ხელისუფლება თვლის, რომ ფერმერებისათვის ირიგაციასთან დაკავშირებული საჭიროებების მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უნიკალური ტბის ძველი მასშტაბის აღდგენა.
ავტორი: აპრი არუთინიანი – კავკასია
CRS გამოშვება 651,
2012 წლის 16 ივლისი
სომხეთის პარლამენტმა გარემოს დამცველების წინააღმდეგობას ყურადღება არ მიაქცია და კანონმდებლობაში მაინც შეიტანა ცვლილებები, რომელიც სევანის ტბიდან, კავკასიაში მტკნარი წყლის ყველაზე დიდი წყაროდან, წყლის მარაგის ამოღების გაორმაგებას გულისხმობს.
კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება მნიშვნელოვნად აფერხებს იმ გრძელვადიანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ტბაში წყლის დონის 1950-იან წლებამდე, ანუ, ტბის ინდუსტრიული მიზნებისათვის გამოყენების დაწყებამდე არსებულ დონემდე მომატებას ითვალისწინებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობის მქონე არარატის ველზე გვალვის წინააღმდეგ საბრძოლველად ტბიდან წყლის მოპოვების 170-დან 320 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდა აუცილებლობას წარმოადგენს.
„არარატის ველს საფრთხე ემუქრება,“ განაცხადა პრემიერ მინისტრმა ტიგრან სარგასიანმა 14 ივნისს გამართულ სამთავრობო შეხვედრაზე. „თუ გვინდა სარწყავი წყლის საჭირო მარაგი გვქონდეს, მაშინ იძულებულები ვართ ამ ზომებს მივმართოთ და 40,000 ჰექტარის მიწის ფართობი ირიგაციის გარეშე არ დავტოვოთ.“
ანდრანიკ ანდრესიანმა, წყლის მართვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გვალვამ უკვე გამოიწვია დიდი ზარალი, ხოლო ქვეყნის რეზერვუარებში წყლის დონემ კი იკლო. აპარანის რეზერვუარში, მაგალითად, გასულ წელთან შედარებით წყალი სამჯერ ნაკლებია.
იური ჯავადიანმა, სევანის ტბის სპეციალური საპრეზიდენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ზამთრის განმავლობაში თოვლის ნაკლებობის გამო მდინარეები ნადნობი წყლით არასაკმარისად შეივსო.
პარლამენტმა კანონპროექტი 93 ხმით თორმეტის წინააღმდეგ მიიღო, რამაც გადაფარა ოპოზიციონერების საწინააღმდეგო მოსაზრება და წუხილი სევანის ტბის მომავალთან დაკავშირებით.
გარემოს დამცველები სომხეთში გვალვის არსებობის არგუმენტს ეჭვქვეშ აყენებენ.
„ეს კანონი საჯარო განხილვების პროცესის გარეშე იქნა მიღებული,“ ამბობს ინგა ზარაფიანი, ეკოკურ ჯგუფის წარმომადგენელი. „წლევანდელი კლიმატური პირობები გასული წლებისგან დიდად არ განსხვავდება.“
გარემოსდაცვითი სახალხო ალიანსის წარმომადგენელი, კნარიკ ჰოვანესიანი თვლის, რომ „წელს დიდი ოდენობითაა ბალახი და სოკო. ასეთი რამ კი გვალვის დროს არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ მოყვანილი არგუმენტი უსაფუძვლოა.“
1949 წლიდან მოყოლებული სევანის ტბის დონე ყოველწლიურად 1 მეტრით ქვემოთ იწევდა; სწორედ ამ დროს ამოქმედდა ტბიდან წყლის სატუმბი სქემები, ხოლო 1991 წელს, სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა. თუმცა, 2002 წლიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის მეშვეობით ეს მიმდინარეობა შეიცვალა და წყლის დონემ ოთხი მეტრით აიწია. გეგმაში ყოველწლიურად 20-სანტიმეტრიანი მატების უზრუნველყოფაა, რათა იდეალური დონის მიღწევა 30 წლის განმავლობაში მოხდეს.
თუმცა, ოფიციალური შეფასებების მიხედვით წყლის დონის მატება ტბის მიმდებარე ტერიტორიებისა და ათეულობით საცხოვრებელი სახლის დატბორვას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ ამ სახლების უმეტესობა სომხეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებს ეკუთვნის.
ზოგი გარემოსდამცველის აზრით სწორედ ესაა წყლის ამოტუმბვის ძირითადი მიზეზი, ხოლო გვალვა მხოლოდ საბაბია, რათა ხელისუფლების აგარაკები წყლით არ დაიფაროს.
„იმის გამო, რომ ქონების უმეტესობის მფლობელები ოლიგარქები და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ ეს სახლები არ დაიტბოროს,“ აცხადებს სომხეთის მწვანეთა გაერთიანების თავმჯდომარე, ჰაკობ სანასარიანი.
გარემოს დამცველთა ჯგუფები ამბობენ, რომ წელს დაგეგმილი წყლის ამოტუმბვის შედეგად სევანის ტბის დონე 11 სანტიმეტრით დაეცემა, რაც ტბაში მაცხოვრებელი თევზების სახეობების გამრავლების ციკლს შეუშლის ხელს და ამით საფრთხის წინაშე დააყენებს მათ არსებობას.
მთავრობის წყლის მართვის სააგენტოს ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, მერ მკრტუმიანი ზემოთ აღნიშნული ვარდნის შესაძლებლობას უარყოფს.
„აქ საუბარი მხოლოდ 2-3 სანტიმეტრზეა,“- განაცხადა მან.
არპი არუთინიანი ტელეკომპანია არმენნიუსის ჟურნალისტია.
[nggallery id=8]