უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პოლიტიკურ პროექტში ჩართვის შემდეგ ქვეყნაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაცია გაუარესდება.
სომხეთში ადამიანის უფლებათა დამცველები ფიქრობენ, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან ერთად საფრთხის ქვეშ დადგება პრესის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების საკითხი. ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე რუსეთის მსგავსი რეგულაციების დაწესებას აპირებს.
„უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, – აცხადებს სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე ავეტიკ იშხანიანი.
სომხეთი იანვარში შეუერთდება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, რომლის წევრებიც უკვე არიან რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია. გაწევრიანებისთვის ემზადება მეხუთე ქვეყანა – ყირგიზეთი. ოფიციალურად ეს კავშირი ევროკავშირის მსგავსი გაერთიანებაა. მასში შემავალი ქვეყნებისთვის საერთო სავაჭრო ტარიფები და ერთიანი კანონმდებლობა მოქმედებს. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევს, რომ ის არის პოლიტიკური სტრუქტურაც, რომლის გარდაუვალი ლიდერი მუდამ იქნება მოსკოვი. უკრაინასთან განვითარებული მოვლენების და დასავლეთთან არსებული დაძაბულობის შემდეგ კი ეს განცდა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა.
სომხეთში შიშობენ, რომ მთავრობა რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მიღებას შეეცდება. ასე მოხდა ყირგიზეთში. ქვეყანამ, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ცენტრალური აზიის ყველაზე ლიბერალურ სახელმწიფოდ ითვლებოდა, – პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ. ეს კანონპროექტი რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგია და აიძულებს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს „უცხოელი აგენტების“ სახელით დარეგისტრირდნენ. ყირგიზეთი და ყაზახეთი ასევე ცდილობენ გადმოაკოპირონ რუსეთში 2013 წელს მიღებული კანონი, რომელიც „გეი პროპაგანდის“ აკრძალვას შეეხება.
ანალოგიური კანონპროექტი შეიმუშავა სომხეთის იუსტიციის სამინისტრომაც და ის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისკენ არის მიმართული.
„ეს კანონი მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლად ფუნქციონირებას“, – განაცხადა იშხანიანმა ჩვენთან საუბრისას. “ის სრულად ერწყმის იმ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც არასამთავროებოების საქმიანობა შეზღუდულია მთელი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მასშტაბით“.
„პოლიტიკური“ დაკავებები
ჰელსინკის ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელი არტურ საკუნცი ფიქრობს, რომ ევრაზიულ ბლოკში გაწევრიანების შემდეგ სომხეთში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით სიტუაცია გაუარესდება.
ის აღნიშნავს, რომ წლევანდელი წელი გამოირჩეოდა ადამიანის უფლებათა დარღვევებით და მისივე თქმით, სომხეთში ისევ გაჩნდნენ პოლიტიკური პატიმრები.
საკუნცმა ორი მაგალითი მოიყვანა, ერთი ეხება ვოლოდია ავეტისიანს, თადარიგის პოლკოვნიკს, რომელსაც თაღლითობის მუხლით ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ავეტისიანის მხარდამჭერების მტკიცებით, მისი ნამდვილი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მან ყარაბაღის ომის მონაწილე ვეტერანებისთვის სოციალური შეღავათების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ჩაატარა.
მეორე საქმე კი ეხება შანტ ჰარუტუნიანს, რომელიც შარშან ერევანში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას. ოქტომბერში მასაც ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მასთან ერთად გაასამართლეს მისი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც პირობით სასჯელი შეუფარდეს.
ჰარუტუნიანი პოლიტპატიმრად აღიარა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, მემკვიდრეობამ და სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა.
საკუნცის აზრით, მტკიცებულებები რომელთა საფუძველზეც მოხდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მიუთითებს იმაზე, რომ ორივე შემთხვევაში სახეზეა „პოლიტიკური დევნა“.
სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი კი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მიზეზით არავის აპატიმრებენ.
„არცერთი ანგარიში ან შეფასება არ მიუთითებს პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე“, – განაცხადა მან.
თავდასხმები უფლებადამცველებზე
შეშფოთებას იწვევს უფლებადამცველებზე განხორციელებული თავდასხმები, რომლებსაც თითქოს შემთხვევითი, მაგრამ საკმაოდ მიზანმიმართული ხასიათი აქვთ.
