ორმხრივი სასამართლო სარჩელები არა მარტო იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობას ასახავენ, არამედ მეორე მხარის ხარჯზე ქულების დაგროვების პოლიტიკურ ნებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აზერბაიჯანსა და სომხეთის კონფლიქტის ახალი ასპარეზი გახდა, რომელშიც ყოველი მხარე სასტიკი მოპყრობისა და დისკრიმინაციის ბრალდების შემცველ ასობით კერძო სარჩელს აღძრავს.
ორი ქვეყნის ურთიერთობა მთიანი ყარაბაღის სტატუსის გამო დაძაბული რჩება, სადაც ეთნიკურმა სომხებმა თავიანთი სახელმწიფო გამოაცხადეს. მაგრამ რეგიონის დამოუკიდებლობა არ აღიარა არცერთმა სახელმწიფომ და აზერბაიჯანი დაჟინებით აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი მისი ტერიტორიაა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შეთანხმების არარსებობის გამო, ორივე მხარე ერთმანეთის წინააღმდეგ იურიდიული ბატალიების მოგებით, პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს.
სარჩელები, რომლითაც ევროპულ სასამართლოს მიმართავენ, ძირითადად ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, ან ქონების დაკარგვას ომის დროს, რომელიც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა, მაგრამ ახალი მოსარჩელეების დაუსრულებელი ნაკადი იურისტებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
ორი საქმის – ”ჩირაგოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ” და ”სარქისიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ” – წინასწარი მოსმენები სტრასბურგში ერთსა და იმავე დღეს დაინიშნა, სექტემბრის ბოლოს და პრაქტიკულად ერთმანეთის სარკისებური ანარეკლია. ორივე შემთხვევაში, მოსარჩელეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მუხლების მიხედვით, რომელიც იძლევა საკუთარი ქონების განკარგვის, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის და ასევე სამართლიან სასამართლო გარჩევის გარანტიას და კრძალავს დისკრიმინაციას.
”სარქისიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ” ასევე შეიცავს საჩივარს არაჰუმანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, ასევე აღმსარებლობის თავისუფლების წართმევის შესახებ, ეს უკანასკნელი კი შეეხება აზერბაიჯანში სომხური საფლავების წაბილწვას.
მოსარჩელე მინას სარქისიანი უკვე გარდაიცვალა, თუმცა მისი ქვრივი საქმეს აგრძელებს.
არსებობს მრავალი საქმე, რომლებშიც აზერბაიჯანელები და სომხები აცხადებენ, რომ მეორე მხარემ ისინი აზარალა.
აზერბაიჯანულ მხარეს ბევრს აშფოთებს ის, რომ ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა ყარაბაღის ომის დროს საკუთარი სახლი დაეტოვებინა და უკან დაბრუნება დღემდე არ შეუძლიათ.
ახმედ შირინოვი ახლა 71 წლის არის, მან ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი კერძო ქონების დაკარგვის გამო აღძრა, როცა ის იძულებული გახდა ჯებრაილის რაიონში მდებარე სახლი დაეტოვებინა, 1993 წელს სომხური ჯარების თავდასხმის შემდეგ.
”სომხებმა სახლი და ფერმა დამინგრიეს და ნახირი გამინადგურეს. ყველა შენობა ჩემი ხელით იყო აგებული და ყველაფერი ერთ დღეში დავკარგე. ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ამიტომ გადავწყვიტე, საერთაშორისო სასამართლოს მივმართო”, – განაცხადა მან.
საკუთრების უფლების დამტკიცება ბევრი ადამიანისთვის იქნება რთული, რომლებიც როგორც შირინოვი, იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები ისე ნაჩქარევად დაეტოვებინათ, რომ პირადი დოკუმენტების წამოღებაც ვერ მოასწრეს.
ტეიუბ ბაბაევი ასეთსავე მდგომარეობაში მას შემდეგაღმოჩნდა, რაც 1988 წელს სომხურ ქალაქ კაპანიდან ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ურთიერთობის გაფუჭების გამო გაიქცა.
ვინაიდან ის სომხეთში ცხოვრობდა და არა ყარაბაღში, ან მის მოსაზღვრე რაიონში, რომელსაც ”სომხები აკონტროლებენ”, თუ საქმეს საერთაშორისო სასამართლო განიხილავს, ბაბაევს მხოლოდ კომპენსაციის მიღების იმედი შეიძლება ქონდეს.
”იძულებით გადასახლებულებს იმედი აქვთ, ადრე თუ გვიან, ისინი სახლებში დაბრუნდებიან – თუ თავად არა, მათი შვილები, ან შვილიშვილები მაინც. მაგრამ ჩვენ, სომხეთიდან დევნილები, ვერასოდეს დავბრუნდებით საკუთარ სახლებში”, – განაცხადა მან.
