სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ორსული ქალებისთვის.
უნარშეზღუდული ქალები სომხეთში წუხან, რომ ანტენატალურ მეთვალყურეობაზე მათ ხელი სრულყოფილად არ მიუწვდებათ. საავადმყოფოების სამედიცინო აღჭურვილობა მათ საჭიროებებს არ არის მორგებული. მათი თქმით, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა ინვალიდობისადმი საბჭოთადროინდელი დამოკიდებულების გამოძახილია.
40 წლის თამარ თაშჩიანი, ეთნიკური სომეხი ლიბანიდან, მეუღლესთან ერთად სომხეთში საცხოვრებლად ორი წლის წინ ჩამოვიდა. მას სიარული უჭირს და ძირითადად ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. ერთი თვის წინ მას სამი ტყუპი შეეძინა.
„საკეისრო კვეთა გამიკეთეს“, – თქვა მან. „პრაქტიკულად გინეკოლოგიური სავარძლით არც მისარგებლია, თუმცა ორსულობის დროს, ექიმთან გეგმიური ვიზიტების დროს ჩემთვის რთული იყო მასზე ასვლა. სავარძელზე დასაწოლად სამი საფეხური ექთნის და მეუღლის დახმარებით უნდა გადამელახა. ჩემით ამას უბრალოდ ვერ ვახერხებდი“.
უნარშეზღუდული ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „იმედის ხიდის“ სპეციალისტი ზარუი ბატოიანი ადასტურებს, რომ ქალები, რომლებსაც გადაადგილებასთან, სმენასთან და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ორსულობის დროს ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან.
„გინეკოლოგიური სავარძლები არის სტანდარტული, ანუ იმ ადამიანებისთვის რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ისინი არც ზემოთ იწევა და არც ქვემოთ. ის სამი საფეხურიც კი არ იწევა, იმისთვის რომ ქალი სავარძელზე ავიდეს“, – აცხადებს ის.
სომხეთში 184 000-ზე მეტი უნარშეზღუდული ადამიანია დარეგისტრირებული. ისინი ხშირად გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ მათთვის სამედიცინო დაწესებულებებში გადაადგლება ძალიან გართულებულია კიბეებისა ან სხვა რაიმე მიზეზების გამო.
ქალაქ გიუმრიში მდებარე „AGATE” ცენტრის ფსიქოლოგი ქრისტინე აღანიანი დახმარებას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს უწევს. ის ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში ინვალიდობა ითვლებოდა ავადმყოფობად და საზოგადოების მიერ ამ ადამიანებებისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად ძალინ დიდი დროა საჭირო.
ნელი ნააპეტიანი, მეან-გინეკოლოგი და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი ამბობს, რომ სომხეთში ვერ იპოვით ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სრულყოფილად იქნება აღჭურვილი იმისათვის, რომ მიიღოს და უმკურნალოს უნარშეზღუდულ ქალბატონებს.
„არ არსებობს სათანადო პირობები იმისთვის, რომ ეტლში მჯდომ ქალს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ორსულადაა“, ამბობს ის.
ბატოიანი ამბობს, რომ საკუთარ თავზე გამოსცადა ინვალიდის ეტლით საავადმყოფოში მისვლა და იქ გადადგილება.
„ხალხი, რომელიც მე უნდა დამხმარებოდა, იქ არ აღმოჩნდა”, – თქვა მან. „რამდენიმე ქალი იყო ადმინისტრაციაში, რომლებიც სიმძიმის აწევას ვერ შეძლებდნენ. კარები იყო ვიწრო და ლიფტში შესვლა ძალიან რთული… შეიძლება ასე იმიტომ გამიჭირდა, რომ მარტო წავედი და თან არავინ წავიყვანე. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, გარემო ხომ ჩვენზე მორგებული უნდა იყოს და არა პირიქით.“
ბატოიანი აცხადებს, რომ უნარშეზღუდულ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, რომლის რატიფიცირება სომხეთმა 2011 წელს მოახდინა, ხელისუფლებამ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად სრულიად ახალი პროგრამა უნდა შეიმუშაოს.
ნააპეტიანის თქმით, ყველაზე მეტად სამედიცინო პერსონალია დაინტერესებული იმაში, რომ უნარშეზღუდულ ქალებს შეეძლოთ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღება. მისი თქმით: „ექიმებს და ექთნებს უწევთ ერთი განყოფილებიდან მეორეში სიარული იმისთვის, რომ უნარშეზღუდულ პაციენტებს არ შეექმნათ პრობლემები. გამოდის, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ, მაგრამ სართულიდან სართულზე და განყოფილებიდან განყოფილებაში გაუთავებელი სიარული უბრალოდ უაზრობაა და უფრო მეტ სირთულეებს წარმოქმნის.“
სომხეთი უნარშეზღუდული ადამიანების შესახებ კანონმდებლობის შეცვლაზე მუშაობს, პროექტი შემუშავების სტადიაშია 2009 წლიდან და ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ახალი კანონით ინვალიდობის მინიჭების საბჭოური მეთოდი, რომელიც ავადმყოფობის სიმძიმის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფოდა, შეიცვლება უფრო სამართლიანი და ზუსტი კლასიფიკაციით, რომელიც შრომისუნარიანობის ხარისხზე იქნება დაფუძნებული.
„მე მივესალმები ამ კანონის მიღებას, თუ ის რეფორმებს მოიტანს, სამომავლოდ გარემო პირობები უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახდება უნარშეზღუდული ქალებისათვის“, – ამბობს ნააპეტიანი.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ანა აკობიანი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონი არ ითვალისწინებს საავადმყოფოების გადაპქროეტებას, „რამდენიმე წელიწადში ყველგან გაკეთდება პანდუსები და კარები, ასევე სავალდებულო იქნება ყველა შენობა და სავალი გზა მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებს“.
მან ასევე დასძინა, რომ „არ იქნება მართებული იმის თქმა, რომ ყველაფერი გაკეთებულია, თუმცა სწორ გზაზე ვართ“.
ფსიქოლოგი აღანიანი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, მისი თქმით კონვენციები და ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები სინამდვილეში ბევრს ვერაფერს ცვლის.
„რაც შეეხება ორსულობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამ საკითხების წამოწევა იშვიათად ხდება, სახელმწიფო დონეზეც კი“, დასძინა მან.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „იმედის ხიდის“ თანამშრომელი ტიგრანუი მინასიანი ცერებრული დამბლის დიაგნოზის გამო დამოუკიდებლად ვერ გადადგილება. მისი თქმით, უნარშეზღუდული ადამიანისთვის სომხეთში ცხოვრება არის გარესამყაროსთან მუდმივი ბრძოლა.
„როდესაც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი მთელი დღე არც ვჭამდი და არც ვსვამდი საპირფარეშოში წასვლა რომ არ დამჭირვებოდა, იმიტომ რომ იქ უბრალოდ ვერ შევდიოდი“, – იხსენებს ის. „ამასწინათ, რამდენიმე დღით საავადმყოფოში მოვხვდი და სიმართლე გითხართ, პალატა იმდენად მოუხერხებელი იყო, რომ გადავწყვიტე ამის შემდეგ საავადმყოფოში მხოლოდ იმ შემთხვევაში დავწვები, როცა სიკვდილის დრო მოვა“.
გაიანე მკრტიჩიანი ონლაინ გამოცემა ArmeniaNow.com რეპორტიორია.