25 მაისს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) თბილისის ოფისმა ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე: საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტ პირების მიმართ საქართველოში: მედიის როლი და არსებული საკანონმდებლო ხარვეზები.
სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული ცალკეული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად ბევრი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) საქართველოში დღემდე სრულად ვერ სარგებლობს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით. მათ მიმართ ხშირია უარყოფითი დამოკიდებულება ტრადიციული რელიგიის მიმდევრებისა თუ სხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლთა მხრიდან, რის გამოც ისინი სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.
მრგვალი მაგიდის მიზანი იყო ლგბტ პირების უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო ხარვეზებისა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების გამოვლენა. ასევე, საზოგადოებაში არსებული არატოლერანტული და სტერეოტიპული დამოკიდებულების მაგალითების მიმოხილვა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა ლგბტ პირთა საქმეებთან დაკავშირებით ომბუდსმენის ოფისში წარმოებული პრაქტიკის ანალიზის შესახებ.
ასევე, წარმოდგენილი იყო „ინტერნიუს-საქართველოს“ მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ – მესამე კვარტალური ანგარიშის პრეზენტაცია.
„ანგარიშის თანახად, მედია საშუალებებში სექსუალური უმცირესობების მისამართით წარმოდგენილი ჰომოფობიური განცხადებები, როგორც წესი უკავშირდება: ქვეყნის გარყვნას, ქართველების გადაგვარებას და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლას“,- განაცხადა მედია მკვლევარმა, გიორგი თაბაგარმა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ მედიასა და ზოგადად საზოგადოებაში ლგბტ საკითხები ჯერ კიდევ ტაბუირებულია, მნიშვნელოვანია ამ თემებზე საჯარო დისკუსიების მოწყობა.
მრგვალი მაგიდის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: სოფო ბენაშვილი (სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე); გიორგი გოცირიძე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი); გიორგი თაბაგარი (მედია მკვლევარი, ლგბტ საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე) და ნათია გვიანიშვილი (იდენტობის გამგეობის წევრი). მოდერატორი: შორენა ლათათია (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის კოორდინატორი).
მრგვალი მაგიდა გაიმართა Building Bridges/Building Capacity in the South Caucasus ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.