სომხეთში არტურ ბადალიანის საქმესთან დაკავშირებით დიდი ინტერესი აქვთ. მისი ადვოკატები კომპენსაციის მიღებას საერთაშორისო სასამართლოს გზით ცდილობენ, და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის ორწლიან უკანონო ტყვეობასა და წამებაში ადანაშაულებენ ამა წლის მარტამდე, როცა ის გაათავისუფლეს.
ბადალიანი აცხადებს, რომ მაშინ დააკავეს, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი უნებურად გადაკვეთა.
”მათ უნდოდათ სომხური ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე ინფორმაცია მიმეწოდებინა. ამაზე უარი განვაცხადე. მათ მცემეს, ფეხებზე ისე მირტყამდნენ, რომ ფეხზე დგომა და სიარული არ შემძლებოდა, ინფორმაციის მიღებას ელექტროშოკითაც ცდილობდნენ”, – განაცხადა მან.
ბოლოს და ბოლოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მისი ადგილსამყოფელი გაარკვია და მისი რეპატრიაცია განახორციელა.
მისი ადვოკატი ედმონ მარუკიანმა დაჟინებით მოითხოვს, რომ ”აზერბაიჯანმა სომხეთის მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადოს უკანონო პატიმრობის, წამების და ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების გამო”.
აზერბაიჯანის წარმომადგენლები უარყოფენ ბადალიანის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტს, როცა ის ტყვეობაში იმყოფებოდა.
”დაუშვებელია წამების შესახებ ლაპარაკიც. ბადალიანის განცხადება სრული აბსურდია”, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ თეიმურაზ აბდულაევმა.
თუ ამ საქმეებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო წარმოებაში მიიღებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის მანძილზე ვერ გამოიტანს, რადგან სასამართლო ძალიან ბევრ საქმეს განიხილავს. შეგახსენებთ, საქმე ”ჩირაგოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ” სასამართლოს 2005 წელს გადასცეს, თუმცა პირველი მოსმენა გასული წლის შემოდგომაზე გაიმართა.
როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში, კრიტიკოსები ერთმანეთს საერთაშორისო სასამართლოში საქმის პოლიტიკური მიზნით აღძვრაში ადანაშაულებენ.
სამოქალაქო საზოგადოება ”დევნილები და საერთაშორისო სამართალი” ქსელის ექსპერტმა სომხეთიდან, არმან მელიკიანმა IWPR-ს განუცხადა, რომ სარჩელები, რომელსაც აზერბაიჯანი აღძრავს ”პოლიტიკურად მართულია”, რათა ყარაბაღის გადაუჭრელი კონფლიქტის ახალი საჯარო განხილვა დაიწყოს.
მელიკიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ასეთ საქმეებს დააკმაყოფილებს, ეს ხელს შეუწყობს სომხების მხრიდან სარჩელების ახალ ნაკადს, მაგალითად მათი, ვინც ბაქოდან, ან აზერბაიჯანის სხვა ქალაქებიდან სასტიკი ეთნიკური წმენდის გამო 80-იანი წლების დასასრულს გაიქცნენ.
”თუ საქმეებს, რომლებსაც ბაქოს სომხები აღძრავენ, წარმოებაში მიიღებენ, დადგება საკითხი, როდის იქცა ეს ხალხი დევნილად, ვინაიდან ეს მოხდა არა სამხედრო მოქმედებების დროს 1989-94 წლებში, არამედ უფრო ადრეული ეთნიკური წმენდის დროს, რომელსაც აზერბაიჯანი აწარმოებდა. ნათელი გახდება, რომ ეს პრობლემა ომის, ან სომხეთის მხრიდან აგრესიის შედეგი არ არის”.
საერთაშორისო სასამართლოში სომხური სარჩელის აღძვრასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანშიც ანალოგიური ბრალდებები ისმის.
”სარჩელი, რომლებსაც ევროპის სასამართლოში სომხები აღძრავენ, პოლიტიკური ხასიათისაა. მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია სომხეთს აგრესორად მიიჩნევს და მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა”, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, მმართველი პარტია ”ახალი აზერბაიჯანის” წევრმა მალახატ ჰასანოვამ.
”სომხები ცდილობენ თავი იმართლონ მსოფლიო საზოგადოების თვალში და თავს კონფლიქტის მსხვერპლად ასაღებენ. არ მიმაჩნია, რომ ამ საქმეებს რაიმე აზრი აქვს”.
ორივე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღბით აკვირდებიან სარჩელების განხილვის პროცესს, როგორც საკუთარის, ისე მოწინააღმდეგე მხარისას.
აზერბაიჯანის წარმომადგენელმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩინგიზ ასკეროვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის 600-მა დევნილმა სომხეთის წინააღმდეგ სარჩელები აღძრა და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ყველა საქმე სასამართლოს დარბაზამდე არ მიდის, ვინაიდან მოსარჩელეებს იურიდიული წინააღმდეგობის გადალახვა და აუცილებელი მტკიცებულების წარდგენა უწევთ.
”ამ სფეროში ძალიან ცოტა იურისტი მუშაობს”, – განაცხადა სარესურსო ცენტრის ”დემოკრატია და ადამიანის უფლებები” ხელმძღვანელმა ასამბალი მუსტაფაევმა. ”ყველაფერთან ერთად, თაღლითთა ჯგუფმა დაზარალებულ მოქალაქეებს ევროპის სასამართლოში შესატანი განაცხადის ფორმა მიჰყიდა. ამგვარად შედგენილი დოკუმენტაცია საეჭვოა”.
მოსარჩელეებმა, რომლებიც ქონების დაკარგვის შესახებ აცხადებენ, არა მარტო ის უნდა დაამტკიცონ, რომ ქონებას ფლობდნენ, არამედ ისიც, რომ ეს ქონება ჩამოართვეს. ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება მთიან ყარაბაღში, რომელიც სომხეთის მტკიცებით, სომხეთის ტერიტორიული იურისდიქციის საზღვრებს მიღმა იმყოფება.
”სომხეთის რესპუბლიკის უფლებამოსილება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში არ ვრცელდება და ამიტომ მას არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ განცხადებებზე”.
ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა სჯობს მშვიდობიანი დარეგულირების გზები მოიძიონ, რომელიც ორივე მხარის დევნილთა ინტერესებს გაითვალისწინებს, ვიდრე სარჩელების აღძრა წაახალისონ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.
”არ მიმაჩნია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო – ეს არის დაწესებულება , რომელიც კომპენსაციების გაცემის და დევნილთა დაბრუნების საკითხებს უნდა აგვარებდეს”, – განაცხადა კარნეგის მშვიდობის საერთაშორისო ფონდის წამყვანმა ექსპერტმა თომას დე ვაალმა ვაშინგტონიდან.
”როგორც ცნობილია, კვიპროსში სასამართლოს შეუძლია მიიღოს კერძო სასარჩელო განცხადებები, მაგრამ რეალურად ეს გარკვეულ სირთულეებს იწვევს. რა ვიყოთ დევნილებს, რომლებიც ახლა სხვა გადაადგილებული პირის კუთვნილ ტერიტორიებზე ცხოვრობენ? მაგალითად, რა ვუყოთ შაუმიანის რაიონელ სომეხს, რომელიც შუშაში ცხოვრობს, სახლში, რომელიც ადრე აზერბაიჯანელს ეკუთვნოდა?”
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები თვის ბოლოს ერთმანეთს რუსეთში უნდა შეხვდნენ. რუსი, ამერიკელი და ფრანგი შუამავლები მათ სთავაზობენ საბოლოოდ მოაწერონ ხელი სამშვიდობო პროცესის ძირითად პრინციპებს აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის მიმდებარე რეგიონების ეტაპობრივად დაბრუნების შესახებ, რომელსაც ამჟამად სომხეთი აკონტროლებს. ასევე მთიან ყარაბაღს მიენიჭოს დროებითი სტატუსი რეფერენდუმის ჩატარებამდე.
”დოკუმენტის 6 ძირითადი პრინციპიდან ერთი, რომელსაც პრეზიდენტები ყაზანში განიხილავენ, ყველა გადაადგილებული პირის დაბრუნების უფლებაა”, – განაცხადა დე ვაალმა. ”მიმაჩნია, რომ კომპლექსური მიდგომა, რომელიც შეეხება ყველას, ვინც საკუთარი სახლი კონფლიქტის დროს დაკარგა, უფრო ფართო შეთანხმების აუცილებელი ნაწილია”.
სეიმურ კაზიმოვი, აზერბაიჯანის მედიაცენტრში პროექტების კოორდინატორი. ნაირა ბულგადარიანი, სომხეთში რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი, მასალის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო სარა ხოჯოიანმა, IWPR-ის დირექტორმა სომხეთში.
© ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | iwpr.net
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და აუცილებელი არ არის IWPR-ის ან გამოცემის შეხედულებებს ასახავდეს.
http://iwpr.net/report-news/armenian-azeri-dispute-shifts-european-court