იუსტიციის მინისტრის განცხადებით რაიონის ხელისუფლება არაა უფლებამოსილი გადასცეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა მეზობელ სახელმწიფოს იჯარით სარგებლობაში.
პოლიტიკოსები და გარემოსდამცველები, ასევე რიგითი მოქალაქეები შეშფოთებულები არიან ქვეყნის სამხრეთით მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მეზობელი ირანისთვის იჯარით გაცემის თაობაზე.
გარიგების მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ მინიმალური მოგების სანაცვლოდ მაღალი რისკის ქვეშ დგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება. სხვები მიიჩნევენ, რომ თუ ფერმერები, რომლებიც ამ მიწებით სარგებლობას აპირებენ, არიან ირანში მაცხოვრებელი ეთნიკური აზერბაიჯანელები, ამით სომხეთს დამატებითი საფრთხეები შეექმნება.
ხელშეკრულებას ხელი მოეწერა იანვარში, თუმცა ფართო საზოგადოებისათვის ამის შესახებ ცნობილი გახდა გარემოსდამცველი ორგანიზაცია „ეკოლურის“ საშუალებით და ისიც მხოლოდ მომდევნო თვეს.
შეთანთმების თანახმად სიუნიკის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება 10 წლიანი იჯარით გასცემს 520 კვ. კმ ფართობის მიწას წელიწადში 1.3 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ.
სიუნიკის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელი სამველ ტანგიანი აცხადებს, რომ ამ გარიგების საშუალებით საძოვრები, რომლებიც უკვე 20 წელზე მეტია გამოუყენებელია, 50-60 სოფლის თემს შემოსავლის წყაროს გაუჩენს.
„რასაკვირველია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება თითოეული სოფლის საბჭოს მიერ,“ – აცხადებს ტანგიანი. „თუ მათ ამის სურვილი არ ექნებათ, მიწა იჯარით არ გაიცემა. მათ ვერავინ აიძულებს ამის გაკეთებას. ხოლო, თუკი მიწის იჯარით გაცემა მოხდება, მაშინ ფული სოფლების ბიუჯეტს შეემატება.“
ერევანში გარიგების სქემას საყოველთაო წინააღმდეგობა მოჰყვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამსახურის უფროსი აშოტ ჰოვანისიანი ამ გეგმის სასტიკი წინააღმდეგია.
„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენი საძოვრების უცხოელი ფერმერებისთვის გადაცემას. საძოვრები სიუნიკის რაიონში მეცხოველეობის განსავითარებლად უნდა გამოვიყენოთ,“ აცხადებს ჰოვანესიანი.
მისივე თქმით, უკეთესი იქნება თუ მოხდება ადგილობრივი ფერმერებისთვის დახმარების გაწევა რათა მათ თავად შეძლონ უფრო მეტი თავი ცხვრის გაზრდა და შემდეგ ირანში ექსპორტზე გატანა.
სომხეთის იუსტიციის მინისტრის ჰრაირ თოვმასიანი აცხადებს, რომ გარიგებას არ აქვს იურიდიული ძალა ორი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებას აქვს უფლება გასცეს იჯარით მიწა ღია ტენდერის ჩატარების გარეშე, და მეორე, საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომელიც იდება ორ ქვეყანას შორის და შესაბამისად ის უნდა იყოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი.
„ეს პროცედურები არ იყო დაცული და შესაბამისად დოკუმენტი, რომლის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ არ წარმოადგენს კანონიერ ან სახელმწიფოთა შორის დადებულ შეთანხმებას. შესაბამისად, არც ერთ მხარეს არ აკისრია არანაირი ვალდებულება შეთანხმების შესასრულებლად,“ განაცხადა მინისტრმა.
ოპოზიციური პარტია დაშნაკცუტუნის წარმომადგენელმა აღვან ვარდანიანმა საკითხი პარლამენტში წამოჭრა და მისი გასაიდუმლოება დაგმო.
„თუ მიწის იჯარით აღება ასე მომგებიანია ირანელებისთვის და თუ ჩვენ ამდენი თავისუფალი საძოვარი გვაქვს, რატომ ჩვენ თვითონ არ გამოვყოფთ სუფსიდიებს მიწის დასამუშავებლად ან რატომ არ ვაძლევთ ფერმერებს იაფ სესხებს?“ – განაცხადა მან. „რატომ ვერ ავითარებენ მეცხოველეობას ჩვენი ფერმერები და ბიზნესმენები?“
ირანში დაბადებული ეთნიკურად სომეხი გარემოსდამცველი აქტივისტი სარმან შაჰიჯანიანი ამ გარიგებას რამოდენიმე მიზეზის გამო ეჭვქვეშ აყენებს.
სიუნიკის რაიონი ესაზღვრება ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციას, რომლის მოსახლეობაც თურქული ენის იმავე დიალექტზე საუბრობს, რომელზეც სომხეთის უძველესი მტერი აზერბაიჯანი.
„ჩვენ ვაძლევთ სიუნიკის რაიონის ტერიტორიის 11% თურქულ ენაზე მოლაპარაკე ხალხს, ათი წლის შემდეგ ისინი არსად აღარ წავლენ,“ – განაცხადა მან.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების ცენტრის მკვლევარმა ვაჰრამ მირაკიანმა უკმაყოფილება სურათის უფრო ზოგადი შეფასებით გამოხატა.
„ეს არის 50 000 ჰექტარი მიწა, 10 000 სული ცხვარი და 2 000 ირანელი მეცხვარე,“ – განაცხადა მან. „თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მუსლიმები აქ თავიანთი ოჯახებით ჩამოსახლდებიან საბოლოო ჯამში სიუნიკის რაიონში 10 000 ირანელი დასახლდება განუსაზღვრელი ვადით.“
ირანის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში მოჰამედ რეისი აცხადებს, რომ გარიგების მოწინააღმდეგეების შეფასებები გადააჭარბებულია.
„ეს არ დააზიანებს სომხეთს. მე გთავაზობთ ამ პროექტის განხორციელებას,“ – აცხადებს ის.
სოფელი ბრნაკოტი არის ერთ-ერთი იმ სოფელთაგანი, რომელსაც შეუძლია მიწის იჯარით გაცემა. მის მფლობელობაშია ათობით კვადრატული კილომეტრი მიწის ფართობი რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იყენებს იმის გამო, რომ ის ესაზღვრება ნახიჩევანს, აზერბაიჯანის რეგიონს, რომელიც დანარჩენი ქვეყნისაგან სომხეთის ტერიტორიით არის გამოყოფილი.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კვლავაც დაძაბულია მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტის გამო. ომი დასრულდა 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმებით, თუმცა მხარეებს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება არ არის მიღწეული და ორივე ქვეყნის საზღვარზე მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია, პერიოდულად ადგილი აქვს სროლებსაც.
სოფელ ბრნაკოტის სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ატომ არაკელიანი პროექტის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ჩამოვიდნენ და ჩამორეკონ თავიანთი საქონელი. მერე ხომ ისევ წავლენ, ბოლოს და ბოლოს სოფელს რაღაც თანხა გაუჩნდება და ჩვენ სხვა პრობლემების მოგვარებას შევძლებთ,“ – ამბობს ის. „ამ მიწას ჩვენ მაინც ვერაფერში ვიყენებთ და არც ვიცით შევძლებთ თუ არა ოდესმე მის გამოყენებას.“
გაიანე მკრტიჩიანი ArmeniaNow.com ინტერნეტ გამოცემის რეპორტიორია.