დანაშაულის თაობაზე, გთხოვთ, დაუკავშირდით:
112 – უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში
2 411 714 – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ცხელი ხაზი
2 100 229 – ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელი ხაზი
მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მთავრობის მიდგომა არათანმიმდევრულია, არსებობს სერიოზული ხარვეზები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე მისი აღსრულების კუთხით. საქართველოში პროსტიტუცია არალეგალური საქმიანობაა, თუმცა როგორც აქტივისტები აცხადებენ, კანონი დაუცველი ადამიანების დაცვას ვერ ახერხებს.
„ბევრი საქმე, რომელშიც ქალები იდენტიფიცირებულნი იყვნენ, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლნი, გადაკვალიფიცირდა, როგორც იძულებითი პროსტიტუცია“, – განაცხადა ადამიანების ჰარმონიული განვითარების საზოგადოების წარმომადგენელმა ნანა ნაზაროვამ.
მისი განმარტებით, გადაკვალიფიცირების შედეგად „15 წლის ნაცვლად დამნაშავეებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ეს იმ დროს, როცა [„სუტენიორები“] მხოლოდ ერთი გოგოსგან, კლიენტებთან იძულებითი სექსუალური ურთიერთობის ხარჯზე, ერთ ღამეში სულ მცირე 100 დოლარს შოულობენ“.
„არავინ კითხულობს რატომ გვაქვს ასეთი რთული სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გამოყოფს თანხებს- განაგრძობს ის. „არავინ აანალიზებს მიზეზებს, რის გამოც ხდება ყველაფერი ან როგორ ვებრძოლოთ ამას. ჩვენი პრობლემა არის სისტემური მიდგომის არარსებობა“.
ნანა ნაზაროვა თვლის, რომ უკეთესი კოორდინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დასძენს, „ჩვენ ერთიანი ძალები გვჭირდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოებიდან ისე ხელისუფლებიდან, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ვერ აქტიურობს, რადგან მწირი რესურსები გააჩნია, მაშინ როცა ხელისუფლება მსხვერპლის მხრიდან მხოლოდ პირდაპირ თხოვნაზე რეაგირებს, რაც თითქმის არ ხდება“.
უფლებადამცველი აქტივისტები განსაკუთრებით ღელავენ იმის გამო, რომ საქართველოში ხდება ქალების იძულებით ჩართვა მზარდ სექსინდუსტრიაში, რომლის ცენტრიც ზღვისპირა კურორტი ბათუმია.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას პრობლემის იგნორირება ურჩევნია.
„ხელისუფლება ცალკეულ დაწესებულებებზე რეიდებს ახორციელებს, რომლის დროსაც ქალებს, ტრეფიკინგის მსხვერპლებს, აღიქვამენ, როგორც დამნაშავეებს და შესაბამისად ექცევიან“, – განაცხადა მან. „უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა ეს ორგანიზებული დანაშაული – რაც ყველანაირად ჩანს რომ არის – ჰყავს თუ არა მას მფარველები ხელისუფლებაში ან კრიმინალურ წრეებში, რადგან მხოლოდ ამით აიხსნება პოლიციის უმოქმედობა. ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ როგორც ორგანიზებულ დანაშაულს“.
თინათინ ჟვანია თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში.