ჯანდაცვის სამინისტრო ხუთწლამდე ასაკის ბავშვებში კვების დეფიციტის მზარდ მაჩვენებელთან შებრძოლებას ახალი სტრატეგიის დანერგვით გეგმავს.
სომხეთში ხუთწლამდე ასაკის თითქმის ყოველ მეხუთე ბავშვს მალნუტრიციით გამოწვეული ზრდის შეფერხება აღენიშნევა. ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, სიტუაცია გამოსწორების ნაცვლად სულ უფრო უარესდება.
2010 წელს ჩატარებული საყოველთაო ეროვნული კვლევის მიხედვით, ხუთწლამდე ასაკის ბავშვთა 19%-ს ზრდის შეფერხების ნიშნები აქვს. ქალაქებთან შედარებით, სადაც მაჩვენებელი 17% შეადგენს, სომხურ სოფლებში უფრო მძიმე მდგომარეობაა და იქ რაოდენობა 22%-ს აღწევს.
ჯანდაცვის ექსპერტები მიზეზად სიღარიბეს ასახელებენ და ასევე აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები არ ფლობენ ინფორმაციას სწორი კვების შესახებ.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2012 წელს მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი – დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი – სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდა.
2013 წელს სომხეთის ხსნის ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტავუშის რეგიონში ექვსწლამდე ასაკის ბავშვთა 16%-ს ზრდის შეფერხება, ხოლო 19%-ს ანემია აღენიშნება.
ტავუშის რეგიონის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი ასია მარდანიანი სამ სოფელს უწევს ზედამხედველობას. ჩვენთან საუბრისას მან განაცხადა, რომ თითქმის ყველა ბავშვი, რომელიც მას გასინჯული ჰყავს კვების უკმარისობას განიცდის, ხოლო ხუთიდან ოთხი ანემიითაა დაავადებული.
„ბავშვებში ანემიის მაჩვენებელი უზარმაზარია … ჰემოგლობინის დონე ორი-სამი წლის მანძილზე ვერ იმატებს“, – აცხადებს ის. „ეს გაჭირვებული ყოფის შედეგია. ხალხს ხორცის და რძის პროდუქტების ყიდვის საშუალება არ აქვს. ამიტომაც განიცდიან ბავშვები კვების უკმარისობას“.
ჰამბარცუმ სიმონიანი სომხეთის ხსნის ფონდთან არსებულ კვების პროგრამას კურირებს, ის ტავუშის რეგიონში მცხოვრებ 250 ოჯახს მოიცავს. მისი განცხადებით, რეგიონში არსებული უმძიმესი მდგომარეობა ერთი მხრივ, იმით არის განპირობებული, რომ აქ ემიგრაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მეორე მხრივ, რეგიონი აზერბაიჯანთან საზღვის გამო, ერთი მხრიდან მთლიანად ჩაკეტილია.
„ძალიან მნიშვნელოვანია არ დავუშვათ კვების დეფიციტი ჩვილის სიცოცხლის პირველი 1000 დღის განმავლობაში, ე.ი. ორსულობის ცხრა თვეს მიმატებული ორი წელი“, – აცხადებს სიმონიანი. „უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა, სხვაგვარად გამოუსწორებელ შედეგთან გვექნება საქმე“.
ტავუშის სოფლის მკვიდრმა სვეტლანა სმბატიანმა ექიმთან ვიზიტის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ექვსი წლის ქალიშვილს ანემია ჰქონდა.
„სულ სუსტად იყო, სულ ეძინებოდა და სულ დაღლილი იყო. ექიმმა თქვა, რომ ეს დაბალი ჰემოგლობინის ბრალი იყო და პოლივიტამინები გამოუწერა. ვცდილობ ჰემოგლობინის დონე კარგი კვების საშუალებით გავზარდო“, – ამბობს სმბატიანი.
სვეტლანა სმბატიანის თქმით, მისი ქმრის 365 დოლარიანი ხელფასი, რომელსაც ის ჯარში მუშაობით ღებულობს, მათი სამი შვილის გამოსაკვებად არ არის საკმარისი.
„ბავშვებს რკინით მდიდარი საკვები სჭირდებათ, მე კი შვილებისთვის ხორცის ყიდვას მხოლოდ თვეში ერთხელ ვახერხებ. რძის პროდუქტებზეც ეკონომიას ვაკეთებ, მხოლოდ თვეში ორჯერ ვყიდულობ“, – ამბობს ის.
იუნუსეფის ჯანდაცვის და კვების პროგრამის ხელმძღვანელი ლიანა ჰოვაკიმიანი აცხადებს, რომ მალნუტრიცია კომპლექსური პრობლემაა, რომელიც უფრო მასშტაბურ რეაგირებას საჭიროებს.
„სომხეთში ბავშვთა ქრონიკული მალნუტრიციის მხრივ სიტუაცია სულ უფრო უარესდება, ამიტომ ჩვენი ინტეგრირებული პროგრამა ძირითადად ითვალისწინებს ძუძუთი კვების პოპულარიზაციას, ბავშვებისთვის საკვები დანამატების სწორი და დროული მიწოდების უზრუნველყოფას, სამედიცინო მუშაკების ცოდნის ამაღლებას და მათი საკონსულტაციო უნარების გაუმჯობესებას, ბავშვთა კვებასთან მიმართებაში მშობელთა ცნობიერების ამაღლებას“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს პრობლემის სიმძიმეს და ბავშვთა კვების გაუმჯობესების მიზნით სპეციალური პროგრამის დანერგვას აპირებს.
„გასაკეთებელი კიდევ ბევრია. საჭიროა თანხის ეფექტური ინვესტირება და ღონისძიებების კოორდინირება“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა განყოფილების უფროსი კარინე სარიბეკიანი. „ ახალი სახელმწიფო პროგრამა აღიარებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობას და პროგრამის ერთი ასპექტი სწორედ ბავშვთა კვებაზე მოახდენს ფოკუსირებას“.
სარიბეკიანი აცხადებს, რომ სამინისტრო მთავრობისგან „ბავშვთა კვების გაუმჯობესების სტრატეგიული გეგმის“ დამტკიცებას ელოდება.
ლილიტ არაკელიანი ონლაინ გამოცემა Araratnews.am რეპორტიორია სომხეთში.