ნოემბერში თავდასხმა განხორციელდა საინიციატივო ჯგუფის „პრეპარლმენტის“ წევრზე გევორგ საფარიანზე, ასევე დაწვეს ორგანიზაციის საკუთრებაში მყოფი ექვსი ავტომობილი. რამდენიმე ხნით ადრე, საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომ ანტისამთავრობო გამოსვლების გამართვას აპირებდა.
იშხანიანის აზრით, „ეს იყო პოლიტიკური დევნის უპრეცედენტო შემთხვევა და ეჭვი მეპარება, რომ დამნაშავეებს ოდესმე იპოვიან“.
მისი კოლეგა საკუნცი ეჭვობს, რომ ხელისუფლება ოპონენტებზე თავდასხმის განსახორციელებლად იყენებს დაქირავებულ ჯგუფებს და ასეთი ტაქტიკის საშუალებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ თვითონ არაფერ შუაშია.
პრესის თავისუფლების ხელყოფა
მედია ექსპერტები თვლიან, რომ საფრთხე სიტყვის თავისუფლებასაც ემუქრება.
ამა წლის იანვრიდან ოქტომბრამდე უფლებადამცველი ჯგუფების მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. იგივე რაოდენობა დაფიქსირდა მთელი გასული წლის მანძილზე, სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა, რაც სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აშოტ მელიქიანის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები არჩევნების პერიოდში უფრო იმატებს, წლევანდელი [2014 წლის] მაჩვენებელი შეიძლება შევაფასოდ როგორც რეგრესი“, განმარტავს ის.
მელიქიანი აღნიშნავს ასევე იმასაც, რომ ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა ოფიციალურ დონეზე მოეხდინა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ანონიმურად გაკეთებულ კომენტარებზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო ონლაინ გამოცემას. კანონპროექტი დაიბლოკა სომეხი ჟურნალისტების მიერ წამოწყებული ერთობლივი კამპანიის შედეგად.
ამერიკული ორგანიზაცია Freedom House-ის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტ თავისუფლების მხრივ სომხეთში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევრაზიული კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში.
კიდევ ერთი საგანგაშო ინციდენტი მოხდა გაზეთ Hraparak-ს და ონლიაინ გამოცემა Ilur.am-თან მიმართებაში. პროკურატურამ, სასამართლოს წესით, აიძულა გამოცემები გაემჟღავნებინათ ინფორმაციის წყარო.
„ეს ყველაფერი არის ცენზურის თავზე მოხვევის დაფარული მცდელობა“, – ამბობს მელიქიანი.
სხვა პრობლემები
ადამიანის უფლებათა დამცველები სხვა სფეროებში არსებულ საგანგაშო ტენდენციებზეც საუბრობენ.
საკუნცის თქმით, პოლიციაში კვლავაც ხორციელდება დაკავებულებზე ზეწოლა და ამისთვის არავინ ისჯება. ამაზე მიუთითებს ის, რომ პოლიციელების წინააღმდეგ წარმოებული საქმეების უმეტესობა დაიხურა.
პირადი და საკუთრების უფლების ხელყოფად მიიჩნევენ უფლებადამცველები სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შემოღებას. მას შემდეგ, რაც სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი არასამართლებრივად მიიჩნია, მთავრობამ ის არათუ გააუქმა, მასში შესწორებები შეიტანა.
საინიციატივო ჯგუფ „დემ ემის“ („წინააღმდეგი ვარ“) იურისტს მერი ხაჩატურიანს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონის შესწორებულ ვერსიასაც გააუქმებს.
მან ასევე აღნიშნა კიდევ ორი კანონი, რომელიც, მისი აზრით, სოციალური და შრომითი უფლებების ხელყოფას ახდენს. პირველი, დეკრეტული შვებულების თანხის შემცირებას, ხოლო მეორე მაღაზიების მფლობელებისთვის ახალი საგადასახდო რეგულაციების შემოღებას ეხება.
საკუნცი 2014 წელს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით „სავალალო წლად“ მიიჩნევს და რუსულ ბლოკში გაწევრიანებასთან ერთად სიტუაციის გაუარესებას ელოდება.
„სომხეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაციის გამოსწორება რომ ჰქონდეს განზრახული, ის არ გაწევრიანდებოდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, სადაც ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა არ არსებობს სტრუქტურულ დონეზე“, – განაცხადა მან.
არევიკ საჰაკიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.