ენობრივი ბარიერი და განსხვავებული სასწავლო პროგრამა ლტოლვილ ბავშვებს სწავლაში პრობლემებს უქმნის.
სირიიდან დევნილი სომხები შვილების განათლების გამო ღელავენ. ისინი შიშობენ, რომ სამშობლოში დაბრუნებულებს, განსხვავებული სასწავლო პროგრამისა და ენობრივი სირთულეების გამო, სწავლის გაგრძელება გაუჭირდებათ.
სირიიდან დევნილი მოსწავლეები ანჟელა და მარალ გასპარიანები ამჟამად ერევანში ცხოვრობენ. უფროსი და მეცხრე კლასშია, უმცროსი კი მერვეში. გოგონები ძალიან მონდომებით სწავლობენ და უკვე იმაზე ფიქრობენ, შეძლებენ თუ არა უნივერსიტეტში ჩასარიცხად საკმარისი ქულების დაგროვებას.
სწავლაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ენა ქმნის. სომხეთში სალიტერატურო ენად აღმოსავლეთსომხური დიალექტი ითვლება, მაშინ როცა ქვეყნის გარეთ მცხოვრები დიასპორა სომხური ენის დასავლურ დიალექტზე საუბრობს. ბევრი მსგავსების მიუხედავად, მათ შორის განსხვავება მაინც არსებობს, განსაკუთრებით, სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემთხვევაში.
ანჟელას და მარალს აღმოსავლეთსომხურად დაწერილი ტექსტების გაგება უჭირთ. ამასთან ერთად, გაკვეთილის მსვლელობისას, ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად, ბევრი შეკითხვის დასმა უწევთ, რის გამოც თავს უხერხულად გრძნობენ.
გოგონების ბებია ზეპიურ ხშავადიანი ამბობს, რომ სკოლით კმაყოფილები არიან, თუმცა აღმოსავლური დიალექტის ასათვისებლად დამატებითი გაკვეთილები მაინც სჭირდებთ.
„რა თქმა უნდა, სკოლის ძალიან მადლიერები ვართ. იქ შექმნილი ატმოსფეროს წყალობით ჩვენს შვილებს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ და მეგობრებიც შეიძინეს. უბრალოდ, ვერ წარმოგვიდგენია ენობრივი ბარიერის გამო, როგორ შეძლებენ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარებას“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
სომხეთში წელს ახალი სასწავლო წელი 150 სირიიდან დევნილი ბავშვისთვის დაიწყო, სულ ქვეყნის მასშტაბით 1200 დევნილი მოსწავლე ირიცხება.
დევნილი მოსწავლეების დასახმარებლად მოქმედებს როგორც მთავრობის, ასევე სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამები. მათ უფასოდ ურიგდებათ წიგნები, უტარდებათ რუსულის და აღმოსავლეთსომხურის გაკვეთილები და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილები არიან სადილითაც.
როგორც დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელმა ლენა ჰალაჯიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, „ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სირიიდან დევნილ ბავშვებს სირთულეები, ძირითადად, სამეცნიერო ტერმინოლოგიის გაგების თვალსაზრისით ექმნებათ“.
მისივე თქმით, ერევნის მერიის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით და კერძო სექტორის მხარდაჭერით, ამ საკითხის მოსაგვარებლად ენის შემსწავლელი უფასო კურსები ფუნქციონირებს.
სექტემბრის დასაწყისში საერთაშორისო წითელი ჯვრის სომხეთის ოფისმა სასკოლო ნივთების შესაძენად თითოეული სირიელი მოსწავლისთვის 34 300 დრამი (85 აშშ დოლარი) გამოყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია „არაკელოც ჰაიასტანმა“ მოსწავლეებს სასკოლო ფორმები და ფეხსაცმელი დაურიგა.
„არიან, რა თქმა უნდა, მშობლები, რომლებიც ტანსაცმლის და პროდუქტის მიღებაზე უარს ამბობენ, თუმცა სხვადასხვა საქველმოქმედო პროგრამებით სარგებლობის საშუალება ყველას აქვს“, – ამბობს ჰალაჯიანი და დასძენს, რომ უახლოეს მომავალში, სრულიად სომეხთა ბრაზილიური ფონდის და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს UNCHR დახმარებით, ყველა სირიელ მოსწავლეს რუსულის უფასო გაკვეთილები ჩაუტარდება.
სირიიდან ჩამოსული სომეხი ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის მცდელობა დევნილთა პირველი ნაკადის გამოჩენისთანავე გაჩნდა.
2012 წელს, ერევნის ერთ-ერთი სკოლის შენობაში სირიდან ჩამოსული სომეხი ბავშვებისთვის გაიხსნა სკოლა „კილიკია“.
სკოლამ, რომლის დაფუძნებაშიც მონაწილეობდნენ დიასპორისა და განათლების სამინისტროები, ერევნის მერია და კილიკიის საქველმოქმედო ორგანიზაცია, მხოლოდ ერთი წელი იარსება.
„როდესაც ეს დროებითი სკოლა გავხსენით, იმედი გვქონდა, რომ ომი მალე დასრულდებოდა და ბავშვები თავიანთ სკოლებში დაბრუნდებოდნენ…ამიტომ „კილიკია“ დროებითი გამოსავალი იყო ბავშვებისთვის გაცდენილი გაკვეთილების ასანაზღაურებლად“, – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ნარინე ჰოვანისიანი. „მაგრამ დროთა განმავლობაში, გაირკვა, რომ მათი უმეტესობა არ აპირებდა უკან დაბრუნებას, რაც იმას ნიშნავდა რომ აუცილებელი იყო გრძელვადიანი გადაწყვეტილების მიღება“.
ერევნის მერიის განათლების განყოფილების უფროსი გაიანე სოღომონიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დევნილი ბავშვებისთვის ყველა საჯარო სკოლის კარი ღიაა.
„სირიელ სომხებს მანამდე მხოლოდ „კილიკიაში“ შეეძლოთ სწავლა, ახლა კი მათ შესაძლებლობა აქვთ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ნებისმიერ სკოლაში იარონ“, – განაცხადა მან.
მიუხედავად ამისა, მშობლები აღნიშნავენ, რომ დროებითი სკოლა მოსწავლეებს სხვა საჯარო სკოლებისგან განსხვავებულ სწავლებას სთავაზობდა. „კილიკიაში“ სწავლა სირიაში მოქმედი სასწავლო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობდა, ისწავლებოდა არაბული ენა და მასწავლებლებიც სირიელი სომხები იყვენენ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ სასწავლო პროცესი დასავლეთსომხურ დიალექტზე მიმდინარეობდა.
„ჩვენ ახლა ერევანში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, მაგრამ როგორც კი ომი დამთავრდება, ალეპოში დავბრუნდებით“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ორი შვილის დედამ, ალინა ბოღოსიანმა. „სირიაში დავტოვეთ ჩვენი სახლი, ჩვენი საკუთრება. „კილიკიაში“ სწავლა ჩვენი შვილებისთვის ხელსაყრელი იყო, რადგან ბავშვებს წელი არ უცდებოდათ და თანაც სირიულ სასწავლო პროგრამას მიჰყვებოდნენ. ახლა, უბრალოდ, არ ვიცი რას ვიზამთ, როცა დავბრუნდებით“.
ნარინე ჰოვანისიანის აზრით, შიშები იმის შესახებ, რომ სამშობლოში დაბრუნებული ბავშვები სირიულ სასწავლო პროგრამას ვერ დაეწევიან უსაფუძვლოა.
„განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სირიელ სომეხ პირველკლასელებს არაბულის სწავლის შესაძლებლობაც აქვთ“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. „ამასთანავე, დაბრუნებას მხოლოდ მცირე ნაწილი აპირებს, ამიტომ ჩვენ უმრავლესობის საჭიროებებს ვითვალისწინებთ“.
მისივე განცხადებით, სირიელი სომხებისთვის სპეციალიზებული სკოლის გახსნა იქნებოდა იმ მნიშვნელოვანი როლის უგულებელყოფა, რომელსაც ქვეყნის საჯარო სკოლები თამაშობენ ახალჩამოსულების ინტეგრირების პროცესში. ამავე აზრს იზიარებს, სკოლის დირექტორი ლიანა ღარიბიანი, რომლის შენობაშიც ფუნქციონირებდა სკოლა „კილიკია“.
„თუ სირიელი სომეხი ბავშვები სომხეთში აპირებენ ცხოვრებას, მათთვის უკეთესი იქნება, თუ სკოლებში ადგილობრივებთან ერთად ისწავლიან“, – განაცხადა მან.
არპი ჰარუტუნიანი ტელეარხ „არმნიუსის“ რეპორტიორია სომხეთში.